-შაბათს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი იტალიას დაეხმარება – კერძოდ გაუგზავნის ვირუსისგან დამცავ და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ გადააგზავნის 8 მობილურ ბრიგადას და ამ ჯგუფში იქნებიან, სამხედრო ექიმები, ეპიდემიოლოგები და მედიცინის სხვა მუშაკები. რას ამბობენ იტალიელები და დაახლოებით, რამდენი ადამიანი ჩამოვიდა კვირას უკვე რუსეთიდან?
-როგორც იტალიური მედია წერს, კი, ჩამოვიდა 8 ბრიგადა და ეს არის 100 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, სამხედრო ექიმები, ეპიდემიოლოგები და მედიცინის სხვა მუშაკები. ეს ყველაზე მაშტაბური დახმარებაა რაც იტალიას მიუღია და რას იტყვიან იტალიელები? ორ რამეს ამბობენ, მადლობას ეუბნებიან პუტინს და ბრაზობენ მერკელზე, გერმანიის კანცლერზე, რადგან ევროკავშირი საერთოდ არ დაეხმარა იტალიას.
ამერიკამ გამოაგზავნა სამხედრო კარვები და იტალიისთვის, თავად ის ჟესტიც, რომ სცადა დახმარება ვინმემ – უკვე სამადლობელოა, ასე რომ ამერიკაზე არაფერს ამბობენ, მაგრამ ძალიან ბევრი იტალიელი აზიარებს მერკელის ფოტოს და წერს, რომ არ დაეხმარა ევროკავშირი იტალიას. ამ ფონზე, რუსეთი ყველანაირად ეცდება რომ იტალიელების გული მოიგოს და მოიგებს კიდეც, რუსეთი აქამდეც ეუბნებოდა იტალიას, გამოდით ევროკავშირიდან და დაგეხმარებითო.
ფაქტი ერთია, ძალიან გულდაწყვეტილნი არიან იტალიელები ევროკავშირზე, რატომ არ დაეხმარა ევროკავშირი, ამაზე არავინ საუბრობს, ჯერჯერობით, ალბათ, მერე ამაზეც ისაუბრებენ.
-ჩინეთიდანაც ჩამოვიდნენ ექიმები და დაახლოებით რამდენი ჩამოვიდა, ხომ არ იცი, ან რას ამბობენ?
-ჩინეთიდან თავდაპირველად ჩამოვიდა 15 ექიმი და მერე იტალიურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ისევ და ისევ ჩამოდიან, ოღონდ, სულ რამდენი ჩამოვიდა უკვე ჯერ არ ვიცი. ჩინელმა ექიმებმა მოითხოვეს ზუსტად, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაამკაცროს იტალიამ საკარნტინო პირობები ქვეყანაში, თორემ, სულაც ავდგებით და წავალთ, თუ თავს იღუპავთ და რეკომენდაციებს არ იცავთ, ტყუილად ჩვენც რატომ დავიხოცოთო, უთქვამთ.
ახლა ამ შაბათ-კვირას ბაზრობები გაიხსნა მილანში და უზარმაზარი რიგები იყოო. ამწამს შემოვიდა ჩემი მეგობარი სახლში, მაღაზიაში იყო, სრულად იყო აღჭურვილი, პირბადე, ხელთათმანი, მოვიდა თუ არა, ტანსაცმელი გაიხადა, სპირტი წაისვა, კარის სახელირუც დავწმინდეთ და ვკითხე, ეკეთათ თუ არა მაღაზიაში სხვებს პირბადე და ხელთათმანი და იტალიელებს არ ეკეთათ ისევ ისე იყვნენ გამოსულნიო.
–იყიდება ახლა?
-მე ადრე ვიყიდე, იცით როდის? ჯერ კიდევ იანვარში, როცა იტალიაში ერთი შემთხვევაც არ იყო დაფიქსირებული და მხოლოდ ჩინეთზე იყო საუბარი. ახლაც შეუძლიათ ყიდვა, როგორც ამბობენ, უნდა შეუკვეთო აფთიაქს, გადაუხადო და მოიტანს.
–როგორ დაიწყო იტალიაში ვირუსის აფეთქება, ამაზე რას ჰყვებიან?
-ჩინეთთან ხომ არ აიკრძალა მიმისვლა და ბიზნესმენები იყვნენ ჩამოსულები ჩინეთიდან, ამ შეხვედრაზე იყო იტალიელი ფეხმძიმე ქალი, რომელსაც მალევე დაეწყო გრიპის სიმპტომები და მივიდა კლინიკაში, სადაც ვერ მიხვდნენ თავიდან, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კორონავირუსი, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდნენ. ამ რამდენიმე დღეში კი ყველა დაინფიცირდა, ამ ქალის ახლობლები, საავადმყოფოს ექიმები და ექთნები, ვინც გასინჯა, ვინც ანალიზი აუღო, ყველა – მერე ეს სამედიცინო პერსონალი ხომ სხვა ავადმყოფებთანაც შედიოდა, იქაც გადასდეს და სახლებშიც მიიტანეს ვირუსი და იფეთქა და იფეთქა.
ამბობენ, რომ ამ გარდაცვლილთა რიცხვში, რასაც იტალია აცხადებს, სეზონური გრიპით და სხვა ქრონიკული დაავადებებით გარდაცვლილებიც არიან და ერთიანი სტატისტიკაა, ყველა არაა კორონავირუსით დაღუპულიო.
არა, ცალკეა კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა და ცალკეა სხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა. ეგ ცხადდება. საუბარია იმაზე, რაც უკვე ყველამ იცის, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ადვილად ერევა ვირუსი. იტალიაში ძალიან ბევრია ასაკოვანი ადამიანი და ზოგს შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდეს, ზოგს სასუნთქი გზების,მაგრამ ეს ადამიანები ცოცხლობდნენ და დიდხანს იცოცხლებდნენ კიდევ, რომ არა ეს ვირუსი.
თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ვირუსი, მხოლოდ ხანდაზმულებს ემართება, გამოაქვეყნეს სტატისტიკა და იტალიაში დადასტურებული შემთხვევებიდან:
29 წლამდე ასაკში სიკვდილი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
30 – 50 წელი – დაფიქსირდა რამოდენიმე ათეული შემთხვევა.
დანარჩენი 50 წლის ზევით.
50-70 წლამდე სიკვდილიანობის თითქმის იგივე რაოდენობაა, რაც 70 წლის ზევით.
მამაკაცებში 2 ჯერ მეტია ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი.
ასე რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ 70 წელს გადაცილებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან რისკის ქვეშ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – დაიცავით რეკომენდაციები და ასევე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელმაც დღეს გააუქმა სპეც რეისები – ნუ დატოვებთ საქართველოს მოქალაქეებს ქუჩებში, ნუ გაწირავთ, რა რეკომენდაციების შესრულებაზე და პირბადეზე იქნება საუბარი, არიან ადამიანები, რომლებიც უკვე დარჩნენ ბინისა და საკვების გარეშე და ძალიან ბევრია, რომელსაც მალე ელოდება ქუჩაში დარჩენა, რადგან ვერ მუშაობს.
ალია
კომენტარები