ნანა სულავა
„ალიაში“ დაიბეჭდა წერილი სათაურით: `სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ“, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც. მკითხველს შევახსენებ, სტატიაში „ვივამედის“ ექიმმა პატიმარს გაუკეთა სამი ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტს ცხვირი მოაჭრა. წერილის დაბეჭდვამდე შევეცადე ექიმ ნინო ბეგიაშვილთან მობილურ ტელეფონზე დაკავშირებას, რათა ვრცელი კომენტარი გაეკეთებინა, თუ რაში არ ეთანხმებოდა „ალიას“ რესპონდენტს და მისი პოზიცია ზუსტად დაეფიქსირებინა, რომ მერე რაიმე სადავო არ გამხდარიყო, მაგრამ მას მთელი კვირა ტელეფონი გამორთული ჰქონდა და, როგორც შევიტყვე, დღემდე სამსახურშიც არ დადის.
წერილის დაბეჭდვისთანავე დამიკავშირდა ჩემი რესპონდენტის – გარი შახბაზიანის მეუღლე თამარ სააკაშვილი, რომელიც შველას ითხოვს, მისი მონათხრობი სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე და გთავაზობთ ამ საუბრის სრულ ჩანაწერს.
თამარ სააკაშვილი:
-„ალიაში“ წერილის გასვლის შემდეგ ისედაც დარღვეული სიმშვიდე უფრო მეტად დაირღვა. სახლიდან ყოველი გასვლის დროს ვაფიქსირებთ, რომ „მესამე თვალი“ დაგვყვება, რასაც ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს. უფრო მეტიც, ჩვენი კორპუსის წინ, სოხუმის ქ. N4-თან, ტროტუარზე, მოწყობილია ე.წ. პოსტი, რომელიც სხვა დროს ნამდვილად არ ყოფილა. ერთი სიტყვით, ყველგან დაგვყვებიან. ჩემი მეუღლე ამ მიზეზის გამო სახლიდან ვერ გადის დედის და შვილის მოსანახულებლად, თუ მე არ გავყევი. 17 თებერვალს ჩემს მეუღლეს გავყევი იუსტიციის სახლში. მე უკან მივყვებოდი. ის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ორმა მამაკაცმა გააჩერა. თავიანთი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოადგინეს. ჯერ პირბადის ჩამოწევა მოსთხოვეს (მოკვეთილი ცხვირის გამო ის ქუჩაში ვერ გადაადგილდება პირბადის გარეშე), შემდეგ საბუთები მოსთხოვეს. ამ დროს მე უკვე მივუახლოვდი. მათ რომ დამინახეს, დამისვეს შეკითხვა: „თქვენ ერთად ხართ?“ და მაშინვე გაგვშორდნენ. ფაქტია, რომ მათ ბოროტი გეგმა ჰქონდათ და მე ხელი შევუშალე. ერთი სიტყვით, სიმშვიდე და თავისუფლება დავკარგეთ. ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ვართ, რომ მე სამსახურიდან უფასო შვებულება ავიღე იმის გამო, რომ რაიმე უბედურება არ მოსწიონ ჩემს ქმარს და ისევ ციხის კარებთან არ მომიწიოს დგომა.
-თქვენ სად მუშაობთ, რა პროფესიის ხართ?
-დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. კერძო სკოლაში „აკადემოსში“ ფიზიკასა და მათემატიკას ვასწავლი. გამოცემული მაქვს მათემატიკის ამოცანათა კრებულები მე-2 და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის. ასევე „სახალისო ამოცანები მათემატიკაში“, საავტორო უფლებების დაცვით. ჩემი სამეცნიერო შრომები ემსახურება ბავშვებისთვის ლოგიკისა და უნარების განვითარებას, თუმცა დღევანდელ საქართველოში განათლება არავის სჭირდება, რადგან მათი დამორჩილება გაცილებით იოლია, ვიდრე მოაზროვნე ადამიანების. ამ ყველაფერს გულწრფელად იმიტომ გიყვებით, რომ ჩემი მეუღლის გამო სამეცნიერო მუშაობას კი არა, სკოლაში მუშაობას ვერ ვახერხებ, ისეთი დაძაბული ვარ.-
-თქვენი გვარის გამო ხომ არ გაქვთ პრობლემები?
-არა, არასდროს მქონია ამ მხრივ პრობლემები. მე ჩემი პროფესია მიყვარს და ეს პოლიტიკური ვაკხანალია, რაც ქვეყანაშია წლების განმავლობაში, საერთოდ არ მაინტერესებს. სააკაშვილის რეჟიმი ჩემთვის მიუღებელი იყო. მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ციხეში ჩემი ქმარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კი ციხეში ცხვირი მოაჭრეს და აქეთ დაგვდევენ და გვითვალთვალებენ. ორივე რეჟიმმა ერთნაირად დაუშავა ჩემს მეუღლეს. მას ამჟამად სუნთქვა უჭირს. ყველგან ვიყავით, შესაბამის სამსახურებში, რომ როგორმე დროულად პლასტიკური ოპერაცია გაუკეთდეს, მიიღოს დაფინანსება, რომელიც მას კანონით ეკუთვნის, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გამოჩნდა ისეთი, რომელიც გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს. არადა, ოპერაცია სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. შშმ პირი გახადეს. შეიძლება, ადამიანმა ცხვირის გარეშე იცხოვროს? თან აქეთ რეპრესიებს უწყობენ.
„ალიადან“ მივმართავ ყველას, ვინც სიმშვიდეს გვირღვევს. დაგვანებონ თავი და მოგვცენ მშვიდი ცხოვრების უფლება! ჩვენ არ ვართ მეამბოხეები, კანონმორჩილი ადამიანები ვართ, მაგრამ არც არავის მივცემთ ნებას, ჩვენი უფლებები ფეხქვეშ გათელოს!!!
– თქვენ ამბობთ, რომ „ალიაში“ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ კიდევ უფრო დაკარგეთ სიმშვიდე?
– არც მანამდე ვყოფილვართ მშვიდად, მაგრამ „ალიამ“ მათ უთხრა სიმართლე და ჩემი მეუღლის ნაამბობიდან არცერთი სიტყვა არ ამოიღო. თქვენი დიდი მადლიერები ვართ. ფეისბუქზე, ხალხური მედიცინის ერთ-ერთ გვერდზე, მე დავდე პოსტი, თანდართული ფოტოებით,სადაც აღვწერე ჩემი მეუღლის მდგომარეობა, თუ როგორ მოაჭრეს მას ცხვირი და მივმართე საზოგადოებას, ვინც ჩემი მეუღლე დააინვალიდა, ამ ექიმს, ნინო ბეგიაშვილს, მორიდებოდნენ. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა დიდი რეაქცია, განსაკუთრებით, გამოვყოფ ნინო ბეგიაშვილის შვილს ქეთას, რომელმაც დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, ხოლო ნინო ბეგიაშვილის ექთანი გაბრიელა, რომელიც არის ტრანსგენდერი (თუმცა მე საერთოდ არ მაინტერესებს მისი იდენტობა), დამემუქრა. აქვე ერთ ფაქტს უნდა გავუსვა ხაზი. როცა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დაემუქრა ვინმე ქეთი გაბიანი, მას 2000 ჯარიმა დააკისრა სასამართლომ. რატომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი? ისეთი სიტყვებით მესაუბრებოდა ნინო ბეგიაშვილის ექთანი, რომ იძულებული გავხდი, პოლიციისთვის მიმემართა. ამის შემდეგ მან, რა თქმა უნდა, უკან დაიხია.
-თქვენ თავად არ გიცდიათ, ექიმ ნინო ბეგიაშვილის ნახვა?
-დიახ, მე მას შევხვდი საღამოს 8 საათზე, როგორც პაციენტი, როცა მორიგე იყო, თორემ, რომ გამემჟღავნებინა, გარი შახბაზიანის მეუღლე ვარ-მეთქი, არ მიმიღებდა. როდესაც ვუთხარი, ვინ ვიყავი და ჩემი მისვლის რეალური მიზეზი გავაცანი, მას სახე შეეცვალა. მე მშიდად ვთხოვე, ეთქვა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო გარის ოპერაციასთან. მან უტიფრად დაიწყო თავის მართლება. თავისი წარუმატებელი ოპერაციები და ცხვირის მოკვეთა დააბრალა ჩემი მეუღლის დაუდევრობას. ხედავთ, რა „ნაგლია“? თითქოს ჩემმა ქმარმა ახალი ნაოპერაციები ცხვირი კედელს მიარტყა და მიიყენა თვითდაზიანება, რაც არის სიცრუე და დანაშაული.
ჩემი მისვლის მიზეზი ის იყო, რომ მისგან მიგვეღო ოპერაციის დაფინანსებაში დახმარება, რასაც ექიმი ნინო ბეგიაშვილი პირდებოდა ჩემს მეუღლეს, მაგრამ როგორც მითხრა, ამას ვერ ახერხებს თურმე, რადგან უამრავი ვალი აქვს ბანკის, მანქანაც კი დალომბარდებული აქვს და ა.შ. ბოლოს მე თავად კომპრომისზე წავედი და ვთხოვე, ოპერაციის თანხის ნახევარი მაინც გაეღო. თუმცა ის ვალდებული იყო ოპერაცია მთლიანად დაეფინანსებინა, მაგრამ ყველაფერზე უარი განაცხადა.
როცა მივხვდი, რა კატეგორიის ადამიანთა მქონდა საქმე, მისგან წასვლა დავაპირე და ამ დროს ექიმი ბეგიაშვილი სულ სხვა თემაზე გადავიდა:თურმე, მე აზრზე არა ვარ და ჩემს მეუღლესა და გარის შორის დიდი სიყვარული არსებობდა… ამ ქალისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ამიტომ სასწრაფოდ გავეცალე, კიდევ რას მოაწყობდა, კაცმა არ იცის. ჩემს წინ ექიმი კი არა, კურტიზანი ქალი იდგა. ასე შოკში ჩავარდნილმა დავტოვე „ვივამედის“ კლინიკა. წამოვედი სახლში და გზაში ვფიქრობდი, ცხვირიც მოგვაჭრეს, კიდეც გვაშანტაჟებენ, ოჯახის დანგრევასაც ცდილობენ… გამოდის, რომ ჯანდაცვის სისტემა დემორალიზებული ექიმების სათარეშო გამხდარა, ჯანდაცვის მინისტრი სირაქლემას პოზაშია – თურმე, არაფერი ეხება, სრულებით არ აინტერესებს, მისი სამინისტროს ექსპერტები რომ არღვევენ კანონს და უარს აცხადებენ, მონაწილეობა მიიღონ პაციენტის სამედიცინო დასკვნის დაწერაში, რათა პაციენტის კლინიკური ისტორია სრულფასოვანი იყოს. მოკლედ, დანაშაულის მთელი ბუკეტია. ისინი არღვევენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპულ კონვენციას, რითაც მარტო ჩემი მეუღლის, გარი შახბაზიანის უფლებები კი არ ირღვევა, არამედ ხდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაცია, რადგან სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო არაკომპეტენტურია, რომ დაიცვას მისი მოქალაქეების უფლებები, საერთშორისო სამართლის აღიარებული პრინციპებით. რაც ექიმმა ნინო ბეგიაშვილმა ჩაიდინა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელმაც სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი და თუ ჩვენს ქვეყანაში ვერ ვიპოვეთ სამართალი, მაშინ მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროპულ სასამართლოს მივმართავთ, რათა სასწრაფოდ გაუკეთდეს გარი შახბაზიანს ცხვირის ოპერაცია, რომ თავისუფლად ისუნთქოს და დამნაშვეებმა პასუხი აგონ მთელი სიმკაცრით. რამე განსაკუთრებულს ვითხოვთ?!
კომენტარები