დღის მანძილზე მივიღეთ სამი ინფორმაცია, ორი კორონავირუსზე და ერთი ნორმების დარღვევაზე, ამ სამიდან, ორი ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. მესამეს მოგიყვებით.
“ალია” არაერთხელ დაუკავშირდა დღეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელთან დაკავშირებაც ძალიან რთული გახდა, მინდა გითხრათ და სთხოვა კომენტარი.
მინისტრის ბრიფინგამდე, სულ რამდენიმე საათით ადრე, გვითხრეს, რომ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, ოფიციალურ კომენტარს კონკრეტულ საკითხებზე დაგვპირდნენ ხვალ – რადგან, თურმე, იმ პირს, ვისაც პასუხები აქვს, დღეს არ სცალია.
ერთ პირს აქვს მხოლოდ პასუხები? ჯიბით დააქვს მაგ ერთ კაცს პასუხები?
მოკლედ, საქმე არის ასე, დღის მანძილზე გვიკავშირდებიან და გვიყვებიან: დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჩინეთიდან, უხანიდან წამოსულმა წყვილმა, ცოლ-ქმარმა. მამაკაცს ჰქვია ჩანგო, წყაროს ინფორმაციით, მათ ბიზნესი აქვთ საქართველოში. გადმოკვეთეს სახმელეთო საზღვარი.
ცოლ-ქმარს მალევე აღმოაჩნდა ტემპერატურა და ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მას შემდეგ, არც ცოლი და არც ქმარი, არავის უნახავს.
წყაროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარს დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. მეტიც, როგორც გვიყვება, ეს წყვილი არ წევს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში, სხვაგან ჰყავთ გადაყვანილი.
ჩვენ მანამდეც მოგვაწოდეს ინფორმაცია და გვითხრეს, რომ სანამ ქართველს არ აღმოაჩნდება ვირუსი, ქართველს, რომელსაც მოძებნიდა ოჯახი და ატყდებოდა ხმაური, მანამდე – არ გვეტყოდნენ საქართველოში კორონავირუსის არსებობის შესახებ.
“ალიამ” ჯანდაცვის სამინისტროს ჰკითხა იმ ოთხ ირანელზეც, რომლებზედაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არა აქვთ კორონავირუსი, თუმცა, მათ ჰქონდათ სიცხე – სად მკურნალობს ახლა ის ოთხი ირანელი, ხომ გაწერეს, სადღაც ხომ აგრძელებენ მკურნალობას და ჯანდაცვის სამინისტრო ხომ ადევნებს თვალყურს? სად მკურნალობენ? – ამ კითხვაზეც ჯერ პასუხი არ გვაქვს.
ისევე, როგორც საკარანტინო სივრცეზე არ არის პასუხი, კარანტინზე, რომელიც გახსნილია სასტუმროში.
იმედია, გამოჩნდება ოდესმე ის ერთი კაცი, ამოიღებს ჯიბიდან ის ერთი კაცი პასუხებს და გვეტყვის.
პ.ს. ესპანეთმა და იტალიამ უკვე შეიმუშავა ინდივიდუალური გეგმა, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ კი ყველა ქვეყანას სთხოვა შეიმუშავეთ ინდივიდუალური გეგმაო.
ჩვენმა მინისტრმა გაიგო ნეტა ამის შესახებ? მუშაობენ ნეტავი გეგმაზე? თუ წაუყრუეს?
ალია
კომენტარები