ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
– ბატონო კოტე, როგორ შეაფასებთ იმ საკადრო ცვლილებებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა ირაკლი კობახიძის ხელით და რამდენად დამოუკიდებელი იყო ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებების მიღებაში? ურევია თუ არა აქ რუსეთის ხელი?
– ამ ყველაფერს მაღალი დონის ინფორმაციებზე მწვდომი პირების მონაყოლზე დაყრდნობით გეუბნებით…. ლილუაშვილის მოხსნა უკავშირდება გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევას საქართველოდან, რამაც ივანაშვილი გააცოფა. ამ მომენტით ისარგებლა კობახიძემ და კახა კალაძის დაუძინებელი მტერი, ლილუაშვილი, ჩამოაშორა სუს-ს, თან ლილუაშვილს ჩამოართვა ქოლ- ცენტრების ბიზნესი, რომელსაც ამჟამად კობახიძე გააკონტროლებს. კალაძე-კობახიძის ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილს და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული. თან ისე ეჩქარებათ, რომ ლილუაშვილს არ აცალეს იმ 6 წლიანი ვადის დასრულება, რა ვადითაც პარლამენტმა აირჩია და ისარგებლეს ბიძინას გაბრაზებით ბაჩიაშვილის საქართველოდან გასვლის გამო. კობახიძეს რომ ეჩქარება, ეს ცხადია, ყოველი დღე უაღრესად შემოსავლიანია და რაც მალე ჩაიგდებს ფულის შოვნის წყაროებს ხელში, მით მეტის შოვნას მოასწრებს. იგივე სულისკვეთება აქვს კალაძესაც, რომელიც, გავრცელებული მოსაზრებებით, ისეთი კორუმპირებულია, რომ, როგორც ამბობენ, ამის ამსახველი მასალებით გაივსო სუს-ის საგამოძიებო უწყების თაროები. სწორედ ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით, „მზეზე მაღალის“ გულისწრომის ფონზე, ბაჩიაშვილთან დაკავშირებით…
რუსეთი რა თქმა უნდა ცალკე მუშაობს კობახიძესთან, რათა მისგან გამოვიდეს ისეთი კადრი, როგორც ღარიბაშვილი იყო მათთვის. ბიძინას ძირითადი საზრუნავი პირადი უსაფრთხოებაა, მაგრამ ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ ეს მისი პირადი უსაფრთხოება ძალიან კრიტიკული საფრთხის ქვეშაა. რუსები ბიძინას, დიდი ალბათობით, მოაშორებენ, რადგან მისი ნდობა აღარ აქვთ. უბრალოდ, შიშის ქვეშ ჰყავთ და ბიძინასაც იმედი აქვს რომ რუსების მხარდაჭერით ლუკაშენკო გახდება და საქართველოსგან ბელარუსს გააკეთებს, მაგრამ მწარედ ცდება… რუსების ბუნება ვინც იცის, ის მიხვდება, რომ ბიძინა ივანაშვილს რუსები დიდხანს ყოფნას არ აცლიან და 2021 წლის თებერვლის დასაწყისში გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს აუცილებლად აღასრულებენ. ბიძინა გაწოლილია რუსების ფეხქვეშ და იმედი აქვს, რომ ეს საკმარისია იმისათვის, რათა არ მოკლან რუსებმა. მაგრამ რუსეთის ფეესბეს სტილი ვინც იცის, იმას ეჭვი არ შეეპარება, რომ ბიძინას კარგი დღე არ ელის რუსებისგან.
– ჩემამდე ის ინფორმაციაც მოვიდა, რომ სუს–ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილმა იმიტომ მოხსნა, რადგან მას კარგი კავშირები აქვს ამერიკის და ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რადგან ივანიშვილი ამერიკასთან და ევროპასთან ყველა ხიდის გადაწვას აპირებს. ასევე, არსებობს ვერსია, რომ ლილუაშვილი შესაძლოა, ქვეყნიდან გაიქცეს და გენპროკურორ ირაკლი შოთაძესავით, ამერიკაში ჰპოვოს თავშესაფარიო. რამდენად რეალურია ეს ვერსიები?
– ლილუაშვილი „ქართულად“ მუშაობდა და ყველასთან ცდილობდა კონტაქტის აწყობას, მაგრამ იგი რუსების კადრი იყო და ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სისტემაში შედიოდა.ჩემი ინფორმირებული წყაროების მოწოდებული ამბების მიხედვით, ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო მისი მოშორებისა, რადგან ფარცხალაძესა და ივანაშვილს შორის მტრობა ჩამოვარდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ფარცხალაძესა და უჩა მამაცაშვილს ბიძინამ 2022 წელს, ჩამოართვა დღგ-ს ფაქტურებით მანიპულაციიდან მიღებული, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული 700 მილიონი ლარი, რომელიც დოლარებში ინახებოდა კვიპროსის ბანკში, რომანოვი-ფარცხალაძის და უჩა მამაცაშვილის ანგარიშებზე.
– დავუშვათ, თქვენი წყაროების ინფორმაციები უტყუარია, ანრი ოხანაშვილი რაღა კრიტერიუმებით შეარჩია ივანიშვილმა სუს–ის უფროსად, როგორ ფიქრობთ?
– კობახიძისადმი მორჩილების კრიტერიუმით. ბიძინა ახლა ეყრდნობა კობახიძეს. არადა, კობახიძე ის კაცია, რომელიც ბიძინამ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, თავის დაცვას აცემინა. მაშინ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. პარლამენტის თავმჯდომარე ფეხქვეშ გაიფინა ბიძინას დაცვამ საოცარი დემოკრატიის ფარგლებში. არა მგონია, კობახიძეს ეს დავიწყებული ჰქონდეს, ასე რომ, დღეს კობახიძე „სტოკჰოლმის სინდრომით“ დაავადებულს თამაშობს, მაგრამ ბოლოს ხანჯალს სწორედ ის ჩაარტყამს ბიძინას ზურგში. ეს ჟანრის კლასიკაა. კობახიძის პირფერობაც ივანაშვილის მიმართ არის „სასიკვდილო კოცნა“.
–მოულოდნელი იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოხსნა, რომელიც კახი კალაძის კადრად მოიაზრებოდა და ხელშეუხებელად ითვლებოდა. რატომ მოხსნეს რიჟვაძე? ეს თქვენს სქემაში თითქოს არ ჯდება, არა?
– ჩემი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ გამოავლინა კახა კალაძის მიმართ დაუმორჩილებლობა და ცალკე კავშირები გააბა რუსეთის ფეესბესთან. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში მყოფები ცდილობენ, საკუთარი არხები გაჭრან ფეესბესთან და ეს უკვე ტრადიციადაა ქცეული. რადგან კახა კალაძე გახდა საქართველოს მერი , მან ამ საკადრო კარუსელში მოაყოლა რიჟვაძეც, რათა გაეწმინდა აჭარის რეგიონი და დაექვემდებარებინა იგი. სულხან თამაზაშვილი, სწორედ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსობიდან დააწინაურეს აჭარის მმართველად. თბილისის პოლიციის სამმართველოზე და თავისთავად მის შეფზე, სულხან თამაზაშვილზე კალაძეს სოლიდური გავლენა ჰქონდა.
– როგორ ფიქრობთ, საკადრო ცვლილებები გაგრძელდება ?
– ირაკლი კობახიძე ეცდება საკუთარი კადრებით დააკომპლექტოს რეგიონებში და რაიონებში ადგილობრივი ხელმძღვანელობა და ამას გააკეთებს ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადების ეგიდით. კობახიძე ჯერ კიდევ არის ივანაშვილი ბიძინას ნდობით აღჭურვილი პირი, მაგრამ ეს დროებითია. ბიძინას თავისი საკონტაქტო პირები ყავს ფეესბესთან ურთიერთობისთვის. ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ გააჟღერა რუსეთის ფეესბეს ოფიცრის გვარ-სახელი – ანდრეი კრუშანოვი. ამის შემდეგ ჩიკვაიძე დაიჭირეს. მანამდე გახმაურდა იულია კრუშანოვას გვარ-სახელი, რომელიც აიურვედას-„სიცოცხლის ხელოვნების“ სპეციალისტია და ბიძინას შეუგდო ფეესბემ, როგორც ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონსულტანტი. ანდრეი კრუშანოვის გვარი საეჭვოდ ემთხვევა იულია კრუშანოვას გვარს. ვინ არიან ისინი ერთმანეთის, არ ვიცი, მაგრამ ეს დეტალებია. მთავარია პრინციპი და ეს პრინციპი უკავშირდება ფეესბეს ტექნოლოგიებს. ბიძინასთან ისე ახლოსაა ფესსბე, რომ მის სუნთქვას აკონტროლებს. ანდრეი კრუშანოვი, ბიძინასთან ცხოვრობს სახლში…
კომენტარები