პოლიტიკური ქილერები
ნანა სულავა, ალია
საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების პოლიტიკურ მკვლელობაში არა მარტო ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ დიდი წვლილი შეტანილი, არამედ მათზე გაცილებით დიდი მასშტაბის პოლიტიკური მკვლელობები აქვთ ჩადენილი უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს. თავს ნუ მოვიტყუებთ. სწორედ მათმა ძალისხმევამ განაპირობა ის, რომ საქართველო დღეს წარმოადგენს ნეოკოლონიალური ტიპის სახელმწიფოს, სადაც დათარეშობენ სხვადასხვა იმპერიალისტური გავლენის ცენტრის ადგილობრივი და საერთაშორისო ძალები. ესენი არიან ყველაზე დიდი მასშტაბის კოლექტიური ქილერები და ყველაზე დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე. პოლიტიკურმა დიპლომატებმა დღეს კი არ დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ბრძოლა 30 წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.
გავიხსენოთ მამა ბუშის ცნობილი სიტყვები: „პრეზიდენტი გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავსო“. ჰოდა, ამის შემდეგ, სულ მალე, ანტიკონსტიტუციური გადატრიალების პროცესი საქართველოში უმწვავეს ფაზაში გადავიდა. 1991 წლის 2 სექტემბერს განხორციელდა ცნობილი პროვოკაცია კინოს სახლთან, როდესაც უცნობმა პირებმა ორი ადამიანი დაჭრეს. ისინი დღემდე უცნობებად დარჩნენ. შემდეგ მილიციის განსაკუთრებულ რაზმს თავს დაესხნენ. ეს დღე სპეციალურად იყო შერჩეული, რადგან იმ დღეს თბილისში იმყოფებოდნენ ამერიკელი სენატორი და ამერიკელი დიპლომატები. ამ პროვოკაციული აქტის ორგანიზატორებმა სათითაოდ აკრიფეს მაკაროვის ტყვიის გილზები, წაიღეს და აჩვენეს ამერიკელ დიპლომატებს. დიპლომატებმა მშვენივრად იცოდნენ, ვისგან იყო ნასროლი ეს გილზები, მაგრამ ისრები დაუმიზნეს პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლებას, რომ მას დაბრალებოდა. 1991 წლის 25 სექტემბრისთვის ამერიკელმა დიპლომატებმა კიდევ მოიფიქრეს ასეთი ბოროტება და საქართველოს რესპუბლიკა არასტაბილურ ზონად გამოაცხადეს, ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდეს, საქართველოში არ ჩახვიდეთო. ეს იყო პირდაპირი პოლიტიკური დარტყმა საქართველოს რესპუბლიკაზე. ამ პოლიტიკურ დივერსიას ხელმძღვანელობდა ნომერ პირველი ამერიკელი დიპლომატი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. მან შემდეგშიც არაერთხელ გააკეთა მსგავსი ანტიქართული განცხადებები, რომლებზეც ამ წერილში ვისაუბრებთ. მისი ყველა განცხადება ემსახურებოდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვას. ის პუტჩისტებს ამხნევებდა და, როდესაც საქართველოში ანტიკონსტიტუციური გადატრიალება უკიდურეს წერტილამდე მივიდა, სწორედ ამ დროს საქართველოს უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმმა და მინისტრთა კაბინეტმა ოფიციალურად მიმართეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის პარლამენტსა და მთავრობას, რომ საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის პროცესი მიმდინარეობს და გთხოვთ, მიავლინოთ თქვენი დამკვირვებლებიო. მაგრამ დემოკრატიული დასავლეთი გაჩუმდა და გაინაბა. როცა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს უზენაეს საბჭოს, ზვიად გამსახურდიამ ანალოგიური მიმართვა გააკეთა, მაგრამ ისევ დუმილით უპასუხა დემოკრატიულმა დასავლეთმა და ფეხებზე დაიკიდეს ქართველი ხალხის არჩევანი.
ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ წევრებიდან არცერთი ოფიცერი არ იყო, არც სერჟანტი და რიგითიც კი არავინ იყო. როცა ამ ანტიკონსტიტუციურმა ორგანომ საქართველოს კონსტიტუცია გაუქმებულად გამოაცხადა, დემოკრატიული დასავლეთი ამაზეც გაჩუმდა. მათ არ ადარდებდათ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები კარგავდნენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. უფრო მეტიც, ამის შემდეგ მშვიდობიანი, პოლიტიკური მანიფესტაციების მონაწილეები დახვრიტეს. გაიხსენეთ, 3, 7, 26 იანვარი და 2 თებერვალი. ამ დღეებში სისხლის ტბები დააყენეს თბილისის ქუჩებში და დემოკრატიული დასავლეთის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. არც ერთმა დიპლომატმა უბრალო გაკვირვება და შეშფოთებაც კი არ გამოხატა ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის გამო. ე.წ. სამხედრო საბჭოსა და დროებით მთავრობას, თენგიზ სიგუას არანაირი სანქციები არ დაუწესეს. შემდეგ ე.წ. სამხედრო საბჭომ და ნაციონალურმა კონგრესმა 1992 წლის 21 თებერვალს თვითნებურად გამოაცხადეს და აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია. დემოკრატიული დასავლეთი ამაზეც გაჩუმდა და არ დაგმო ეს კონსტიტუციური ხულიგნობა. ამით ისარგებლა სეპარატისტმა ვლადისლავ არძინბამ და 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთში თავადაც მოახდინა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, გააუქმა კონსტიტუცია და უკანონოდ შემოიღო კონსტიტუციის პროექტი. დემოკრატიულ დასავლეთს, ევროპას და ამერიკას თავის დროზე რომ დაეგმოთ ეს ანტიკონსტიტუციური ხულიგნობები თბილისსა და სოხუმში, საქართველო სამართლებრივ ჩიხში არ აღმოჩნდებოდა და არ დაიწყებოდა ეს მასშტაბური კონფლიქტები.
საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მკვლელი ჯეიმს ბეიკერი დიდი მონდომებით ცდილობდა, რომ გადატრიალების შემდეგ თბილისში დაებრუნებინათ ტირანი შევარდნაძე. ბევრ ბრიყვსა და პოლიტიკურად უწიგნურ ადამიანს ეგონა, შევარდნაძის მეგობრები – ბეიკერები და გენშერები საქართველოს ააყვავებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 1992 წლის თებერვალში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მოსკოვში გამოიძახა ტერორისტული რეჟიმის, ე.წ. დროებითი მთავრობის მეთაური თენგიზ სიგუა, სადაც ისინი გარიგდნენ. აი, მაგალითი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პოლიტიკურად მკვლელი ჯეიმს ბეიკერისა. ეს ის ბეიკერია, რომელმაც ამერიკის სახელით საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრალი დასდო, რომ ის დიქტატურისკენ არის მიდრეკილიო. არც საქართველო და არც აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ ელოდებოდა აღიარებას და დახმარებას. ამ განცხადების შემდეგ სულ მალე როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში გამწვავდა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა. ჯეიმს ბეიკერის განცხადების შემდეგ თბილისში, ავჭალაში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის ბაზაზე მყოფ საქართველოს შინაგანი ჯარების ქვედანაყოფს თავს დაესხა თენგიზ კიტოვანის ერთ-ერთი რაზმი. მათ ააფეთქეს ერთი ქართული ტანკი, ერთი ჯავშან-ტრანსპორტიორი და გაიტაცეს თბილისის ზღვაზე, ხოლო მძევლად წაიყვანეს რამდენიმე ათეული ახალწვეული ჯარიდან. ბეიკერის განცხადების შემდეგ ასეთივე პროცესები განვითარდა აზერბაიჯანშიც, სადაც იფეთქა სრულმასშტაბიანმა საბრძოლო მოქმედებებმა. აი, რა შედეგი გამოიღო მსოფლიოში ნომერ პირველი დიპლომატის ჯეიმს ბეიკერის განცხადებამ. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, 1992 წლის თებერვლის შუა რიცხვებში რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, შევარდნაძის ყოფილი თანამშრომლის ანდრია კოზირევის დახმარებით რომ გაიმართა შეხვედრა თენგიზ სიგუასთან რომელსაც მოელაპარაკნენ, რომ 1992 წლის მარტში მისცემდნენ შევარდნაძეს თბილისში ჩამოსვლის საშუალებას. ზუსტად ამერიკელი და რუსი ნომერ პირველი დიპლომატების შეხმატკბილებული ქმედებების შედეგად ჯეიმს ბეიკერი კიდევ უფრო შორს წავიდა, 1992 წლის 26 მაისს თბილისში ჩამოვიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „მხედრიონის“ საპატიო მედალიც კი მიიღო. იმ დღეს კი მის თვალწინ თბილისში სასტიკად იქნა დარბეული მშვიდობიანი პოლიტიკური მანიფესტაცია. ხალხი სასტიკად სცემეს და შემდეგ ძაღლები მიუსიეს. ეს გერმანული ნაგაზები მსოფლიოში ნომერ პირველი დიპლომატის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გენშერის საჩუქარი იყო, მიძღვნილი შევარდნაძე-იოსელიან-სიგუა-კიტოვანის ხუნტისათვის.
შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ამდენს რატომ საუბრობთ ამერიკის სახელმწიფო მდივანზეო, რატომ და ეს განპირობებულია იმჟამინდელი ისტორიული ვითარებით. საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების დაშლის შემდეგ მსოფლიო დიპლომატიის კურსს განსაზღვრავდა ამერიკელი დიპლომატი. მაშინ მას არანაირი კონკურენტები არ ჰყავდა და უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკა თავიდან ბოლომდე აგებული იყო ამერიკის იმპერიალისტურ ინტერესებზე. რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატი ანდრია კოზირევი ბოლომდე ატარებდა ამერიკული იმპერიალიზმის პოლიტიკურ ხაზს. გავიხსენოთ 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულება, რომელიც ზუსტად ანდრია კოზირევის კურატორობის ქვეშ მომზადდა, რაც გახდა საფუძველი 2008 წლის ომისა, რადგან დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის ჯარი იდგა ცხინვალის რეგიონში. დიახ, დიპლომატ კოზირევის დოკუმენტებმა შედეგი გამოიღო 16 წლის შემდეგ და მას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი. როდესაც 1993 წელს შევარდნაძის ბედი ბეწვზე ეკიდა, თბილისში გერმანიის ელჩი გიუნტერ დალჰოფი დაემუქრა საქართველოს, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან შეგიწყდებათ დახმარებაო. რატომ იქცეოდნენ ასე? იმიტომ, რომ საქართველო ექციათ ნეოკოლონიალურ წარმონაქმნად.
შევარდნაძე ამ საქმეში მათ გვერდით იყო. მათ ჭირდებოდათ ტვინების გადინება ქვეყნიდან. მეცნიერებათა აკადემიაში იყო 3 ათეულზე მეტი ინსტიტუტი. რამდენიმე ათასი მეცნიერი წაიყვანეს დასავლეთში. შევარდნაძის კურსი გააგრძელა მისმა პოლიტიკურმა შვილობილმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის მმართველობის დროს მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ, ცემდნენ, მიცვალებულის ჭირისუფალს გლოვის უფლებას არ აძლევდნენ, ციხეებში აწამებდნენ ადამიანებს, ქუჩებში ადგილზე ხვრეტდნენ ადამიანებს, ამაზე დუმდა დასავლეთი. აბა, ერთი პროტესტი მაინც გაიხსენეთ სააკაშვილის ვაიმოსამართლეების მისამართით. ხმაც კი არ ამოუღიათ.
2008 წლის 17 თებერვალს დასავლეთის დიპლომატიამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მათ კარგად იცოდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი მზად იყო, რომ თუ დასავლეთი აღიარებდა კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაშინ აღიარებდა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობასაც, მაგრამ ასე არ მოხდა. გავიხსენოთ, როგორი მასშტაბის მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთიდან საქართველოს ხაზინის ქურდს, თბილისის ვაი-მერს, გიგი უგულავას ან გვამების მოტრფიალე ვაი-პრემიერ ვანო მერაბიშვილს. კომენტარი ზედმეტია. მიკერძოება და უსამართლობაც ასეთი უნდა. რამდენი ათასი ადამიანი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეში დაპატიმრებული და რა დოზის ყურადღებაც ნიკა მელიას დაუთმეს, იმის ერთი პროცენტიც კი არ დაუთმიათ სხვა პატიმრებისთვის. როგორც უნდათ, საქართველოს ისე იყენებენ. პირველ რიგში, იყენებენ მის გეოგრაფიულ მდებარეობას. ქვეყანა გაყოფილია გავლენის ზონებად. 80%-ზე დათარეშობენ დასავლეთის მკვლელი დიპლომატები, დანარჩენ 20%-ზე – რუსეთის მკვლელი დიპლომატები, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ მკვლელი დიპლომატების უდიდესი წვლილი იყო 2003 წლის ვითომ „ვარდების რევოლუციაში“. ზუსტად დასავლელი და რუსი მკვლელი დიპლომატების მეშვეობით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩავიდა თბილისში, რომლის შემდეგ შევარდნაძემ და მისი ოჯახის წევრებმა მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები და საქართველოს ხელისუფლება გადაულოცეს სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის სამეულს. ამით კიდევ ერთხელ დატოვეს ქართველი ხალხი თამაშგარე მდგომარეობაში და მოკლეს ეროვნული სუვერენიტეტის ცნება. ამ აფერისტების იმედად უნდა იყოს ქართველი ხალხი? გავიხსენოთ, როგორ განიხილებოდა ქართველი ხალხის ზურგს უკან თურქი მესხების საქართველოში ჩამოსახლების საკითხი.
ახლა საინტერესოა, დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, საქართველოს რას უჩალიჩებენ? ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ავღანეთის მთავრობა დასავლეთის ხიშტებით იყო დაცული. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ჯარებმა დაიწყეს იქიდან გამოსვლა, ავღანეთი დამხობის წინაშე დადგა. ყველა ავღანელი, ვინც დასავლურ მთავრობასთან თანამშრომლობდა, დღეს ცდილობს გაიქცეს ავღანეთიდან, რადგან თალიბანის მოძრაობა მათ მოღალატეებად გამოაცხადეს და თავის მოჭრით ემუქრებიან. ყველა ის სახელმწიფო, რომელსაც ავღანეთში კონტიგენტი ჰყავდა, დღეს დილემის წინაშე დადგა. მან გამოქცეული ავღანელები უნდა შეიფაროს თავის ქვეყანაში. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი თანახმაა 30 ათასი ავღანელი მიიღოს. ქვეყნიდან გაქცევა კი ნახევარ მილიონ ადამიანს სურს. არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისმის კითხვა, ეს პოლიტიკური მკვლელი დასავლელი დიპლომატები რამდენი ათასი ავღანელის შემოყვანას მოსთხოვს საქართველოს მთავრობას. თუ ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ავღანელი თანამშრომლობდა, მას და მის ოჯახს სიკვდილი ელოდება თალიბანის ხელით. ამ ადამიანებს პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიეცეთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ქართული სამხედრო კონტიგენტი 2004 წელს ავღანეთში გააგზავნა ნაცმოძრაობამ. ამიტომ ახლა კეთილი უნდა ინებოს და ავღანელ პოლიტიკურ ემიგრანტებს ბინები და სამუშაო ადგილები გაუკეთოს. ნაცმოძრაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემომწირველებისგან მრავალი ათას მილიონს იღებს, რადგან მან შეიყვანა ავღანეთში ქართული კონტიგენტი და საკუთარი ჯიბით უნდა გასცეს პასუხი თავის ქმედებას. ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის პოლიტიკურად მკვლელი და აფერისტი დიპლომატების ნამდვილ სახეს. ისინი მორიგ ბოროტებას აგრძელებენ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ამ მამხილებელ სტატიას უნდა გაეცნოს ყველა დიპლომატი საქართველოში, თორემ ისეთი დიპლომატებიც გვახსოვს წითელი ჯვრის ხაზით, რომ 2 ახალგაზრდა გასრისეს და ისე წავიდნენ ქვეყნიდან, რომ პასუხი არავის მოუთხოვია მათთვის.
ნუთუ, არ დადგა დრო, რომ საქართველოში ამ პოლიტიკურად მკვლელი დიპლომატებისა და მათ სამსახურში მყოფი ქართველი მკვლელი პოლიტიკანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
ამ წერილს ვამთავრებ ორიოდე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბლინკინის განცხადებით: ამერიკის სახელმწიფო ოფიციალურად ცნობს მესამე სქესს. ალბათ პოლიტიკურად მკვლელი დიპლომატებისგან უნდა ველოდოთ, მალე ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც მოსთხოვენ, რომ აქაც ოფიციალურად დაკანონდეს მესამე გენდერი. მე, როგორც ჟურნალისტმა, არ ვიცი, რა არის მესამე გენდერი. მესამე ძალა გამიგია, როგორც ფაშიზმი. გეკითხებით, მესამე გენდერის წარმომადგენლები ფაშისტები არიან? თუ თქვენ არ მიპასუხებთ, ამ საკითხში გასარკვევად მივმართავ პარლამენტარ ხათუნა სამნიძეს და მერე არ გეწყინოთ…
კომენტარები