15 წელიწადი გავიდა 28 წლის სანდრო გირგვლიანის შემზარავი მკვლელობიდან. სანდროს ცხედარი 2006 წლის 28 იანვარს იპოვეს ოქროყანაში უამრავი დაზიანებით და მას მერე ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
სანდროს მამა, გურამ გირგვლიანი “კვირის პალიტრასთან” ამბობს, რომ სამართალი ამდენი წლის განმავლობაში არ აღსრულდა.
გურამ გირგვლიანი:
– 15 წელი გავიდა სანდროს სადისტური მკვლელობიდან, მაგრამ ამ დრომდე, სამწუხაროდ, სამართალი არ აღდგა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილის დაჭერით რამე გაკეთდა, ეს არ არის სწორი. ისინი იმდენ სიბინძურეში იყვნენ გარეულები და იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ გინდა სანდროს სახელი დაარქვი და გინდა – სხვა რამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. დანარჩენი დამნაშავეები უცხოეთში არიან გაქცეულები და დღემდე არავინ იცის, უშუალოდ ვინ არის სანდროს მკვლელი.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმე რომ განახლდა, გამიჩნდა იმედი, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა, მაგრამ დღემდე არც ამ ხელისუფლებას გამოუძიებია ეს საქმე ბოლომდე და არ დაუსჯია დამნაშავეები. უკვე მივხვდი ერთ რამეს: ხელისუფლებას, გინდა ძველი იყოს, გინდა – ახალი, ეტყობა, თავისი წესები აქვს, ერთმანეთზე გადაბმულები არიან და ერთმანეთის დაცვაზე არიან გადასულები, რადგან კაცმა არ იცის, მერე ვინ მოვა ხელისუფლებაში და ამათაც არ მოუწიოთ პასუხისგება.
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ დიდი მოლოდინი მქონდა, რომ უფრო გააქტიურდებოდა ხელისუფლება და ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს, მაგრამ ასე არ მოხდა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს ოჯახთან ერთად იდგა ეს წლები, მართლა ყველაზე დიდი შედეგი სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო, სადაც პირდაპირ წერია ხელისუფლების დანაშაულზე. შემსრულებლების დასჯა არაფერს ნიშნავს, თან მათაც ჯერ სასჯელი შეუმცირეს, ცოტა ხანში – გამოუშვეს და დამნაშავეები უცხოეთში დასეირნობენ. ყველას დატოვებული აქვს საქართველო, მარტო ორი კაცია თბილისში, ისინიც იმიტომ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლეს.
დათა ახალაია დაუსჯელია, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, რომელიც ამ საქმეში ყველაზე მთავარი დამნაშავეა, აქეთ იქით დასეირნობს და – ვითომც არაფერი. არადა, ყველამ მას დაადო ხელი და ყველამ იცის, რომ ეს მკვლელობა დაკვეთით მოხდა. სალაღაიას დანაშაულს დამტკიცებაც არ სჭირდება, მან უთხრა დათა ახალაიას, ახალაიამ – მელნიკოვს და მერე იცით, რაც მოხდა.
ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი და ისიც არ ვიცით, უშუალოდ რომელმა მოკლა სანდრო. რა სამართლიანობაზე უნდა ვილაპარაკო მას მერე, რაც ლევან მურუსიძე, დასჯის ნაცვლად, ისევ მუშაობს და 2015 წელს პრეზიდენტმა დააჯილდოვა კიდეც. ხელისუფლებას მაშინ ვუთხარი, თუ მურუსიძეს ისევ აირჩევთ, სამართალი არ ყოფილა ამ ქვეყანაში-მეთქი, ის კი ისევ აგრძელებს საქმიანობას. ამ ვითარებაში აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს ბრძოლას. არადა, მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საერთოდ შეცვალა ქვეყნის ისტორია, და ხედავდით ირინას, როგორ იბრძოდა ბოლომდე და როგორ ებრძოდა იმ რეჟიმს. ამაზე არ შევჩერდები, რადგან ყველამ იცის, რაც იყო და როგორც იყო.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველასთან ვიყავი შეხვედრაზე და მპირდებოდნენ, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებდნენ. გამომძიებელმა ყველაფერი გააკეთა თავიდან, მაგრამ საქმე რაღაც ეტაპამდე მიდიოდა და მერე ჩერდებოდა. ეს ხდებოდა 2012 და 2013 წლებში. 2015 წლის მერე უკვე საერთოდ გაჩერდა ეს საქმე.
მე შემიძლია გამოვიდე და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პროტესტი და განვაცხადო ყველაფერი, ამას მოყვება, ალბათ, პატარა რეაქცია, მაგრამ მერე ისევ ისე დაწყნარდება ყველაფერი და რა აზრი აქვს ასეთ პროტესტს. მეც უნდა ვინერვიულო და უნდა ვუშალო ნერვები იმ ადამიანებს, ვინც ჩემ გვერდით იბრძოდა.
საქართველოში ყველა ერთმანეთის მეგობარი და ნათესავია. ძალიან კარგად იციან, რა და როგორ იყო, მაგრამ გამოიძებნა ამ ხელისუფლებაში საახლობლო წრე. დღეს რთული არ არის ამის გამოძებნა და ყველას თავისი დამცველი ჰყავს. ეს ხდება ჩვეულებრივ – მე მოვალ და შენ უნდა დამეხმარო, და ასე, ხელის დაფარებით მიდის ეს ქვეყანა. მე არ ჩამომიყრია ყური, სულ იმას ვიძახი, სამართალი მაინც აღდგება. რაც გააკეთა ჩემმა მეუღლემ, იმაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა? ჩემს ოჯახზე ტრაბახს არ დავიწყებ, მაშინ იმ ბრძოლაში ბევრი ადამიანი გვედგა გვერდში, მართლა კარგი ადამიანები, და აეხადა ფარდა ყველაფერს და დადგინდა, რეალურად რაც მოხდა. ფინალი იყო სტრასბურგის სასამართლო და გადაწყვეტილება, სადაც ყველაფერი ცალსახად წერია. სასაცილო იყო იუსტიციის წარმომადგენელი ბურჯალიანი, რომელიც საქართველოს მხრიდან ჩვენ წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი. განაცხადა, წაგებული აქვთ ეს საქმეო, ურცხვად აცხადებდა ამას, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ 2011 წელს ჩვენ მოვიგეთ ევროპულ სასამართლოში. არ იყო ადვილი, მოგეგო იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვედგა ამ ბრძოლაში. ასეა ეს ცხოვრება და რა ვქნა.
კომენტარები