წლები გადის და არაფერი იცვლება, ერთი ანგრევს, მეორე ყვირის, მეორე ანგრებს, პირველი ყვირის და ხალხი კი ქუჩაში რჩება…
მხოლოდ ხალხი რჩება ქუჩაში, თორემ, პროკურორებმა, მოსამართლეებმა, უკანონო გადაწყვეტილების აღმსრულებლებმა კაბინეტები შეინარჩუნეს!
“ალია” შეგახსენებთ, სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიშში ბევრი უფლებადარღეული მოქალაქის და წართმეული, თუ დანგრეული საკუთრების შესახებ წაიკითხავთ, ერთ-ერთია თაბუკაშვილის საქმე, კორპუსი, რომელიც მთლიანად დაანგრია მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ, მოტივით, რომ არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, თითქოს სხვა ავარიული სახლები სტანდარტებს შეესაბამება.
“2007 წლის 20 ივლისს ზედამხედველობის სამასახურის მიერ გამოიცა დადგენილება შენობის დაუყოვნებელი დემონტაჟის შესახებ. დადგენილება იმავე დღეს ჩაბარდათ მესაკუთრეებს და სწორედ იმავე დღეს დაიწყო შენობის ნგრევაც.
ბინის მესაკუთრეებს არ მიეცათ გონივრული ვადა იმისათვის, რომ თუნდაც გაეაზრებინათ, სად წავიდოდნენ ღია ცის ქვეშ დარჩენილები, არ აცალეს დაფიქრება, როგორ დაეცვათ საკუთარი უფლებები. ისინი შეურაცხყვეს, გამოყარეს სახლებიდან, დაუზიანეს ავეჯი და სხვა ქონება, დაუნგრიეს საკუთარი სახლები და მიაყენეს უდიდესი მატერიალური და მორალური ზიანი. უდიდეს ეჭვს იწვევს საფუძველი იმ დადგენილებისა, რომელიც ასე სწრაფად გამოიცა და იმავე დღეს აღსრულდა კიდეც.
მართალია, სასამართლოს არ უმსჯელია და არ განუმარტავს, ,,არქიტექტურულსამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობები, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის დანგრეული შენობა უფრო ნაკლები საფრთხის მატარებელი იყო, ვიდრე თაბუკაშვილის ქუჩასა თუ სხვა ძველ უბნებში მდგარი საუკუნის სახლები, რომლებიც ყოველდღე იშლება და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდგარი მრავალსართულიანი სახლის ნგრევა გამიზნული იყო კონკრეტული შედეგის მისაღწევად და არა კანონისმიერი საფუძვლის არსებობით.” – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
2 წლის შემდეგ, 2009 წელს მობინადრეები ჰყვებოდნენ, რომ მათი სარჩელი არც კი მიიღო მოსამართლემ:
ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია:
– 2007 წლის 20 ივლისს შევიდა სასამართლოში ჩვენი განცხადება. არანაირი ვადები არ დაგვირღვევია. არგუმენტი, რომ სარჩელი შეტანილია დაგვიანებით, აბსოლუტურად ულოგიკო და აბსურდულია. ვითხოვდით ზედამხედველობის იმ დადგენილების ბათილად ცნობას, რომელიც 20 ივნისს მივიღეთ. ადმინისტრაციული წარმოება, როგორც მინიმუმი, 10 დღით ადრე უნდა დაწყებულიყო. სახლის დემონტაჟისთვის მოვიდნენ და ალყა შემოარტყეს კორპუსს. მაშინ ჩაგვბარდა ეს დადგენილება, რასაც ხელს აწერს მაქაცარია. ეს დადგენილება ვადებში გავასაჩივრეთ. დაახლოებით ორი წელი თითქოს მიდიოდა მოლაპარაკებები ამ ხალხთან, რომ მათ აუშენებდნენ პირველი სკოლის უკან სახლს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინვესტორმა ვერაფერი გააკეთა, ფუნდამენტიც კი ნახევრამდეა ჩასხმული. ხელშეკრულებით კი, ამ წლის ბოლოს, 19 დეკემბერს, სახლი უნდა ჩაბარდეს. ინვესტორი მათ ეუბნება, რომ არ აქვს საშუალება, ააშენოს სახლი. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მშენებლობა, ხალხს საკუთრება დაუნგრიეს, კეთილი ინებოს და სახელმწიფომ გამოყოს შეღავათიანი სესხი იქნება თუ სხვა რამ და დროულად მისცეს კუთვნილი ქონება.
ამ ხალხს უკვე აღარაფრის სჯერა. ამ ადამიანებს მოუსპეს უფლება, თავიანთი ინტერესი დაიცვან ეროვნულ სასამართლოში. ძალიან კარგი! არ დაველოდებით სხვადასხვა ინსტანციებს, უკვე შეგვიძლია წავიდეთ სტრასბურგში. ამის პარალელურად საქართველოს გენპროკურორს, იუსტიციის მინისტრ ადეიშვილს მივმართავთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ქალაქის მერიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ეს ხალხი უჩივის ბატონ გიგი უგულავას, ლაშა მაქაცარიას და ყველა იმ ხელმძღვანელ პირს, ვისი მითითებით და მონაწილეობით დაინგრა მათი საკუთრება.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოითხოვეს აქამდე, თითქმის 2 წლის განმავლობაში ამ პირების წინააღმდეგ სს საქმის აღძვრა, დიმიტრი გაბუნია გვპასუხობს:
– თითქოს დაკმაყოფილდა ეს ხალხი. სხვა გზა არ იყო, სახლი დაუნგრიეს და დათანხმდნენ პირველი სკოლის უკან სახლის აშენებას. წელიწადნახევარი ელოდებოდნენ სახლს და იმიტომ არ შევიდა საჩივარი. ვადები დარღვეული არ არის. სისხლის სამართლის საქმის დადგენა ახლაც შეიძლება. ფაქტია, ეს ხალხი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხახამშრალი დატოვეს. ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე წავა სტრასბურგში. ზიანის ანაზღაურებაზე ცალკე სარჩელი შევიტანეთ და მოვითხოვთ, სახელმწიფომ ამ ბარბაროსული დანგრევის გამო მიყენებული ქონებრივი ზიანი აანაზღაუროს. უკვე ორი თვეა ამ ხალხს ბინის ქირასაც არ უხდიან და სულ იმის შიშის ქვეშ არიან, როდის გამოყრიან ქუჩაში. თან ქონება გაუნადგურეს. 24 ოჯახი დარჩა ასეთი უგუნური გადაწყვეტილების გამო ქუჩაში.
“სარკე” დაზარალებულ მოქალაქეებს ესაუბრა.
– ძალადობრივი გზით გამოგვასახლეს, გამოგვაგდეს საკუთარი სახლებიდან. გაგვინადგურეს ქონება და დაგვინგრიეს წლობით ნაშენები, ოფლით და შრომით შეძენილი ჩვენი ქონება. შემდგომ ბევრი ბრძოლით ურთიერთობა თითქოს მოწესრიგდა და მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა მიგვეღო კუთვნილი უძრავი ქონება. ბევრი განცხადება გაკეთდა. კონკრეტულად ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ჩვენ თურმე მივიღეთ ოთხმაგი თუ ხუთმაგი კომპენსაცია. ეს ტყუილია! ყველას გასაგონად ვაცხადებ, ეს ხელშეკრულებები არის ღია, ყველამ მიიღო ზუსტად ადეკვატური ფართები, არანაირი დამატება ან ფულადი კომპენსაცია არ ყოფილა. ყველას უნდა ჩაბარებოდა ისეთი ფართი და ისეთი კეთილმოწყობილი, როგორიც ჰქონდა. კითხულობთ, დღემდე რატომ ვიყავით მშვიდად? ჯერ ერთი, იყო მყარი დაპირება, რომ “კაპიტალვოსტოკი”, რომელიც საკმაოდ სერიოზული კომპანიაა, ააშენებდა ამ სახლს, მაგრამ დეველოპერს შეექმნა პრობლემები. აღიარებს, რომ დაარღვევს კონტრაქტს. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, ეს თემა არ ყოფილიყო რაიმე სპეკულირების და ხმაურის საგანი. არ გაგვიკეთებია მწვავე განცხადებები, რადგან ამ სახლში 24 ინტელიგენტი ოჯახი ცხოვრობს, ვისაც თავისი სამშობლო ძალიან უყვარს. იმედით ვიყავით დღემდე, მაგრამ ეს ბოროტად გამოიყენეს. ავირჩიეთ წმინდა სამართლებრივი გზა და მივყევით ყოველგვარი აღშფოთების, აღელვების გარეშე. სასამართლომ კი მიიღო შესაბამისი დავალება და საქმე განუხილველი დატოვა. – აცხადებს ივანე ადამაშვილი.
მობინადრეებთან საუბრისას გაირკვა, რომ მხოლოდ ხუთი ოჯახია ქირით გასული, დანარჩენები კი ახლობლებთან ცხოვრობენ.
– ისიც გვითხრეს, ჩვენ ქირით ბინებს მოგცემთ და თუ თქვენ არ გინდათ, გააქირავეთო, მაგრამ ესეც არ გავიკეთებია, არ ვიკადრეთ. ჩემი შვილი დღემდე ჩემთან ცხოვრობს. ინვესტორები, ვის გამოც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩვენი სახლი დაანგრია, საქართველოდან წავიდნენ. ქუჩაში დავრჩით, საკუთრების გარეშე დაგვტოვეს, – გვითხრა მაია გოგოლაძემ.
მეგი კუხალეიშვილი ვერ ივიწყებს იმ დღეს, როცა სახლს უნგრევდნენ, ის კი იხვეწებოდა, ბინიდან ნივთების გატანის საშუალება მაინც მიეცათ.
– მთელი ვერაფერი გამოვიტანეთ. ვეხვეწებოდით, ნივთები მაინც არ გაენადგურებინათ, გასაღებს მოგცემთ, კარს ნუ შეამტვრევთ, ნივთებს გამოვიტან–მეთქი. არავინ გვისმენდა. გარედან ვუყურებდი, როგორ ცვიოდა ფანჯრიდან ჩემი ნივთები. ვერ წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი მივიღეთ! – იხსენებს მეგი კუხალეიშვილი.
მარი მუზაშვილს იმ დღეს ექიმების დახმარება დასჭირდა. ახლა ქირით ცხოვრობს, მაგრამ ბოლო ორი თვის ქირა დაგვიანებით რამდენიმე დღის წინ გადაუხადეს მის დიასახლისს.
2014 წელს, ნიკა მელიამ, გადაცემა “არჩევანში” თქვა:
“მე ზუსტად ვიცი რომ გიგი უგულავა ამას ნამდვილად ნანობს. სამწუხაროდ ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ეს იყო ერთ-ერთი დიდი შეცდომა და მე ამის შესახებ გიგი უგულავასთან პრივატულად მისაუბრია და ზუსტად ვიცი, რომ ის ამას ძალიან ნანობდა. რა თქმა უნდა ეს იყო შეცდომა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ფორმა იყო მიუღებელი, რა ფორმითაც ეს ხალხი იქნა გამოსახლებული, თორემ სხვაგვარად იქ მაცხოვრებელი ხალხი დღეს ცხოვრობს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის უკან, ახალ აშენებულ შენობაში. ფორმა რა ფორმითაც მათ მოექცნენ იყო მიუღებელი და მე ზუსტად ვიცი, რომ გიგი უგულავა ამას ნამდვილად ნანობს.”
კომენტარები