„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს:
„სააპელაციო სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური წნეხის ქვეშ გადაწყვეტილების მიღება. თითოეულ მოსამართლეზეა დამოკიდებული, თუ რა შინაარსის გადაწყვეტილებას მიიღებენ. გაიზიარებენ თუ არა ისინი ლაშა ჩხიკვაძის ბედს, რომლის გადაწყვეტილებით არა მხოლოდ ერთი ადამიანის თავისუფლება იქნა უკანონოდ აღკვეთილი, არამედ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს დაესვა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი.
სასამართლო სტატისტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში ცალსახად აჩვენებს, რომ ამ მუხლით ადამიანები არ მიდიან საპატიმრო დაწესებულებაში. არც ერთი ასეთი შემთხვევა არ იყო უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში გამონაკლისი ცხადია, განპირობებულია პოლიტიკური მოტივაციით და იმის გამო, რომ ნიკა გვარამია არის კრიტიკული მედია საშუალების გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი. ესაა ერთადერთი მიზეზი მისი ციხეში ყოფნის“ – განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 24 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი როდის გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.
კომენტარები