პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
“ლიდერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ “ვარდების რევოლუციაში” აქტიურად ვიყავი ჩართული. ზურაბ ჟვანიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. კოსტავას ქუჩაზე პირველი ლიტერატურული კაფე ჩემი ინიციატივით გაიხსნა. დაუმორჩილებლობის შტაბის ფუნქციას ასრულებდა.
სააკაშვილი თავიდანვე მაშფოთებდა, მაგრამ ზურა იყო გარანტი, რომ პროცესი ნორმალურად განვითარდებოდა. მისი თხოვნით სამეთვალყურეო საბჭოშიც ვიყავი. ჩემი მთავარი მიღწევა რკინიგზაში შავი სალაროს ამოძირკვა იყო. მაშინ ლევან ვარშალომიძე იყო დირექტორი და ერთად ვიბრძოდით. შემდეგ ლევანი აჭარაში წავიდა, დირექტორი დავით ონოფრიშვილი გახდა და ძალიან მალე მოვიდა ახალი სქემების დალაგების დირექტივა. იქიდან დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლებასთან.
წამოვედი რკინიგზიდან და საჯარო განცხადებები გავაკეთე, რის შემდეგაც თავს დამესხნენ. სხვათა შორის, პირველი პოლიტიკური თავდასხმის მსხვერპლი მე ვიყავი. ეს დღეს არავის ახსოვს – ქვედა და ზედა ყბა დამსხვრეული მქონდა, 6 საათს მიკეთებდნენ ოპერაციას. ამ შემთხვევიდან 10 დღეში დაიღუპა ზურაბ ჟვანია და ამის მერე დაიწყო ჩემი დაპირისპირების ეპოპეა რეჟიმთან.”
კომენტარები