დეკემბრის ბოლოს უკვე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი ახალ ვირუსს ებრძოდა… იანვრის პირველ დღეებში უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზეც გადადიოდა, მაგრამ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციას, იმედი ჰქონდა, რომ ვირუსი არ გავრცელდებოდა მასობრივად, ან თუ გავრცელდებოდა, არ იქნებოდა ასეთი მასშტაბური.
ევროპის რამდენიმე ქვეყანა ახლა უკვე იმაზე საუბრობს, რომ სინამდვილეში, ვირუსი ჩინეთიდან ევროპაში უკვე დეკემბერშივე გავრცელდა, დეკემბერში აღებული სისხლის ნიმუშების თავიდან გადამოწმებისას, რამდენიმე კლინიკამ დაადგინა, რომ პაციენტს, რომელიც მათთან 2019 წლის ბოლოს პნევმონიით იწვა, სინამდვილეში კორონავირუსი ჰქონდა.
მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, წერს, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში იგი იყო კორეაში, სადაც ყველას ავსებინებდნენ კითხვარს და უსინჯავდნენ ტემპერატურას, ვისაც ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა, ბორტზე არ უშვებდნენ.
საქართველოში ბევრი წერს, რომ ისინი ამ ვირუსის მსგავსი სიმპტომებით იყვნენ ავად, ჯერ კიდევ დეკემბერში და იანვარში.
რამდენმა გადაიტანა სინამდვილეში უკვე ვირუსი – ამას მაშინ გავიგებთ, თუ სწრაფ ტესტებს მასობრივად ჩავატარებთ – რადგან, მხოლოდ ანტისხეულებზე კვლევითაა შესაძლებელი იმის დადგენა, გადავიტანეთ თუ არა ვირუსი.
იანვარში ე.წ. გრიპის ბევრი შემთხვევა იყო ქვეყანაში, იმდენად ბევრი, რომ მოსახლეობა სწავლის გადადებაზე საუბრობდა, თუმცა,
14 იანვარს, ბატონმა პაატა იმნაძემ განაცხადა: „სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია“
19 იანვარს – ჯანმო ეპიდემიაზე გვაფრთხილებს, აშშ-მ, ტაილანდმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა და მალაიზიამ ჩინეთიდან ჩასული მგზავრების აეროპორტში შემოწმება დაიწყეს.
20 იანვარსვე ამირან გამყრელიძე აკეთებს განცხადებას და ამბობს – „საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს!”
21 იანვარს გამოცემა „ჯანმრთელობა“ წერს რუსეთში და ევროპაში გავრცელებულ ვირუსზე, რომელიც მეტწილად ბავშვებში აღინიშნება და მისი სიმპტომებია გამონაყარი, სახეზე და კიდურებზე, იგი სწრაფად ვრცელდება და ვირუსის სახელია – კოქსაკი! – დიახ, ეს ის ვირუსული ინფექცია, რომელზედაც, ახლა, მაისის დასაწყისში საუბრობენ აშშ-ს და ევროპის ეპიდემიოლოგები, რომ შესაძლოა, მის პროვოცირებას კორონავირუსი ახდენს.
22 იანვარს ჯანმო უკვე ამბობს, რომ ვირუსმა შესაძლოა განიცადოს მუტაცია და სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ ყველა ქვეყანას მოუწოდებს სიფრთხილისკენ.
საქართველოში იგივე დღეს, პაატა იმნაძე ამბობს: „ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს“
და ქვეყანამ, რომელსაც არ სურდა დამსგავსებოდა ჩრდილოეთ კორეას, იმავე დღეს, 22 იანვარს, შემოღობა პარლამენტის შენობა – შემოარტყა რკინის კონსტრუქცია და გადააფარა მწვანე ქსოვილი – ამით ვირუსი ვერა, მაგრამ კარვების დადგმა აღვკვეთეთ, ვითარცა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, აბა, ჩრდილოეთ კორეას ხომ არ დავემსგავსებოდით?
23 იანვარს გრიპით ზუგდიდში 22 წლის გოგო იღუპება… ეს არ არის წელს გრიპით ერთადერთი დაღუპული, მედიკოსები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.
23 იანვარს პირველად კეთდება განცხადება, რომ იგეგმება საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროში შეხვედრა, იმის დასადგენად, ხომ არ არის საჭირო ზომების გამკაცრება.
23 იანვარსვე ჩინელი ბიჭი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა ვირუსისგან, ჰყვება, რომ მხოლოდ თავის ტკივილი აწუხებდა, როცა კლინიკაში მივიდა და მას 24 დეკემბერს დაუდასტურეს ვირუსი.
ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიწყვეტია ფრენა ჩინეთთან.
იგივე 23 იანვარს, ექიმი და დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, ითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ დეპუტატებს სენატორები დავუძახოთ.
23 იანვარს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრი სამყაროს აფრთხილებს, რომ მყინვარიდან ყინულის ორი ნიმუში (კერნი) აიღეს და მასში 33 ჯგუფი იპოვნეს, აქედან აქამდე უცნობ ვირუსთა 28 ჯგუფი აღმოჩნდა. ყინულის დნობამ შეიძლება გარემოში გამოათავისუფლოს პათოგენები.
23 იანვარს ამირან გამყრელიძე გვირჩევს მოვერიდოთ უხანში მოგზაურობას და ჯერ კიდევ არ არის საუბარი მთელ ჩინეთზე.
24 იანვარს ჩინეთში მცხოვრები ქართველი ლექტორი, გაიოზ წუწუნაშვილი ჩინეთში შექმნილ საგანგებო მდგომარეობაზე გვიყვება „არმია ჩადგა ქუჩებში“ და გვაფრთხილებს ვირუსზე, რომელიც სწრაფად ვრცელდება.
ნანკინ ლუკოუს საერთაშორისო აეროპორტში კი მშობლებმა შვილი, რომელსაც სიცხე ჰქონდა და ბორტზე არ აუშვეს, უბრალოდ აეროპორტში დატოვეს.
24 იანვარსვე ვრცელდება საქართველოში ჩამოფრენილი ჩინელი მგზავრის ინტერვიუ, ის ძალიან გაოცებულია, რომ საქართველოს აეროპორტში არავინ შეამოწმა და თავისუფლად მისცეს ქვეყანაში შემოსვლის საშუალება.
25 იანვარს ქართველი ექიმი და პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი პირველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთიდან გამოსაღწევად ადამიანები სიცხის დამწევს სვამენ და ისე ადიან ბორტზე და ითხოვს, საქართველოში ჩამოსული მგზავრები და მათი ბარგიც კი შემოწმდეს, საეჭვო სიმპტომების მქონე კი გაბრუნონ უკან, ან გადაიყვანონ კარანტინში.
25 იანვარს დღის მეორე ნახევარში, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეემოწმებინა ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრები, ხოლო რაც შეეხება ჩინეთიდან ჩამოსულ ტვირთებს, თქვა, რომ ტვირთი უსაფრთხოა.
თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ შეამოწმა ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩინეთმა გააუქმა ფრენა საქართველოსთან 25 იანვარს! ქართული მხარე გაოცებული გვპასუხობს, რომ არ იცის, რატომ გააუქმა ფრენა ჩინეთმა.
26 იანვარს აშშ უხანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს.
პირველად „ალია“ წერს, 26 იანვარს, რომ საჭიროა ექიმების გადამზადება, აღჭურვა, დეზინფექციის ჩატარება მათი ტანისამოსისთვის. პირველად ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჭიროა კლინიკის მოწყობა სპეციალურად კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტებისთვის, პირველად, ჯერ კიდევ 26 იანვარს, ზუსტად „ალიას“ გვერდიდან ითხოვენ ექიმები, რომ შეწყდეს ტვირთები ჩინეთიდან, გადამზადდენ ექიმები, მოემზადოს ქვეყანა, გამზადდეს საკარანტინე სივრცეები და მომზადდეს რამდენიმე სპეციალიზირებული კლინიკა.
პირველად, 26 იანვარს, სწორედ „ალიას“ მკითხველმა ნახა, როგორ ამოწმებენ ჩინეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში აეროპორტში მგზავრებს და როგორ ამოწმებენ საქართველოში – საქართველოში, აეროპორტში მდგომ ექიმს, პირბადეც კი ნიკაპზე უკეთია – არ არის გადამზადებული, უცხოეთში კი, სპეციალური ეპიკირებით ამოწმებენ ადამიანებს.
26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრო „ალიაში“ გასულ ინტერვიუს პასუხობს და გვეუბნება, რომ საქართველო მწვანე ზოლშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
27 იანვარს, ამირან გამყრელიძეც გვპასუხობს და ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს არა აქვთ ექიმისთვის დაცვის საშუალება, აქვთ და როცა ვირუსის გამოვლინდება, მერე გამოიყენებენ.
27 იანვარს „ალია“ კვლავ ექიმის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ არ არიან დაცულები და ეს სპექტაკლია და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიწყონ ექიმების გადამზადება და კლინიკების მომზადება.
პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ როგორღაც მოახერხა და 25 იანვარს შეწყვეტილი ფრენა აღადგინა ჩინეთთან, იმ ჩინეთთან, რომელთანაც ქვეყნების უმეტესობას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა ფრენა და 27 იანვარს ამაყად გამოაცხადეს, რომ ფრენა ჩინეთთან შეუფერხებლად გაგრძელდება და ეს მაშინ, როცა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი გაბრიელ ლიუნგი უკვე საუბრობს, რომ ეს ვირუსი გლობალურ პანდემიად იქცევა.
არ ცხრება მოქალაქეების აღშფოთება და „ალია“ უამრავ წერილს აქვეყნებს, სადაც ადამიანები ითხოვენ შეწყდეს ფრენა ჩინეთთან და ჩინეთიდან პროდუქციის შემოტანა.
პასუხად, იგივე 27 იანვარს საქართველომ შეწყვიტა ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის იმპორტი, იმავე დღეს სომხეთმა შეწყვიტა ნებისმიერი ჩინური ნედლეულის იმპორტი, მეტიც, სომხეთმა შეწყვიტა ჩინური ნედლეულის იმპორტი ევროპიდანაც კი, არათუ ჩინეთიდან.
28 იანვარს ცნობილი ხდება, რომ ბაკურციხეში ქალბატონი, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა, ვირუსის სიმპტომებითაა, ოღონდ, სანამ მედიამ არ გააჟღერა ეს ინფორმაცია, იგი მხოლოდ ადგილობრივმა ექიმმა გასინჯა და პაატა იმნაძემ კი ანალიზის აღების გარეშე გვითხრა, რომ ეს ქალბატონი ჩინეთის სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა და არა უხანიდან, ამიტომ მას ვერ ექნება ვირუსი.
28 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის, მა სიაოვეი გვაფრთხილებს, რომ ვირუსი მიდის უსიმპტომოდ და შეიძლება ისე გადავდოთ ერთმანეთს, არც ვიცოდეთ, თუ გვჭირს, მიუხედავად ამისა, საქართველო ისევ სიცხის გაზომვით შემოიფარგლება და ჯერ კიდევ არ არიან აღჭურვილნი ექიმები სრული ეპიკირებით.
29 იანვარს ფოთში შემოდის გემი ჩინეთიდან და საქართველოში 4 დღე რჩება.
და როგორც იქნა, მთავრობის დადგენილებით შეწყდა ფრენა ჩინეთთან ერთი თვით, 29 მარტამდე.
იმავე დღეს, 29 მარტს, პარლამენტი მსჯელობს კანონპროექტზე – 50-ლარიანი ჯარიმა ძაღლის ყეფაზე.
29 იანვარს საქართველოს მთავრობა ზომებს „ამკაცრებს“ – საქართველო ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, ცოცხალი ცხოველების რეექსპორტს და ტრანზიტსაც კრძალავს და ისევ არაფერს ამბობს, სხვა ტვირთებსა და ნედლეულზე.
მიუხედავად იმისა, რომ 29 იანვარს პრემიერმა თქვა, რომ უკვე შეწყდა ფრენა ჩინეთთან, 30 იანვარს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 30 იანვარს საქართველოში ჩინეთის 110 მოქალაქე ჩამოფრინდა და ისინი შეამოწმეს, თერმოსკრინინგით.
ხო, თერმოსკრინინგი კორონავირუსის მიერ მოტანილი სიტყვებიდან ერთ-ერთია და ნიშნავს ტემპერატურის გაზომვას.
26 იანვარს „ალია“ ითხოვდა საკარანტინე სივრცეების შექმნას, თუმცა, გამოაცხადეს, რომ რაც საჭიროა ის კეთდება და რაც არ კეთდება, ე.ი. არ არის საჭირო – 30 იანვარს, საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან თურქეთმა გამოიყვანა და თურქეთშივე გადაიყვანა კარანტინში – ჩვენ ამ დროისათვისაც არ გვაქვს საკარანტინე სივრცე.
პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს არაერთ ინფორმაციას, როგორ გადაიყვანა აეროპორტიდან ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში.
ვრცელდება კადრები, როგორ გადაჰყავთ ეკიპირების და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ჩინეთის სიცხიანი მოქალაქეები კლინიკაში, მეტიც, მასთან ჟურნალისტებს ახლოს უშვებენ და სიცხიან მამაკაცს კი, პირბადეც არ უკეთია.
30 იანვარს იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ვირუსის გავრცელება.
31 იანვარს ჯანმომ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იგივე დღეს სოც. ქსელის მომხმარებელი, ზურაბ კობახიძე წერს, რომ საქართელოში კორონავირუსის 5 შემთხვევაა უკვე დადასტურებული ლაბორატორიულად, მაგრამ მალავენ.
31 იანვარს „ალიაში“ ქვეყნდება კიდევ ერთი ექიმის ინტერვიუ, სადაც თხოვენ სახელმწიფოს დაიწყონ ტესტების შემოტანა და ექიმების გადამზადება, დაიწყონ ბოქსირებული პალატების რიცხვის ზრდა და აღჭურვონ ექიმები.
1 თებერვალს პაატა იმნაძე გვმოძღვრავს, რომ პანიკა ცუდია – „ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა“
იგივეს იმეორებს ამირან გამყრელიძეც – „ნუ აჰყვებით პანიკას!“
ვრცელდება ხმოვანი შეტყობინება სოციალურ ქსელში, რომ საქართველოში უკვე არის ვირუსის დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ მალავენ.
1 თებერვალს უხანიდან საქართველოს 2 მოქალაქე გადაგვყავს საფრანგეთში და ისინი საფრანგეთშივე გადიან კარანტინს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკარანტინე სივრცე.
2 თებერვალს ილია მეორე ავრცელებს განცხადებას: „ზოგიერთმა მას სიკვდილის ვირუსი შეარქვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი“
პარალელურად უკვე აკეთებენ განცხადებებს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები, რომ არ შეიძლება ამ ვირუსს დავარქვათ სასიკვდილო ვირუსი.
2 თებერვალს თბილისის აეროპორტიდან კიდევ ერთი ჩინეთიდან ჩამოფრენილი მოქალაქე გადაიყვანეს სიცხით კლინიკაში.
3 თებერვალს რუსეთი ჩინეთიდან თავისი მოქალაქეების გამოყვანას იწყებს.
3 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „ის სამი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა დარჩენილიყვნენ ჩინეთში, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ფსიქოლოგიურადაც და კარგი იქნება, თუ საქართველოს მოქალაქეები მათ რამენაირად გაამხნევებენ და გვერდში დაუდგებიან. ჩვენი ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა გაზაფხულამდეა შეჩერებული“
3 თებერვალი ამირან გამყრელიძე – „თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“
5 თებერვალს ენმ აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ აქციებს დედაქალაქშიც და რაიონებშიც.
6 თებერვალი – ჩინელი ექიმი, რომელმაც პირველმა გააფრთხილა ვირუსზე მსოფლიო – გარდაიცვალა კორონავირუსით.
8 თებერვალს ოფიციალური ვერსიით, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 5 თვის ფეხმძიმე 29 წლის ქალი, რომელის მდგომარეობაც 3 დღეში დამძიმდა და მას ჰქონდა სუნთქვის გაძნელება და ორმხრივი პნევმონია.
9 თებერვალს ის სამი მოქალაქე, რომელზედაც 3 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრო საუბრობდა, რომ ძალიან უჭირთ – საქართველოში დააბრუნეს.
11 თებერვალს ჯანმო კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს მოსალოდნელ დიდ საფრთხეზე კორონავირუსის სახით.
13 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა დიაგნოსტირების პროცესი შეცვალა, არ დაელოდება ანალიზის პასუხს და კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუტარებს პაციენტს, რადგან მაშინაც კი თუ ინფიცირებულს არა აქვს სიმპტომი, ტომოგრაფიით, ფილტვზე მაინც გამოჩნდება ვირუსის კვალი.
14 თებერვალს სოციალური მუშაკები, რომლებიც მინისტრმა ტიკარაძემ დაითხოვა – აქციას აწყობენ.
14 თებერვალს ბათუმშიც იმართება საპროტესტო აქცია სლოგანით – “ბათუმის მერი, 40 დაქალთან ერთად, პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა”.
15 თებერვალს, ილია მეორე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს: „შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს“
18 თებერვალს თბილისში აქციები ისევ გრძელდება და პარლამენტარებს შენობაში შესვლამდე დეპუტატებს უწევთ მოსმენა შეძახილის – მონა, მონა…
18 თებერვალს ისევ ჩინეთიდან გვაფრთხილებენ, რომ ფული ვირუსის გადამტანია.
21 თებერვალს როგორც იქნა, საქართველოშიც მოეწყო საკარანტინე სივრცე და ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 30 მოქალაქე იქ გადაგვყავს.
22 თებერვალს ისევ ჯანმო გვაფრთხილებს, რომ ვირუსის შეჩერება შეუძლებელი ხდება.
22 თებერვალს მომღერალი თემურ თათარაშვილი სწუხს, რომ იტალიაში ქართველები მის კონცერტს არ დაესწრენ და ამაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.
22 თებერვალს იტალიაში კორონავირუსით უკვე 2 ადამიანი გარდაიცვალა და ორივე გარდაცვალება 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.
22 თებერვალს ცნობილი ხდება, რომ ვირუსი ირანის ყველა ქალაქშია უკვე გავრცელებული.
23 თებერვალს საქართველომ შეწყვიტა ფრენა ირანთან.
და მხოლოდ 24 თებერვალს ამბობს ამირან გამყრელიძე, რომ ჩვენც რისკ ჯგუფში ვართ და აღარ ვართ მწვანე ზონაში, ოღონდ ამბობს, რომ ჩინეთზე მეტ საფრთხეს ირანი წარმოადგენს. არადა, ჯერ კიდევ 22 თებერვალს იყო ცნობილი, რომ ირანის ყველა ქალაქში იყო ვირუსი გავრცელებული.
24 თებერვალს პაატა იმნაძე ამბობს, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა – ყვირის – “კორონავირუსი არ არის სასიკვდილო დაავადება, არ არის საპანიკო”
24 თებერვალს „ალიაში“ იბეჭდება ქუთაისელი ექიმის ინტერვიუ, სადაც ის გვიყვება, რომ უწევს პაციენტი, რომელსაც აქვს კორონავირუსის სიმპტომი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო არ აძლევს ნებართვას ან კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღოს, ან ანალიზი აუღოს. ის საუბრობს იმაზეც, რომ ე.წ. საკარანტინო სივრცეები მოუწყობელია და საერთო ვენტილაციის სისტემა აქვთ, რაც დაუშვებელია. ექიმი ითხოვდა, ყველა პაციენტს, რომელსაც სიმპტომები ჰქონდა, ჩატარებოდა ტესტი და ჯანდაცვის სამინისტროს ამის ნებართვა მიეცა მათთვის.
25 თებერვალს „ალიაში“ დაიბეჭდა ევროპაში მცხოვრები ქართველი ექიმის, გიორგი მანჯავიძის ინტერვიუ, სადაც ის გვიყვებოდა, რომ საქართველოში დაუდასტურდა უკვე პაციენტს კორონავირუსი, მაგრამ არ ასაჯაროებენ ფაქტს. ის ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია პოლიტიკოსმა მიაწოდა.
იმავე დღეს კიდევ ერთი ხმაურიანი აქცია იყო ივანიშვილის სახლთან.
26 თებერვალს დილით ცნობილი გახდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შიდსის განყოფილებას ცლიდნენ და შენობას ამზადებდნენ კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტებისთვის. თუმცა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ადასტურებენ, რომ ინფიცირებული უკვე გვყავს.
26 თებერვალი იმითიც იყო გამორჩეული, რომ ფინანსთა მინისტრმა გვირჩია, ლარის საქმეში არ ჩავერიოთ – „ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება, ხელოვნური ჩარევისგან თავი შევიკავოთ“
და 26 თებერვალს, მხოლოდ 22 საათზე დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად, რომ გვყავს პირველი ინფიცირებული. მინისტრმა გვითხრა, რომ უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, თუმცა, იქვე თქვა, რომ არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ სკოლებში სწავლა შეწყდეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღით სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
და 27 თებერვალს, მხოლოდ 27 თებერვალს შეიზღუდა სახმელეთო მიმოსვლა ირანთან.
იმავე ღამით გავრცელდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ფოტო, როგორ იმარაგებს პროდუქტს, იმ ფონზე, როცა მთავრობა გვირჩევდა, არ ავყოლოდით პანიკას და არ გვეყიდა ბევრი პროდუქტი.
28 თებერვალი – ამირან გამყრელიძე – აცხადებს რომ იტალიაში ნამყოფ ბავშვებს ბაღში არ უშვებენ და ეს დისკრიმინაციაა. „ალიას“ გარდა ისევ არავინ საუბრობს იმაზე, რომ იტალიიდან ჩამოსულმა ადამიანმა კარანტინი უნდა გაიაროს!
28 თებერვალს გამყრელიძე კოლეგებს ურჩევს, არ წავიდნენ კონფერენციებზე უცხოეთში.
28 თებერვალს მილანიდან 97 მგზავრი ჩამოფრინდა და ყველანი სახლებში გაუშვეს – ჯერ ისევ არ გადაჰყავთ კარანტინში.
29 თებერვალს ბანკის თანამშრომელი, რომელიც რისკ ჯგუფის გამო გადაიყვანეს იზოლაციაში, „ალიას“ გვწერს, რომ სიცხე აქვს და ექიმს ითხოვს უკვე 24 საათია და ის არ მოდის. მასალის გასვლიდან მალევე, ეს პირი, გადაიყვანეს კლინიკაში და კვლევებიც ჩაუტარდა.
29 თებერვალს არაერთი ადამიანი უკავშირდება „ალიას“ და გვიყვებიან, რომ ისინი ევროპიდან ჩამოფრინდნენ, მაგრამ აეროპორტში არავის შეუმოწმებია.
ილია მეორე – „კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.
2 მარტს პატრიარქმა განაცხადა, რომ მას ხილვა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, უკვე იცის რომ ქვეყანა ამ ვირუსს მარტივად გადაიტანს.
და მხოლოდ 2 მარტს გამოჩნდნენ პირველად სასწრაფო დახმარების ექიმები სპეციალური აღჭურვილობით, ოღონდ, დღეის მდგომარეობითაც კი, ისინი ყველა გამოძახებაზე არ მიდიან ამ აღჭურვილობით, მხოლოდ „საეჭვო“ გამოძახებაზე! როგორ უნდა მიხვდნენ უსიმპტომო პაციენტთან „საეჭვო“ გამოძახებას, ეს ჯერ კიდევ უცნობია.
5 მარტს კიდევ ერთ უცნაურ განცხადებას აკეთებს მინისტრი ტიკარაძე – საჯარო ბაღები არ იმუშავებს, მაგრამ ჯერ ისევ იმუშავებს კერძო ბაღები – თითქოს, ვირუსმა კერძო და საჯარო იცოდეს.
5 მარტი, პაატა იმნაძე – „ვირუსისთვის თავის არიდების ერთადერთი გზა შეგნება და თვითიზოლაციაა.“
6 მარტს კი ცნობილი ხდება, რომ იტალიიდან ჩამოვიდა ამირან გამყრელიძის შვილის კოლეგა, სიცხიანი მივიდა სამსახურში და გადასდო რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, ამირანის ვაჟს, ნიკოლოზს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ნიკოლოზ გამყრელიძემ იცოდა, რომ მისი თანამშრომელი იტალიიდან ჩამოვიდა.
ამ ფაქტის შემდეგ, პაატა იმნაძეს, კარგა ხანს აღარ უხსენებია – შეგნება!
და ამ დღეებში პირველად ვიგებთ რას ნიშნავს კლასტერი!
ამ პერიოდიდან აღდგომამ ყველაფერი მიდის ჩვეულ რეჟიმში, არ გვინდა პანიკა, 5 000 მდე საწოლი გვაქვს და უამრავი სასუნთქი აპარატი, ექიმები მზად არიან, დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ.
და ყოველ ორ კვირაში ველოდებით პიკს, აი, ამ ორ კვირაში, კიდევ ორ კვირაში და კიდევ ორ კვირაში.
17 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს „ალია“ ეკითხება, გადამზადდნენ თუ არა ექიმები და დაურიგდათ თუ არა გაიდლაინები, რაზეც გვპასუხობს – „მზადა გვაქვს გაიდლაინები, დამტკიცდება და დაიწყება მათი გავრცელება“
17 მარტს, ჯანდაცვის მინისტრს ჯერ კიდევ არ აქვს გაიდლაინები დამტკიცებული, ექიმები, გაიდლაინებითაც კი არ არიან გადამზადებულნი – აი, რატომ გვყავს სინამდვილეში ექიმების კლასტერი.
26 მარტს ითხოვდნენ ექიმები „ალიას“ საშუალებით გადამზადებას, 17 მარტს ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული გაიდლაინი. და ისიც საკითხავია, რამდენად საკმარისია გაიდლაინი, მაგრამ მაინც. მართალია, ბოლო დროს იძახიან, ბატონ თენგიზს ვუსმენთო, მაგრამ ფიცი გვწამს და ბატონი თენგიზის მომზადებული გაიდლაინი 17 მარტსაც კი არ იყო ხელმოწერილი და მარტის დასაწყისში რომ რემდესივირი დაასახელა სამკურნალო მედიკამენტად ბატონმა თენგიზმა, სანამ 51 დღის მერე აშშ-ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა არ ახსენა რემდესივირი, მის შემოტანაზე არც კი უფიქრია სამინისტროს!
არც ის დაგვვიწყებია, ინფექციურ საავადმყოფოს საერთოდაც გარეთ რომ ყრიდით, კორონავირუსს რომ არ მოესწრო.
პარალელურად, ამ პერიოდში კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, ხან ნიკა გვარამიასთავის ცხელოდათ, ხან სააკაშვილისთვის და კარგა ხანს იყო იმის გარჩევა, ვისი წყალობით აშენდა ლუგარი.
21 მარტს ცხადდება საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე.
აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, გამყრელიძე გვეუბნება, რომ კვირის ბოლოს 400 პაციენტი ეყოლება – თუმცა, ჰყავს 250.
შემდეგ კვირას გვეუბნება, რომ ერთ კვირაში ეყოლება 1200 პაციენტი, თუმცა, ერთ კვირაში ჰყავს 400 მდე პაციენტი და არა 1200. საბედნიეროდ, რა თქმა უნდა.
აღდგომის კვირაში გამყრელიძე გვეუბნება, რომ თუ აღდგომის დღესასწაულზე სახლში არ დავრჩებით, ეყოლება 8 ათასი ინფიცირებული, ხოლო თუ სახლში დავრჩებით და გავყვებით რეკომენდაციებს, მაშინ მაისის 10 რიცხვისთვის ელოდება 2000 -2500 ინფიცირებულს.
პაატა იმნაძე, ის პაატა იმნაძე, რომელიც ამბობდა, რომ პანიკა ვირუსით ინფიცირებით რისკს ზრდის, გვეუბნება, რომ თუ სახლში არ დავრჩებით დღესასწაულებზე, კუბოებს ვერ დავთვლით.
პრემიერი, ამბობს, რომ ვინც გონიერია, მიხვდება, რომ სახლში დარჩეს და შესაბამისად, ვინც ტაძარში წავა და წავიდა – არ არის გონიერი.
მინისტრს ტიკარაძეს უცებ აუორთქლდა ათასობით სასუნთქი აპარატი და გვეუბნება, რომ მხოლოდ 800 პაციენტს მიხედავს, მეტს ვერა… რომ შევახსენეთ, რომ მეტი ჰქონდა სასუნთქი აპარატი, გვიპასუხა, არა, აპარატები კი გვაქვს, მაგრამ ექიმები არ გვყავსო…
მერე მოგვიწია შეხსენება, რომ აღწერილი ჰყავს ექიმები და შეუძლია გამოიყენოს თერაპევტები, კარდიოლოგები და სხვა – ამის მერე უბრალოდ გაჩუმდა და აკრძალვების მიუხედავად, მანქანის წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით დაჯდა – პირველ დარტყმას თავზე ავიღებო…
ორი დღის წინ ანდრია ჯაღმაიძემ (საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური) თქვა, რომ ათი ათასობით ადამიანი ეზიარა აღდგომის დღესასწაულებზე, იგივე ინფორმაციას ავრცელებენ მღვდლებიც, თუმცა, ბატონი ამირანი, ჯიუტად იმეორებს, რომ მისი რეკომენდაციების გამო, ხალხი ტაძარში არ წავიდა და ამიტომ არ ჰყავს 8 000 ინფიცირებული.
როგორც ჩანს, ბატონ ამირანს გონებიდან არ ამოსდის კითხვა, რომელიც „ალიამ“ დაუსვა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას აღდგომის წინა დღეებში ხალხის ასეთ დაშინებაზე? და თუ არ გამართლდება მისი „საშინელი“ პროგნოზი, რას აპირებს, გადადგება, თუ არა?
მაშინ გვიპასუხა, რომ პირველ ინტერვიუს ჩვენ მოგვცემს და გადადგება.
იყოს, ნუ გადადგება, დარჩეს! ოღონდ გვითხრას, ახლაც საპატრიარქოს ადანაშაულებს ტყუილში? ტყუის საპატრიარქო რომ ამბობს, უამრავი ადამიანი ეზიარაო? არც მრევლისთვის აპირებს ბოდიშის მოხდას?
რაც შეეხება იმას – რამ გადაგვარჩინა – ამ კითხვაზე პასუხს, ოდესმე მაინც გასცემს მეცნიერება, იმედია.
მანამდე კი, თუ გადავხედავთ როგორ მიდიოდა პროცესები, როდის შევწყვიტეთ ფრენა, როდის დავიწყეთ ექიმების გადამზადება, როდის დავგეგმეთ საკარანტინე სივრცეების მოწყობა – მართლა სასწაულია რომ გადავრჩით, გავრცელების კუთხით.
რაც შეეხება უკვე ინფიცირებულთა მკურნალობას, ჩვენი ექიმი კლინიცისტების დამსახურება, ვგულისხმობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ავადმყოფების მოვლაში ატარებენ დღეებს და ღამეებს.
ამასობაში აღდგომამაც გაიარა და მარნეულში ხალხმრავალმა აქციებმაც – კლასტერები კი იკლებს და პიკი ჯერ პლატო გახდა, მერე ვაკე, მერე ტეხილი… და სად არის პიკი? არ არის… სოც.ქსელში იმასაც წერენ, გამყრელიძემ პიკი სადღაც შემოდო და მერე დაავიწყდა სად დადოო…
პაატა იმნაძე, კი, რომელიც კუბოებით გვემუქრებოდა, ურცხვად გვეუბნება, ბოდიში მათთან, ვისაც მეტი უნდოდა ინფიცირებული გვყოლოდაო… ჩვენ გვინდოდა, თურმე, ჩვენ გვქონდა, თურმე ეს პროგნოზები. პარალელურად იმნაძე იმასაც აღიარებს, რომ უბრალოდ დაგვზაფრა და ამიტომ ახსენა კუბოები, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, არანაირი პროგნოზი არ არსებობდა და იყო გაზვიადებული.
და მაინც, როდის დაიწყო ვირუსმა საქართველოში გავრცელება – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში? რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი? – ამის დასადგენად აუცილებელია ქვეყანაში სწრაფი ტესტების ჩატარება მასობრივად, აგრესიულად კი არა, მასობრივად – თუმცა, რატომღაც თავს იკავებს სახელმწიფო – რადგან, ერთი ბუა – სააკაშვილი მგონი ხელიდან გვეცლება და მეორე ბუა – კორონავირუსი – ჯერ კიდევ საჭიროა.
თუ დადასტურდა, რომ ქვეყნის მაცხოვრებელთა უმეტესობამ უკვე გადაიტანა ვირუსი, სახელმწიფოს შეზღუდვების მოხსნა მოუწევს.
მასალაზე მუშაობა დასრულებული გვქონდა, როცა მოქალაქე თეიმურაზ ხ. მოგვმართა – „ვერ გავიგე რა იმუნიტეტი აქვთ იმნაძეს და გამყრელიძეს, რომ 2000 წლიან ეკლესიას ასე მიმართავენ? ძალიან უხეშად მოგვექცნენ მრევლს და ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. 16 აპრილს „ალიამ“ დაუსვით კითხვა ამირან გამყრელიძეს, რომელმაც პასუხად დაასახელა 10 მაისი. გავიდა ეგ ვადა, რას იზამს, გადადგება? არ შეახსენებთ?“
შევახსენებთ, ბატონო, მაგრამ იყოს, არ მოვთხოვთ გადადგომას, აი, ბოდიშის მოხდას კი ნამდვილად ვითხოვთ, ჯერ ჩვენი კითხვის დამახინჯებისთვის, მეორე – გაუაზრებელი პროგნოზებისთვის და მესამე – მრევლის სახელით – მრევლი ნამდვილად გრძნობს თავს შეურაცხყოფილად.
იმედია, ერთ-ორ კვირაში მოიხდის ბოდიშს, ვნახოთ, ერთი-ორი კვირაც გავიდეს და კიდევ შევახსენებთ, რომ ერთ-ორ კვირაში მაინც მოიხადოს ბოდიში.
მანამდე კი, აღადგინეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტაქსის კი არა, პურის ფული არ დარჩა ხალხს!
თამო კეშელავა
ალია №15
კომენტარები