ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თანადამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე.
–ბატონო ზვიად, თქვენ განაცხდეთ, რომ თანამოაზრეებთან ერთად პარტიის დაფუძნებას აპირებთ. ვინ იქნებით ამ პარტიის დამფუძნებლები?
–პარტიის დაფუძნებას ახლო მომავალში ვაპირებთ და მას იგივე სახელმწოდება ექნება, რაც ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას–„ერი და სახელმწიფო“. პარტიის დამფუძნებლებიც ორგანიზციის წევრები ვიქნებით,ვინც ღიად დავუპირისპირდით კოვიდ–ტერორს: თქვენი მონა მორჩილი, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელმაც სხვა ფილმებთან ერთად, ისტორიულ–ბიოგრაფიული ფილმი „ექვთიმე ღვთთისკაცი“ გადაიღო, დიდი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. იურისტი თემურ ლომიძე, რომელმაც ბევრი საქმე მოიგო სასამართლოში კოვიდით დაზარალებულებთან დაკავშირებით, კობა კუპრაშვილი, ემიგრანტი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და სხვები, იქნებიან ახალი სახეებიც.
–2024 წლის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობაას?
–ჩვენი აზრით აუცილებელია ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის აღდგენა, პარლამენტის წევრთა შემცირება არაუმეტეს 100 კაცამდე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით, რადგან ხალხი უნდა იცნობდეს იმ პიროვნებებს, ვისაც ირჩევს და პარტიულ სიებს არ უნდა იყვნენ ამოფარებულნი. ამ და სხვა იდეების რეალიზება რომ მოახდინო და თუნდაც ტრიბუნა რომ მოგეცეს, სხვა ბერკეტებთან ერთად გჭირდება პოლიტიკური ორგანიზაციის შექნა. არჩევნებამდე დიდი დროა და მხოლოდ პარტიის დაფუძნება არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე წარმატებას მიაღწევ იმ ფონზე, როდესაც ფინანსები არ გაქვს, ტელე–მედია სივრცე დაკავებული აქვთ ხელისუფლებას და ე.წ. ოპოზიციას, მათ საკუთარი არხები აქვთ, ფაქტიურად, შუა გაკრეფილია ახალი პოლიტიკური ძალებისთვის, ამ ტელევიზიებში მოხვედრა არის პრობლემა. ამ პირობებში რთული იქნება არჩევნებში მონაწილეობა და შედეგის დადება. იმისთვის, რომ მხოლოდ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და შედეგზე არ ვიფიქროთ, წინასწარ არ განვჭვრიტოთ სავარაუდო შედეგები, არ მივიღებთ მონაწილეობას, რასაც უამრავი პარტია აკეთებს საქართველოში. თუმცა, არჩევნებამდე ჯერ დროა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– არჩევნებში მონაწილეობა ერთგვარი ტესტია პარტიისთვის, არა?
–დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც საზოგადოებას ყველაზე მეტად უჭირდა, ჩვენი ორგანიზაცია დაუდგა გვერდში. კოვიდ–ტერორის პერიოდში, 14 მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ჩავატარეთ და არ დავუშვით ის, რაც ხდებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სამართლებრივი კუთხით ვეხმარებოდით ხალხს, უამრავი სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვიგეთ. კოვიდის გარდა, სხვა საკითხებზეც აქტიურად ვმუშაობდით– სასურსათო უსაფრთხოების თემაზე, დემოგრაფიაზე, უცხოელებზე მიწის კატეგორიის შეცვლის გზით გაყიდვის აკრძალვაზე, 45 კანონპროექტი მაქვს დაწერილი და შეტანილი პარლამენტში. ოთხი მათგანი კონსტიტუციში ჩაიწერა, ზოგი ისე იქნა კანონად მიღებული, სხვა სახის აქტივობებიც მრავლად გვქონდა, ცხადია, ყველა ინიციატივა ხალხის დაკვეთა იყო. ვფიქრობ, თუ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, საზოგადოებას არ უნდა გაუჭირდეს ჩვენი ახალი პარტიის წევრთა ძველი, მათვის სასარგებლო საქმიანობის სწორედ შეფასება.
–როგორ და საიდან მოიძიებს პარტია დაფინანსებას? პარტიის შენახვა ძვირი ჯდება და მით უმეტეს, არჩევნებში მონაწილეობა. წელს, საპარლამენტო არჩევნებში თუ არა, გაისად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხომ მიიღებთ მონაწილეობას?
–წესით, პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს არც ბიუჯეტიდან და არც ბიზნესმენებისგან, პარტია საკუთარი ორგანიზაციის წევრების საწევრო შენატანებით უნდა არსებობდეს.
–როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და იმ სამთავრობო ცვლილებებს, რაც ამას მოჰყვა? კონკრეტულად ირაკლი ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლებას პრემიერის პოსტზე.
– დავიწყოთ იმით, რომ სახელისუფლებო მართვის დღევანდელი მოდელი ეს არის ყოვლად დამღუპველი ქვეყნისთვის. ეს არის მართვადი ქაოსის მოდელი, რაც დღეს გვაქვს. მიხეილ სააკაშვილს როდესაც აღარ ჰქონდა პრეზიდენტად დარჩენის შანსი, დაასუსტა პრეზიდენტის ინსტიტუტი და გააძლიერა პრემიერისა, იმ იმედით, რომ პრემიერ–მინისტრი გახდებოდა. 2012 წელს „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები წააგო „ქართულ ოცნებასთან“ და სააკაშვილის ეს გეგმა ვერ განხორციელდა. სამაგიეროდ, ეს ცვლილებები ზედგამოჭრილი გამოდგა ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობისთვის. მისმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა პრემიერის ინსტიტუტი და გვაქვს ეს მახინჯი მოდელი. ხალხი არავის ირჩევს, არც პრემიერს, არც სახალხო დამცველს. ერთადერთი, უფლებებშეკვეცილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ჰქონდა ხალხს დარჩენილი და ეს უფლებაც წაართვეს. უკვე მეორე შემთხვევაა, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რომ ხსნის პოსტიდან და სხვისით ანაცვლებს. ზოგადად, როგორც დასჭირდებოდა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად სცვლიდა პრემიერებს. ამჯერადაც ასე გააკეთა. ამ ცვლილებას დადებითი შედეგი ნამდვილად არ ექნება, უარყოფითი შედეგები კი შეიძლება ჰქონდეს. ირაკლი ღარიბაშვილი, ასე იყო თუ ისე, ახერხებდა ლავირებას, ყველასთან ჰქონდა მეტ–ნაკლებად ნორმალური ურთიერთობები, დეკლარირებულად აკეთებდა განცხადებას ტრადიციების, კონსერვატიული ღირებულებების დაცვის აუცილებლობის შესახებ. ირაკლი კობახიძე ამ ფასეულობებს ნაკლებად აღიარებს და გვახსოვს მისი განცხდება, ეროვნული ცნობიერება რა არის, არ ვიციო. ეს განცხადება პარლამენტში გააკეთა. და ასევე გვახსოვს თუ როგორ არ უნდოდა კონსტიტუციაში უცხოელებზე სასოფლო მიწების აკრძალვაზე ჩანაწერის გაკეთება, სანამ ხალხმა არ აიძულა… როგორი იქნება მისი მიღვაწეობა პრემიერ–მინისტრის რანგში, არ ვიცი. მე დადებითად არ ვუყურებ ამას.
–ღარიბაშვილი კონსერვატორობდა და ხალხი ფიქრობდა, რომ ეს იყო ხელისუფლების მთავარი ხაზი პოლიტიკაში. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი მის ნაცვლად ნიშნავს კაცს, რომელიც წარსულში ნეოლიბერალური განცხადებებით გამოირჩეოდა.
–კი, ბატონო, აშკარად ლოგიკას აცდენილი რეალობაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, ის ქვეყანას მართავს როგორც ბიზნესს, მას ნაკლებად აინტერესებს ხალხის საჭიროებები და ეროვნული ინტერესები, გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. მთავარია, მისმა რჩეულმა თანამდებობის პირმა მისი დავალება შეასრულოს პირნათლად და არ აინტერესებს, ის ხალხისთვის რამდენად მისაღებია. ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა გააწბილა „ქართული ოცნების“ ის მომხრეები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს და შესაბამისად, ხელისუფლებას კონსერვატიული იდეების დამცველად მიიჩნევდნენ. არ ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან რაიმე პროტესტი იქნება კობახიძის გაპრემიერების შემდეგ. მათთვის პირადი კეთილდღეობა და ამის გარანტის, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა მთავარი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხალხი კმაყოფილი ვერ იქნება.
– ზოგი ამბობს, ღარიბაშვილს დასავლეთი აღარ ელაპარაკებოდა და ირაკლი კობახიძე უფრო მისაღებია მათთვის და დასავლეთთან ურთიერთობის დასალაგებლად გააპრემიერა კობახიძე ღარიბაშვილმაო. აქვე უნდა ვახსენო სანქციები, რომლებიც დასავლეთიდან ემუქრება ივანიშვილს და აქედან გამომდინარე, მართლა სჭირდება ამ ურთიერთობის დალაგება.
–რაღაც ლოგიკა არის ამაში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ლავირებდა და ევაჭრებოდა დასავლეთს. იგივე ვიქტორ ორბანთან, ჩინეთში ვიზიტები, ჩინეთთან ურთიერთობების გააქტიურება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ დასავლეთიდან მოთხოვნაც იყო ბიძინა ივანიშვილი მიმართ, რომ მომხდარიყო პრემიერის ჩანაცვლება მათთვის უფრო მისაღები კანდიდატით. შესაძლოა, ასე იყოს. თუმცა, 12 წელი გავიდა, რაც ეს ხელისუფლებაა და ქვეყანა წინ ვერ წავიდა ვერანაირი კუთხით, ქვეყანაში სფეროს ვერ დამისახელებთ, რომ გამართულად მუშაობდეს. ხელისუფლება ამაყობს, რომ ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, ეს არის სასაცილო. „საქსტატის“ მონაცენებით, მინუს 9.3 მილიარდზე ავიდა უარყოფითი სავაჭრო სალდო ექსპერტსა და იმპორტს შორის. ერთი წლის წინ 7 მილიარდამდე იყო, 2 მილიარდზე მეტით გაიზარდა ერთ წელიწადში. როდესაც ქვეყანაში მინუს 9.3 მილიარდშია სავაჭრო სალდო, ეს ქვეყანა ჩამოკიდებულია ტურიზმზე და ემიგრანტების ფულად გზავნილებზე. ქვეყანა არაფერს აწარმოებს და წარმოების გარეშე ეკონომიკა წინ ვერ წავა. ამას დავამატოთ 30 მილიარდამდე საგარეო ვალი. წარმოება ჩამკვდარია, ხალხი უმუშევარია და ემიგრანტთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. თუ ადრე ოჯახიდან ერთი კაცი მიდიოდა უცხოეთში სამუშაოდ და იქიდან არჩენდა ოჯახს, ახლა ოჯახებიანად მიდიან. ეს დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფი ქვეყნის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, აჩქარებს ამ კატასტროფას. ამ ფონზე პასუხისმგებლობა იმას ეკისრება, ვინც მართავს. არც ამ ცვლილებების შემდეგ შეიცვლება რაიმე ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, მიგრაციის კუთხით, არც ერთ მნიშვნელოვან სფეროში არ იქნება ცვლილება. შესაბამისად, ეს იყო, ან გარედან მოთხოვნილი ცვლილება და ან ბიძინა ივანიშვილის გარკვეულ მოსაზრებებს ასე დასჭირდა.
–არჩევნებამდე ამ გუნდით მივა „ქართული ოცნება“? ისევ კორუმპირებული, სახელგატეხილი, საზოგადოებისთვის მიუღებელი სახეები. თუ არჩევნებამდე შესცვლის მინისტრთა კაბინეტს?
–12 წელი საკმარისზე მეტია, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი ვნახეთ. რადიკალურ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, არ განახორციელებს. არჩევნებამდე დიდი დროა, ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდება საშინაო და საგარეო პოლიტიკაში და ივანიშვილი გადაწყვეტილებას ამის გათვალისწინებით მიიღებს. თუმცა, მე მისგან არ ველოდები წინასაარჩევნოდ რადიკალურ ცვლილებებს. სავარაუდოდ, ამ სამთავრობო გუნდით გავა „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. აქვე ვიტყვი, რომ როდესაც 12 წელიწადში ქვეყანაში ვერაფერ სასიკეთოს ვერ გააკეთებ, არჩევნებისთვის კი არ უნდა ემზადებოდე, უნდა ადგე და წახვიდე. თუმცა, „ქართთული ოცნება“ იმით სარგებლობს, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ამ ხელისუფლების შეცდომებსა და დანაშაულებს სათანადოდ გამოიყენებს და შესცვლის მას, ოპოზიციას ნდობა აქვს დაკარგული ხალხში, რადგან მათ ნაწილს წარსულში უარესი აქვს ჩადენილი, ნაწილი ხალხში ნულოვანი ნდობა აქვს მათი იდეოლოგიის გამო, ნაწილი კი ხელისუფლების თამაშს თამაშობს მისთვის კრიტიკულ მომენტებში. ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ უმრავლესობა ასეა.
–მედიით გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბიძინა ივანიშვილი მემკვიდრედ შვილს, უტა ივანიშვილს ამზადებს და ის იქნება მომავალში ქვეყნის პრემიერ–მინისტრი.
–საეჭვოა, თუმცა არ გაუჭირდება ამის გაკეთება. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,რომ თუ მოინდომა, ვინმემ და რამემ ხელი შეუშალოს. შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს და რასაც მოინდომებს, იმას გააკეთებს.
კომენტარები