უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა, 2042 წლამდე გაგრძელდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან მარკ ფეიგინთან საუბარში განაცხადა.
ამასთან, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირდება.
„ეს ისტორია იქნება ძალიან გრძელი. გახსოვთ ჩვენი დისკუსია იმის შესახებ, რომ ეს 2035 წლამდე გაგრძელდება, შესაძლოა უფრო მეტ ხანსაც. ეს ომი ამ მნიშვნელობით, ცივილიზაციური მნიშვნელობით. ეს აუცილებლად არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს… ეს შეიძლება იყოს 42 წლამდე, თუმცა უნდა გვესმოდეს, როგორ მოხდება ეს. რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა სთავაზობს ამის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედით მექანიზმებს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
მანამდე, 10 აპრილს არესტოვიჩი საუბრობდა, რომ ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს და ამ პერიოდის განმავლობაში იქნება საომარი შეტაკებები ყოველი ორ ან ხუთ წელში. არესტოვიჩმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის სტატიაზე, რომელშიც მან რუსეთ-უკრაინის მიმდინარე დაპირისპირებას ახალი 30-წლიანი ომი უწოდა. არესტოვიჩის თქმით, ერმაკმა 1914-1945 წლის მოვლენები მეორე 30-წლიან ომად შეაფასა, ასევე მაყურებელს შეახსენა, რომ პირველი 30-წლიანი ომი მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში იყო.
კომენტარები