ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
–ბატონო გიორგი, თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წელსაც მოვიგებთ არჩევნებს და 2028 წელსაცო. მის გარდა, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც ალაპარაკდნენ, რომ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებათ. საიდან აქვთ ეს ოპტიმიზმი? თუ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ამხნევებენ ამ მესიჯებით? დიდი ხანია, ასე ოპტიმისტურად განწყობილნი არ ყოფილან.
–ეს ერთიანი შემუშვებული მესიჯ–ბოქსია, რომელსაც დრო და დრო უგზვნიან თავიანთ ამომრჩევლებს. ეს კალაძემდე განცხადა ღარიბაშვილმა, მერე კობახიძემ, მდინარაძემ... ეს არ არის ოპტიმიზმით განპირობებული განაცხადები, ყველამ იცის, რომ მათ დაკარგეს ხალხის ნდობა და დასაყრდენად დარჩათ ადმინისტრაციული რესურსი და კრიმინალური სამყარო. ამ მესიჯს ორმაგი დანიშნულება აქვს. საზოგადოების დიდ ნაწილს სურს ამ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ მათი ნაწილი არ დადის არჩევნებზე. ამით სურთ, ამ ხალხში ნიჰილისტური განწყობა გააძლიერონ, აფიქრებინონ, რომ არჩევნებით მაინც არ შეიცვლება არაფერი, რომ „ქართულ ოცნებას“ მაინც განაღდებული აქვს გამარჯვება და ეს ხალხი არც გაისად მივიდეს არჩევნებზე, რადგან თუ მივლენ, ოპოზიციას მისცემენ ხმას. მეორე მიზანი საკუთარი მომხრეების კონცენტრაციაა, რომ მათში არ გაღრმავდეს ნიჰილიზმი „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს ხალხი ხედავს, რომ ამ პარტიას მომავალი არ გააჩნია, ბიძინა ივანიშვილი უკვე ხვალინდელი დღეა, ამას უყურებენ ტელევიზიებით, სოც–მედიაში ეცნობიან ამის შესახებ ინფორმაციას, ხედავენ საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ და ეშინიათ, ამ პესიმისტური განწყობის და ეუბნებიან, რომ ამ არჩევნებსაც მოვიგებთ, მომდევნო არჩევნებსაც და 22–ე საუკუნეშიც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაშიო. ამ მომხრეებში ის კრიმინალებიც იგულისხმებიან, რომლებიც მათ უჭერენ მხარს და მუდამ ხელისუფლების მხარეს არიან. კრიმინალებს ხელისუფლების გარდა ვერავინ მისცემს ხელშეუხებლობის და სხვა გარანტიებს, რადგან ხელისუფლებისაა პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და სუს–ი. წინა ხელისუფლებებიც ამას ამბობდნენ, რომ აუცილებლად მოიგებდნენ იმ არჩევნებს, რომლებიც მერე მათი დასასრული გახდა. ასეთ განცხადებებს მაშინ აკეთებს ხელისუფლება, როდესაც ძალიან უჭირს. ამათ აშკარად ძალიან უჭირთ, თორემ ასეთ უსაფუძვლო ოპტიმისტურ განცხადებებს არ გააკეთებდნენ.
–მახსოვს, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აკეთებდნენ საჯარო განცხდებებს, რომ მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლებები 25–30 წლით რჩებიან ხელისუფლებაშიო და ზოგიერთები ამას მეცნიერულ ახსნასაც უძებნიდნენ.
– კი, ზუსტად გახსოვთ, 25 წელი რჩებოდნენ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ და წასვლაზე არ ფიქრობდნენ, იმავეს ფიქრობდნენ მანამდე შევარდნაძე და მისი „მოქკავშირი“. ეს სენია ჩვენი ხელისუფლებებისა და ამათაც გადაედოთ.
– ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, ერთიანი ოპოზიციის ლიდერი გახდეს. დღეს უკვე ძალიან სერიოზულად არის ამაზე ლაპარაკი. მოხდება ასე? და თუ მოხდა, სალომე ზურაბიშვილი დარჩება პრეზიდენტის პოსტზე თუ გადადგება და 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის საერთო სიით? საერთოდ, რა კონფიგურაციას აწყობს ოპოზიცია და ურევია თუ არა ამაში ბიძინა ივანიშვილის ხელი?
–კი, ჩვენ ამ საკითხზე ბევრი გვისაუბრია, არც ერთი არ გამოვრიცხავდით მის ოპოზიციაში წასვლას და ჩემი პოზიციაც ცნობილია ოპოზიციონერ თუ ოპოზიციის მომავალ ლიდერ სალომე ზურაბიშვილზე. გახსოვთ, ალბათ, გითხარით, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი არ შედგებოდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სცენარი, რომ ოპოზიციაში მომხდარიყო ზურაბიშვილის კორონიზაცია. იმპიჩმენტის პროცედურით პიკამდე მიიყვანეს დაძაბულობა, მერე გამოვიდა ზურაბიშვილი და ხალხს მოუწოდა, იმპიჩმენტის დროს მე რომ პარლამენტში ვიქნები, თქვენ გარეთ დადექითო. იმის გათამაშება უნდოდა, რაც 2005 წლის 20 ოქტომბერს გაითამაშა იპოდრომზე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. ეს უკვე აღარ ჭამა ხალხმა და ჩვენც გარკვეული როლი ვითამაშეთ, რადგან სიმართლე ვუთხრით ხალხს, ავუხსენით, რაში სჭირდება ივანიშვილს ზურაბიშვილი. ეს იმპიჩმენტის მთელი პროცესი იყო ცირკი. კარგი, წავიდა დასავლეთში და იქ შეხვდა რამდენიმე ევროპელ პოლიტიკურ ლიდერს. მერე რა? რისი შეცვლა შეუძლია ევროინტეგრაციის პროცესში უუფლებო პრეზიდენტს? არაფრის. 12 პუნქტის შესრულება შედის მის უფლებამოსილებაში, ან შარლს მიშელს რომ შეხვდა, რა უთხრა? შარლ, გეხვეწები მოგვეცი სტატუსიო და იმანაც უპასუხა, ნუ ნერვიულობ, სალომე, მოგცემთ, აბა, რას ვიზამთო? ევროკანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მან უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც ევროპიდან მოდის. გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს პრეზიდენტი. შესასამისად, თითიდან გამოწოვილი იყო ის ყველა ის არგუმენენტი, რომ თითქოს სალომე მიგვიძღვის ევროპისკენ და ამაში ხელს უშლის ხელისუფლება. სინამდვილეში ეს არის თამაში. სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ოპოზიციაში ლიდერად, თუ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ. ყველა არა მგონია, მაგრამ რამდენიმე გაერთიანდება. მის გარშემო ასევე მოხდება ყოფილი, მეორადი ქოცების კონცენტრირება, იმ ხალხისა, ვინც ბიძინა ივანიშვილზე დღემდე ხმას ვერ იღებს და მის გარდა ყველას ადანაშაულებენ იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდება. შეიფუთება პროდასავლური ოპოზიციური ფრთა და მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია არჩევნების წინ გადადგეს და ჩაუდგეს სათავეში ამ ძალად გაერთიანებას. ივანიშვილის საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ეს ოპოზიციური ძალა შეიყვანონ პარლამენტში და თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ვერ მოიგო, მაშინ მასთან ერთად შექმნის კოალიციურ მთავრობას და დარჩება ხელისუფლებაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ შედგა, ვერ გამოვიდა სალომე ზურაბიშვილის გაოპოზიციონერება, ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლების ლიდერების დაპირისპირება ზურაბიშვილის მიმართ და მერე იმპიჩმენტის პროცესიც იყო დადგმული და ამ სპექტაკლის რეჟისორი არის ივანიშვილი. მე მგონია, რომ ამ პროექტს შეიძლება მიანებოს თავი ივანიშვილმა, რადგან ხალხი ვერ მოატყუეს, ვერ იყო დამაჯერებელი სპექტაკლი.
–ხელისუფლება ტელევიზიების ჟურნალისტებისთვი კანონს ამკაცრებს, უხამსი სიტყვები, სიძულვილის ენა, ძალადობრივი ლექსიკა რომ არ მოხვდეს ეთერში. ამის გამო ტელეკომპანიები დაჯარიმდებიან. მორალის დამცველი გამოდის ის ხელისუფლება, რომელთა მაღალი რანგის წარმომდგენლებს, მათ შორის პრემიერ–მინისტრგიორგი კვირიკაშვილსაც, პარლამენტში და სხვაგანაც უკანასკნელი სიტყვებით უგინებიათ. საით მიდის ეს ყველაფერი?
–ტელევიზიებს რომ შეუქმნან პრობლემები, იმის გამო. ცხადია, ოპოზიციურ ტელევიზიებს დააჯარიმებენ, თავიანთსას არა. საინტერესო ის არის, რომ დავუშვათ პოლიტიკოსმა შეიგინა პირდაპირ ეთერში, მას პასუხს არ მოსთხოვენ, ტელევიზია კი სოლიდურ ფულად ჯარიმას გადაიხდის. არადა, პირველ რიგში ის უნდა დაისაჯოს,ვინც უხამსობს, ძალადობრივ თუ სიძულვილის ენას იყენებს, თუ მაინც და მაინც ტელეთერის გაწმედა უნდათ. აქ ხომ ყველფერი უკუღმა და ესეც უკუღმა გააკეთეს. არა, საერთოდ რა მორალზე მელაპარაკებიან ესენი? პირდაპირ ეთერში მოკლეს ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა და დღემდე ამაზე პასუხი არავის უგია. სცემეს ჟურნლისტები, დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა მათ პროკურატურამ და არც ერთი ჟურნალისტიც ცემის ფაქტზე არავინ დაუსჯიათ. ცხადია, უხამსობა არც ტელევიზიებში, არც სხვა მედიასაშუალებებში არ უნდა იყოს, სხვას თუ არა, საკუთარ თავს უნდა ვცეთ პატივი, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ იმ ტელევიზიებს შეუქმნიან ფინანსურ პრობლემებს, რომლებიც ყელში ეჩხირებათ.
– მსგავსი სიტუაციაა რუსეთში. კრემლის რუპური, ვლადიმერ სოლოვიოვი საკუთარ გადაცემაში, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, მთელ გენერალიტეტს კრეტინებსა და იდიოტებს უწოდებს და ამის გამო მას ხმას არ სცემენ, სხვა ჟურნალისტმა იმავე მიზეზით მსუბუქად თუ გააკრიტიკა ერთი გენერალი მაინც, მას საბოტაჟის მუხლით ციხეში ჩასვამენ.
–კი, ბატონო, ამათ რუსული კანონების კალკირება უყვართ. კარგი მაგალითია და მეც მაგას ვფიქრობ , რომ აქაც იგივე განმეორდება, ვინც თვალში არ მოსდით, აავსებენ ჯარიმებით. ვიმეორებ, უხამსობა არ უნდა იყოს ტელევიზიებში, არც ერთ მედიაში მაგრამ ამით „ქართულმა ოცნებამ“ ექსკლუზივი აიღო გინებაზე. ის უხამსობა, რომელსაც კრძლავენ, სიტყვის და გამოხატვის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და ამას რა ვუყოთ? ამას მალე მოჰყვება გაგრძელება–ამ კანონს დაუქვემდებარებენ ბეჭდურ მედიას, მერე სოციალურ მედიას და იქაც შერჩევით დასჯიან მედიასაშუალებებს. ამ აკრძალვებს ნაბიჯ–ნაბიჯ მივყავართ იქამდე, რომ მალე მედიაში ყველაფრის აკრძალვას შეეცდებიან და ყველგან უნდა იყოს მხოლოდ ხელისუფლების ქება–დიდება.
–ბატონო გიორგი, ბოლო საპარლემენტო არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების იდეა თქვენ გეკუთვნოდათ, თქვენს ოფისში ხდებოდა ოპოზიციის შეკრება, „ლეიბორისტების ფანჩატური“ და „შალიკოს ფანჩატური“ დაერქვა ოპოზიციის თავყრილობის ადგილს და ბოლოს,ვინც მანდ იკრიბებოდა, თითქმის ყველამ რაღაც იხეირა, თქვენს გარდა.
–კი, ყველამ იხეირა აქედან და „ლეიბორისტები“გამოვედით დასჯილები. მაშინ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიდა ოპოზიცია, სპორტული ტერმინი რომ ვიხმარო, ხელისუფლება ჩაყენებული იყო ჩოქბჯენში, ხელისუფლებას ედგა ლეგიტიმაციის პრობლემა და რაც მთავარია, ედგაა ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა, კრიზისი ედგა. ეს თვითონ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩვენ კრიზისი გვქონდა 2021 წლის მარტშიო. ზუსტად მაშინ,როცა პიკში იყო ფანჩატური, ოპოზიციური ერთობა. საკმარისი იყო, ცოტაც გაეძლო ოპოზიციას და ამ კრიზისის განმუხტვა მოხდებოდა ახალი არჩევნებით და გვეყოლებოდა ახალი ხელისუფლება. ოპოზიცია გაიპარა, შევიდა პარლამენტში და უანგაროდ არ მომხდარა ეს ყველაფერი, საკმაოდ სოლიდური თანხა იქნა დახარჯული, რომ პარლამენტში შეერეკათ ისინი. სამაგიეროდ, ჩვენ დაგვსაჯეს, სპეციალურად ჩვენთვის მიიღო კანონები პარლამენტმა, ჯერ ჩამოგვართვეს წევრები საარჩევნო კომისიებში,მერე უფასო პოლიტიკური რეკლამა ტელევიზიებში, რომელიც გვეკუთვნოდა, როგორც კვალიფიციურ პარტიას, მერე შალვა ნათელაშვილი გარიცხეს პარლამენტიდან, რადგან განცხდება ჰქონდა დაწერილი მის დატოვებაზე. ამ დროს, ყველა იმ ოპოზიციონერს ჰქონდა ამ შინაარსის განცხადება დაწერილი, მაგრამ ისინი დარჩნენ პარლამენტში. ჯერ იმ ფანჩატურის დაშლის მონაწილენი არიან ის ოპოზიციონერები და ამაში არიან დამნაშავეები, მერე, საჯაროდ აცხადებდნენ, არ შევალთ პარლამენტშიო და შევიდნენ. კაცო, ჯერ „ქორთიარდ მარიოტში“, მერე მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში, ბოლოს “მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიას გადაცემაში, პირდაპირ ეთერში, დიდ დაფებზე სათითაოდ ხელი მოაწერეს, რომ არ შევიდოდნენ. ეს იყო ხალხის ღალატი. ასეთ რეჟიმს როცა ებრძვი,თავგანწირვაა საჭირო. ახლა ხალხს ეუბნები, შენ თავი გაწირეო და თავად თბილად ზიხარ პარლამენტში, არ იკლებ არაფერს და გარიგებაში ხარ ხელისუფლებასთან, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის ვაჭრობა, ეს არის დახლი და პოლიტიკური ქარვასლა. დიახ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, თავი გავწირეთ, დავრჩით ხალხისთვის მიცემული სიტყვის ერთგულები და დაგვსაჯეს. რა, ჩვენ ვერ მივაგნებდით პრეზიდენტის სასახლეს და ვერ მოვაწერდით შარლს მიშელის დოკუმენტზე ხელს? არც გვიფიქრია მაგაზე.
კომენტარები