“ალია“ ესაუბრება პოეტ საშა გველესიანს:
– დღევანდელ პოლიტიკურ ველს რომ გადავხედოთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
– არა. ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ გვყავს, ჩვენ გვყავს საშოვარზე გამოსული ხალხი. არავინ მეგულება, ვისაც ვანდობ ქვეყნის ბედს, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ პარტიას, ვისაც შეიძლება ხმა მივცე. ახლა ე.წ. პოლიტიკურ ველზე არის ორი ცუდი ადამიანი, რომელთაც ერთმანეთი სჭირდებათ იმისთვის, რომ მეორე უფრო ლანძღონ, ვიდრე თვითონ და ასე ვტრიალებთ წრეზე. ჩვენთან პოლიტიკა არ არსებობს, ეს რასაც ვხედავთ საშოვარისთვის ღვაწლია.
– ასე გრძელდება უკვე წლებია, არადა, ქართველები მებრძოლი ხალხიც ვართ, პოლიტიკაშიც ყველა მეორე ჩახედულია, ბევრმა ვიცით რაც ხდება და მაინც ამის უფლებას ვაძლევთ. ასე რატომ ხდება?
-კი, ხალხის ბრალიცაა, რა თქმა უნდა. ნახეთ, ერის ფუნქცია აითვისა „ფეისბუქმა“ და ჩვენ სათქმელს, სიხარულს თუ ბოღმას, იქ ვანთხევთ – და ამ დროს ისინი, პოლიტიკოსებს ვინც უწოდებს თავს – მშვიდად არიან. ოღონდ რამე მოხდეს, წავიდეს პოსტები და კომენტარები და მორჩა, აქვე ხდება ადამიანების განმუხტვა. ძალიან ჭკვიანური გამოგონება გამოდგა იმისათვის, რომ ვიღაცების სიმშვიდე გარანტირებული იყოს მაღლა.
– როგორც ვიცი, მითითებებიც აქვთ, რომ არ უნდა აგვყვნენ და თავად დაგვავიწყდება ბრაზი…
– ორია ვარიანტია – ერთი, აი, არ აჰყვეთ და დაავიწყდებათ და მეორე – გააღიზიანე, წავა ნიაღვარი სიტყვებით, რომლის გამეორებაც კი არ შეიძლება და ორივე ვარიანტით ისინი გამოდიან გამარჯვებულნი.
– 20 ივნისს აქცია იგეგმება რუსთაველზე, დაანონსებულია, რომ ბევრი ხალხი გამოვა…
– ჩაატარონ, ჩაატარონ, რას მოვიგებთ ამით? რა მოხდება ამ აქციით, რა შეიცვლება? აზრი აქვს? ეს არის დემოკრატობანას თამაში. არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა. ყველა საკუთარ ჯიბეზეა (როგორც ბებიაჩემი იტყოდა) გამეცადინებული. პატრიოტიზმი, თავისი სრული მნიშვნელობით, ქვეყანაში არ არსებობს, ერთეული პატრიოტი შეიძლება იყოს და ისინიც ჩუმად არიან.
– ჩემ არაერთ რესპონდენტს უთქვამს, რომ მოდაში აღარ არის პატრიოტიზმი, რომ თუ ვინმე სამშობლოზე დაიწყებს საუბარს, მას ყველა პირობას უქმნიან, რომ გაჩუმდეს…
– როგორ შეიძლება იმას, რასაც გრძნობ და გიყვარს, მოდა გააჩნდეს? კლასიკას – რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია და მისადმი სწორი და მართალი დამოკიდებულება, მოდა არ გააჩნია. საქმე ისაა, რომ ყველა თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. ჩვეულებრივ, აპოლიტიკურ ადამიანებზე ვამბობ. აქ შიშის ფაქტორიც არის ეტყობა, ჩვენ გავლილი გვაქვს ის დაწყევლილი ცხრა წელიწადი. ვითომ რაღაც შეიცვალა და არავითარ შემთხვევაში, არაფერი შეცვლილა. ხალხში იყო დაგროვილი საშინელი მუხტი, რაც გამოიწვევდა დიდ აფეთქებას „ნაციონალების“ წინააღმდეგ და ამის გასაბითურებლად მოხდა ოქტომბრის ამბები, რომელსაც ბევრი გულუბრყვილოდ აჰყვა. გადავხედოთ, აქეთ, ამ 8 წელიწადს, მიხვდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმათი, „ნაციონალების“ გადასარჩენად მოხდა ხელისუფლების შეცვლა. ხიდაშელი რომ გამოვიდა და ბრძანა, ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა კოჰაბიტაციაო, იმდენად სქელი შუბლი აქვს, არაფრის რცხვენია მაგას და მის მიმდევრებს.
ეს იყო ქართველი ხალხის დაკვეთა? ხალხი იყო გამწარებული და სისხლის ღვრის ზღვარზე ვიყავით – „ოცნების“ მოსვლა „ნაციონალების“ „გაპრავება“ მგონია, „ოცნებას“ არაფერი არ გაუკეთებია, არაფერი, ფულის გარდა! ვითომ რაღაცას აკეთებენ და კი, ბატონო, ყველა რაღაცას აკეთებს, მაგრამ – აი მეც კი, რომელიც ეკონომიკაში ისე ვერკვევი, როგორც ჩინური ენის გრამატიკაში, ვხვდები, ერთ გზას ხუთჯერ რომ აკეთებ, გადაუვლი და გადმოუვლი, ესე იგი, ფულს აკეთებ და არა გზას.
მიმოვიხედოთ გარშემო, ჩრდილოეთით მტერია, აზერბაიჯანი მტერია, იმდენად რამდენადაც, გვერდით მყოფი სახელმწიფო როცა იგრძნობს, რომ თავში ლობიო ზის და ოღონდ ფული იშოვოს და ყველაფრის გამკეთებელია, ის გაგიმტერდება და თვალდახელშუა აგვაფცქვნეს კიდეც იმას, რაც ჩვენი იყო და ისტორიულად რომ ჩვენია, ამის დამტკიცებასაც კი არავინ ეცადა. სომხეთი მტერია, მარტო აფხაზეთი რომ გავიხსენო, არც ერთი, არც ჩეჩენი, არც ყაზახი მებრძოლი არ იყო ასე სასტიკი, როგორც სომხეთის ბატალიონი… თურქეთი, უდაოდ მტერი, ისტორიული მეგობარიაო, კი ამბობენ და ერთმა იდიოტკამ ისიც თქვა, რომ თურმე, თურქები დიდგორზე ინვესტიციებით იყვნენ შემოსულნი და ამ უსინდისო დავით აღმაშენებლმა რა ქნა ეს, როგორ დაგვაკარგინა თურქეთის ასეთი ინვესტიცია…. მოკლედ, ირგვლივ სულ მტერია და კითხვა მაქვს, სად არის ქართული ჯარი? ჯარი გვყავს? ჯარი აღარ გვყავს. ქვეყანას, რომელიც გარშემორტყმულია მტრებით, ჯარი არ ჰყავს. ჯარი დაშალეს და ბავშვები ჯარში მიჰყავთ და ყარაულებად ამუშავებენ.
-მოწინააღმდეგები გეტყოდნენ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ომს მაინც ვერ მოვიგებთ და ჯარი არ გვჭირდება. თუმცა, მაშინ რატომ იხარჯება ამდენი ფული, ესეც გაურკვეველია.
– ხო, ომი არ გვინდა და ჯარი არ გვჭირდება, აბა რა, თუ მოვლენ, უნდა დაგვიპყრონ და ყველაფერი უნდა გაგვიკეთონ, რაც შეიძლება მტერმა გიქნას. მაგათი ფილოსოფია მაქამდე მიდის. ჩვენზე პატარა ქვეყანაა ისრაელი, დამეთანხმებით, წარმოიდგინეთ, იგივე გონი რომ ჰქონოდათ ისრაელში, იარსებებდნენ დღეს კი საერთოდ? ეგრე რომ ეფიქრათ ფარნავაზიანებს, ბაგრატიონებს, ქართველ ხალხს, დღეს ვიარსებებდით? ყველაფერი უნდა მოიკლოს ჩვენმა ქვეყანამ, თუ საჭიროა შედარებით ცუდ და გაურემონტებელ გზებსაც კი დასჯერდეს და ჯარი უნდა ჰყავდეს ძლიერი. ჩვენ არ გვყავს მეგობარი, არა გვყავს, ნურავის ნუ ჰგონია, მეგობარია თუნდაც ამერიკა და ევროპა. ლიბერალური აზროვნების 13 კონგრესმენი დგება, ბოდიშს ვითხოვ, თავისი ჩა#მული საქმეებისთვის ვერ მოუვლიათ და აქეთ გვასწავლიან ჭკუას. პატარა ქვეყანა ვართ? პატარა ქვეყანას უფრო სჭირდება ძლიერი ჯარი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძალიან ძვირი ჯდება ჯარის შენახვა და ეტყობა სადღაც, ვიღაცას ხელის ჩასაკრავი აღარ ჰყოფნის მერე. ყველაფერი არის მერკანტელიზმზე აგებული, ნებისმიერი სიტყვა და ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაცია. ეკრანებიდან რომ ქადაგებენ ეს დედააფეთქებულები, ერთი წამითაც არ აწუხებთ სინამდვილეში ქვეყნის ბედი და ქვეყნის ტკივილი. არსებობს ასეთი გამოთქმა – საკუთარი სახლის ჭიშკარი, აი, იმ ჭიშკარში რომ შედის, სადაც დაგროვილი აქვს ვირთხასავით, რაც მოიპარა და იშოვა, ჩემი, თქვენი და ჩვენნაირი ხალხისგან, იქ მშვიდად ჰგონია თავი. საქართველო მათთვის არის იქამდე, სადამდეც მისი ღობეა, ამათი აზროვნება მეტს ვერ წვდება. ოფშორული ანგარიშებია მათ აზროვნებაში და ადგილი, სადაც ცხოვრობს, იმის გარეთ რა ხდება, არ აინტერესებთ.
– ორი ვერსია არსებობს, ამერიკის და ევროპის განცხადებების საპირწონედ – ერთნი ამბობენ, რომ ამერიკა და ევროპა მათი მონაწილეობით შედგენილ შეთანხმებას აკონტროლებენ, მეორენი კი მათ განცხადებებს ქვეყნის საქმეებში ჩარევად აღიქვამენ. მათ შორის პოლიტპატიმრებზე გაკეთებულ განცხადებებსაც ვგულისხმობ,
-მე რაც მაქვს რურუაზე წაკითხული, რასაც გავეცანი, რანაირი პოლიტპატიმარი რურუაა, ნუ გადამრიეთ, კაცო, რანაირად შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი, კაცი, ამდენი სისხლის რომ აქვს კისერზე წამოკიდებული. ნაცებს ჰყავს ძალიან ძლიერი პიარი, ვიღაცებს ყიდულობენ და თურმე ეს კანონიერი ყოფილა, ეს არ ყოფილა მიუღებელი ფორმა, უხდიან ფულს და ისინი ისე იქნევენ ჯოხს, როგორც მოუნდებათ.
– ამათაც დაიქირაონ მერე…
– როგორც ფიქრობთ, უნდათ? ეს არის ორი უღირსი, უსინდისო, ე.წ. პოლიტიკური ძალის გასატანად დაწყებული უშნო თამაში. რაც შეეხება ქვეყნის საქმეში ჩარევას, ცოტა შორიდან მოვყვები: ჩამოყალიბებული კონცეფციაა, რომ ჩვენ ვიყავით რუსეთის მონები, ხო? მე შემიძლია ამას არ დავეთანხმო, რადგან მონობა ინდივიდუალური აღქმაა და მე და ჩემი ოჯახი არ ვიყავით მონები. რუსეთი არის სალდაფონური აზროვნების ქვეყანა, მას ვერ მოსთხოვ მეტს ვერაფერს. თავისთავად ვითვლებოდით დაპყრობილ ქვეყანად. არც მეფე ერეკლეს გინება შეიძლება, ბევრი განათლებული კაცი აგინებს „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გამო, სამწუხაროდ, წაკითხული არ აქვთ „გეორგიევსკის ტრაქტატი“ – თუ ვინმეს აქვს წაკითხული, იქ არც შემადგენლობაში შესვლაზეა საუბარი და არც დამონებაზე. ეს იყო ორი თანაბარი, ქრისტიანული ქვეყნის შეთანხმება. უბრალოდ მერე რუსეთი მოიქცა ისე, როგორც მან იცის მოქცევა, სხვაგვარად არ შეუძლია, სხვა განზომილება არა აქვს რუსეთს უნდა დაიპყროს, დაიპყროს და მერე დაიკიდოს. ოღონდ მისი ერქვას. მოგვიანებით, მე-19 საუკუნეს რომ გადავხედოთ, მაიკო ორბელიანი, არ მოუთხოვია იმპერატორს, თავადაზნაურებმა მოილაპარაკეს და ანგელოზივით გოგო ჩაუგორეს ლოგინში – იყო თუ არა ასე? ჩვენი ბრალი იყო ის, რაც ხდებოდა, არავინ არაფერს ითხოვდა და თავად ვაძლევდით. ახლა ჩვენ რომ გვგონია დამოუკიდებელი თავი – ოჯახში, ქალმა რომ გაიგოს, ქმარმა უღალატა, გაბრაზებული წავიდეს და ქმრის ჯიბრზე 15-20 კაცს დანებდეს – ასე დაგვემართა. რუსეთის უღლიდან ვითომ თავი დავიხსენით და რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, ვერ დავიხსენით თავი, თორემ, იგივე სააკაშვილს ხელი რომ აქვს მოწერილი მთელი საქართველოს ენერგეტიკის რუსებისთვის მიყიდვაზე, კოდორი რომ აჩუქა და ახალგორი – ესაა თავისუფლება? ესე იგი, რუსეთი ხომ დარჩა, დაემატა ამერიკა, უკვე ელჩის კაბინეტში წყდება ყველაფერი, არჩევნების ბედიც კი ამერიკის ელჩის კაბინეტში წყდება, ეს ხომ აბსოლუტური ნონსესია, რა დემოკრატიაზეა საუბარი? დაგვემატა ევროკავშირი თავისი უხიაგი, უჯიშო მოთხოვნებით, თუნდაც ვენეციის კონვენცია ავიღოთ, სხვას რომ თავი დავანებოთ, დაგვემატა აზერბაიჯანი, ისიც ჩვენი ბატონი გახდა, თურქეთიც ჩვენი ბატონია და სპარსეთიც, რომ არა ამერიკული კრიზისი, მოწოლილი იყო და როგორც კი მათი კრიზისი ჩაწყნარდება, ისევ მოვლენ – ანუ ერთი ბატონიდან ახლა უკვე 15 ბატონი გვყავს.
ილიას ნათქვამი – ბატონის გამოცვლა თავისუფლება ჰგონიათ ქართველებსო, ყველაზე გენიალურად ჩვენმა თაობამ, ჩვენმა ეპოქამ გაამართლა. არანაირ დამოუკიდებლობაზე არ არის საუბარი, ამას ეძახიან #რაკის თამაშს, უკაცრავად. იმდენი ვათამაშეთ, რომ ერთი ბატონიდან 15 ბატონი გვყავს. ერთ თითს გააქნევენ და ესენი უნდა დაეთანხმონ. რატომ ეთანხმება ქართული მთავრობა? ისევ და ისევ მერკანტილურობის გამო, პირადი ინტერესების გამო. თეთრი ძაფიც კერავენ და სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ აღმქმელებია უკვე ცოტა. ბავშვებს აღარაფერს ასწავლიან, ჯერ კიდევ ჩემ დროს იყო საქართველოს ისტორია დაპატარავებული, ერთი წიგნი იყო, მახსოვს. ახლა საერთოდ იმდენიც აღარ არის. გრამატიკა საერთოდ ამოიღეს სკოლის პროგრამიდან და ქართულის წიგნში არის ალაგ-ალაგ განაწილებული, ყოველგვარი თანმიმდევრობის გარეშე.
-არაერთი ადამიანი ამბობს და ბოლო ინტერვიუში ემზარ კვიციანმაც გვითხრა, რომ ხელისუფლების გადაბარებას ისევ ნაცებისთვის აპირებს ოცნება…. რა შეიძლება ამას მოჰყვეს?
– მორჩა, კარგად უთქვამს. კარგი ადამიანია და კარგად უთქვამს. უარესი სიტუაცია გვექნება, გაცილებით უარესი, დაბოღმილი ძალა მოდის, ხომ წარმოგიდგენიათ, რაც მოხდება? ოპოზიცია იქნება დაბმული, მყეფარე ძაღლი, რომლისაც არავის ეშინია.
აი, ამ უტვინოებს, ამათ, აი, ქოცებს რომ ეძახიან, იმის ილუზია აქვთ, რომ ნაცები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, იგივე თამაში გაგრძელდება. ეს საცოდავები, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ გადარჩენისთვის ნაცებს მადლიერების გრძნობა არ ექნებათ. ეს იქნება კუ და მორიელის ამბავი, უბეში ჩასმული გველის იგავივით დაუბრუნდებათ უკან.
-რა ვქნათ? როგორ და ვინ უნდა შეცვალოს არსებული?
-ხალხმა უნდა გააკეთოს გასაკეთებელი, მაგრამ, გული იმიტომ მტკივა, რომ სად არის ხალხი, აბა, მაჩვენეთ.
– ზოგი ემიგრაციაშია გაქცეული, ზოგი შიმშილს ებრძვის, ამას წინათ ერთმა მითხრა, ძალიანაც მინდა ბევრი რამის გაპროტესტება, მაგრამ ერთი დღეც რომ არ ვიმუშაო, ჩემი ოჯახი იშიმშილებსო. ამას დამატებული, განათლების პრობლემა და მშიერ ადამიანს ძალიან რთულია მოსთხოვო საკუთარი უფლებების ცოდნა და დაცვა.
– აგაშენათ ღმერთმა. მაგის თქმა მინდოდა ზუსტად. შიმშილი არის ყველაზე დიდი ბერკეტი ხალხის სამართავად. ეს შესანიშნავად იციან, არსებობს დამუშავებული და უკვე პრაქტიკაში კარგად გამოცდილი თეორია იმის შესახებ, როგორ გამოიყენო შიმშილი ხალხის სამართავად და გასაჩერებლად.
– რისი იმედი გვქონდეს, მაშ?
– ერთი ვიცი, რომ იმედი ხალხია. ყოველთვის ხალხზე, ერზე იყო ბოლო სიტყვა და ესაა ჩემი იმედი. მაგრამ, როგორ უნდა მოახერხოს ხალხმა ეს, მაგდენის საფიქრალად აღარ მყოფნის, სამწუხაროდ, გონი, ბოლოს და ბოლოს პოეტი ვარ, პოლიტიკოსი ხომ არა? არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ერთი ის შემიძლია, თუ ღვთის მადლით, ქვეყნისთვის სასიკეთო მოძრაობა დაიწყო, მაქსიმალურად დავუდგები გვერდით და მაქსიმალურად დავიხარჯები.
თამო კეშელავა, ალია №20
კომენტარები