კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა:
„უკრაინას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება შემდეგი ელჩი საქართველოში. როგორც ჩანს, კასიანოვი არ იქნება, ამიტომ მან თავის თავს უფლება მისცა სათქმელი ეთქვა ქართული საზოგადოებისათვის. კასიანოვმა ხალხს მოუყვა ყველაფერი. მან აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ერთი დარტყმის ქვეშ, რუსეთის აგრესიის ქვეშ არიან და საქართველოს მხრიდან უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდებიან. სამხედრო დახმარების ნაწილში რაღაც მაინც უნდა გაგვეკეთებინა.
ხელისუფლებას ნამდვილად ვეთანხმები, რომ სამხედრო ნაწილში ნამდვილად მეტი სიფრთხილეა საჭირო. საქართველომ ისრაელიდან უნდა აიღოს დახმარების მაგალითი. როცა არაფერს აკეთებ, ეს გამოდის სპეკულაცია. ყურადღებას არ აქცევ გენერატორს და სასწრაფო დახმარებას და გადადიხარ მაინცდამაინც ტანკებზე და თვითმფრინავებზე, რომელიც საქართველოს არ აქვს. ჩვენ არაფერი შეგვისრულებია, რა გახდებოდა, 2-3 სახანძრო მანქანა გაგვეშვა ან სასწრაფო დახმარების მანქანა, რაკეტებს ისვრის თუ რა?!
ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკა, აუცილებლად რუსულ პოლიტიკასთან მიგვიყვანს. ჯოჯოხეთი არის დღეს რუსეთი. კეთილი სურვილები, „ჩვენ ომი არ გვინდა“, „მშვიდობა გვინდა“, ამ სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია.
გვავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ისეთივე სახელმწიფო გვაქვს, როგორც უკრაინა. ჩვენ მსოფლიო კი არ ვართ, რომელიც უკრაინას ეხმარება, ჩვენ ვართ უკრაინა, რომელსაც მსოფლიო ეხმარება. ეს არ გვესმის და ამის გააზრება არ გვინდა. ჩვენ ვკარგავთ შანსებს და საბოლოოდ, რუსეთთან პირისპირ ვრჩებით. უკრაინა იბრძვის დემოკრატიისათვის, თავისუფლებისთვის. რუსეთი რომ მარცხდება, ამაში ორი აზრი არ არსებობს“
კომენტარები