თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე ანკარასგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.
ერდოღანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ, სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვეს.
“გასაგები უნდა იყოს, რომ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოსთან მსგავსი საზიზღარი სცენა მოაწყო, ჩვენგან კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოს”, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
საპროტესტო აქცია გააკრიტიკა შვედეთის მთავრობამაც.
“შვედეთში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და მოქალაქეებს შეუძლიათ ღიად გამოთქვან აზრი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობა, ან პირადად მე ამ აზრს ვეთანხმებით”, – დაწერა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს.
კომენტარები