ისტორიკოსი ბუბა კუდავა:
,,ამ დაუჯერებელ დროებაში ერთი კადრი რატომღაც არ ამომდის თავიდან.
რამდენიმე ადამიანმა ფეხქვეშ რომ გაიგდო ჟურნალისტი, ბევრმა ნახეთ. ეს რას ნიშნავს და რას გვიქადის, ყველა ჭკუათმყოფელსა და ნამუსიან ადამიანს მოეხსენება.
თუმცა ახლა სხვა რამეზე:
პირველივე ნახვისას თვალში მომხვდა ერთი ახალგაზრდა. შემდეგ ბევრჯერ დავატრიალე ვიდეო და დავაკვირდი. ბანდის წევრია აშკარად ეს ბიჭი. მოქმედებებიდან ეტყობა, ცოტა მგონი სიტყვაც ეთქმის იქ. ჯერ შეაჩერა რამდენიმე მოძალადე, მათ შორის – წაქცეულის თავზე მოხტუნავეც. მერე გაწი-გამოწია და განარიდა ეს ნიღბიანები. მერე კი, თითქოს მისი გარიდების დროც მოვიდა, მაგრამ ძირს დაგდებული არ დატოვა კაცი. დაიხარა, ცოტა გაჭირვებით წამოაყენა და მხოლოდ შემდეგ გაეცალა ადგილს.
თავად არ უძალადია. თუმცა მათიანი კი არის.
ბოლომდე არ ვიცი, რისი თქმა მინდა. არც გმირად ვხატავ და არც ფსევდო-სათნო შემოტევები მაქვს ამ გაბრაზებულ გულზე. უბრალოდ სულ მეფიქრება. რა არის და სად არის ის წკიპი, რომლის იქითაც უკვე ყველაფერი სულერთია ადამიანისთვის და რომლის აქეთაც ადამიანობის ნატამალს მაინც იტოვებს კრიმინალურ ბანდაში გაწევრიანებული ახალგაზრდა კაცი?
მეფიქრება, ვინ არის და რამ მიიყვანა აქამდე. რამდენს შეძლებდა, იქ რომ არ ამოეყო თავი. რა სიკეთეებს ებღაუჭება, რათა „კუტოკელებივით“ პირუტყვად არ იქცეს და უდანაშაულო კაცის ცემაში ხელი არ გაისვაროს. მერე კი სხვებს დაუშალოს და ზეზე წამოაყენოს.
მეტყვით, რა იცი, სხვა დროს რა სიბინძურეები ჩაუდენიაო და ალბათ მართალიც იქნებით, მაგრამ ჩემი სარწმუნოება ხომ იმას მასწავლის, სიცოცხლის ბოლო წამამდე ყველას აქვს შანსი, ჯვარზე გაკრული ავაზაკივითო…
ეხ, რამდენს რამდენი შანსი აქვს ჯერ კიდევ…”
კომენტარები