ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მას არ შეუძლია იგი გაათავისუფლოს.
რეალურ მიზეზებზე კი არც თვითონ ლაპარაკობს და არც სხვა.
შევეცდები ჩემი ძვირფასი და ერთგული მკითხველებისთვის `დავალაგო` ეს სიტუაცია;
ოღონდ ისევ და ისევ იმ დათქმით, რომ მე მხოლოდ `ავღწერ`, შეძლებისდაგვარად `ვხსნი` და მიმდინარე სამოქალაქო ომში პრინციპულად არ ვერევი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველოში მოქმედი კანონით, პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს მსჯავდებული. ანუ ადამიანი, ვისაც უკვე მისჯილი აქვს. თუნდაც არ იყოს პატიმარი:
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ეკა ბესელიას მსჯავრდებული შვილი შეიწყალა (რაკი პოლიტიკურად არ აწყობდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შვილის პატიმრობა) მაშინ, როცა ის ახალგაზრდა გაქცეული იყო და სასჯელი დაუსწრებლად გამოუტანეს.
ანუ ციხეში არ იჯდა.
და ჩვენი კონსტიტუციით პრეზიდენტს ამის სრული უფლება ჰქონდა.
ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ განაჩენი იყო უკვე დამდგარი.
ამერიკაში კი, მაგალითად, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი მაშინაც კი, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძრული.
მაგალითად: პრეზიდენტმა ფორდმა შეიწყალა პრეზიდენტი ნიქსონი` უოთერგეითის` საქმეზე მაშინ, როცა ის მხოლოდ მოწმე იყო და არა თუნდაც ბრალდებული.
(აქვე: ამერიკული დემოკრატიისადმი არამონური ქედის მოხრით ვიტყვი, რომ ძალიან უცნაური ნორმაა. თუმცა ეს სხვა დროს იყოს -დ.)
ხოლო საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციითა და კანონით არა აქვს უფლება შეიწყალოს ბრალდებული, იგივე განსასჯელი, ესე იგი ადამიანი, ვის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა.
თუ ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს იმ ორ საქმეზე, რომელზეც მის მიმართ დადგა განაჩენი, თეორიულად ის მაშინვე უნდა გათავისუფლდეს მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ კიდევ სამ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.
იმიტომ, რომ იმ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილს არა აქვს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით!
მაშასადამე, ისევ და ისევ თეორიულად, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოაწერს ხელს პრეზიდენტი, ის მაშინვე უნდა `გამოვიდეს გარეთ`, ხოლო სხვა პროცესებზე უბრალოდ ივლის, როგორც დადიან ის განსასჯელები, ვისაც არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვთ.
მაგრამ……ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და არა საფრანგეთში……..სალომე ზურაბიშვილს იმდენი ინტელექტი კი ნამდვილად აქვს, მიხვდეს: პრაქტიკაში (!) ანუ რეალურად, ანუ On the ground, მოვლენები, მაღალი ალბათობით, სულ სხვაგვარად განვითარდება:
როგორც კი პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოაწერს ხელს შეწყალების აქტს, პროკურატურა მაშინვე დააპატიმრებს მიხეილ სააკაშვილს იმ სამი დანარჩენი საქმიდან ერთ-ერთზე 48 საათით და მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობის არჩევის შესახებ.
ოღონდ ეს მოხდება უკვე იმ ფონზე, რომ პრეზიდენტის შეწყალებით აღფრთოვანებული `მომხრეებიც` რამდენიმე წუთში მივარდებიან `ვივამედის` კლინიკასთან და ალბათ მისი მოწინააღდმეგეებიც იქ მივარდებიან სასწრაფოდ.
მომხრეებსა და მოწინააღდმეგეებს შორის ან მომხრეებსა და პოლიციას შორის იქ აუცილებლად დაიწყება სასტიკი შეხლა-შემოხლა:
მომხრეები იტყვიან, რომ მიშა ჯერ უნდა გამოვიდეს კლინიკიდან, ესე იგი აღსრულდეს შეწყალება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია პროკურატურას მიმართოს სასამართლოს ახალი საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შესახებ;
ხელისუფლება (პროკურატურა და პოლიცია) კი სხვაგვარად წაიკითხავს იმავე კანონს და იტყვის, რომ არა: პროკურატურას აქვს კანონით უფლება იქვე (პალატაში) დააკავოს, გადაიყვანოს სასამართლოში და იშუამდგლომლოს ახალი აღკვეთის ღონსიძიების შესახებ.
თან ამ ვითარებაში ხელისუფლება უკვე იძულებული იქნება (რომც არ სურდეს და არ აწყობდეს პოლიტიკურად) მიშა კლინიკაში არ გააჩეროს, რადგან კლინიკა ათასობით `მომხრით` იქნება გარშემორტყმული.
ანუ ან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანოს, ან რუსთავის `დაწესებულებაში`.
(ისე……აქვე `ფრთხილად` დავსვავ სხვა კითხვასაც: ეს ყოველივე დღეს აწყობს მიხეილ სააკაშვილს?
მას ნამდვილად აწყობს თუ სასამართლო (!) გააგზავნის საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მაგრამ აი ის ყოველივე, რაც ავღწერე, აწყობს?
მე არა ვარ ამაში დარწმუნებული. თუმცა მის ბევრ მომხრეს და არა მხოლოდ `უბრალოდ მომხრეს` არამედ სხვებსაც…… ესოდენ `რთულად აზროვნების` უნარი არ გააჩნიათ)
ნებისმიერ შემთხვევაში ამას მოჰყვება ძალიან მასშტაბური პროცესები ქვეყანაში: შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ხელკეტები, რეზინის ტყვიები და….ყველაფერ ამისთვის ხელისუფლება პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა დააკისრებს პრეზიდენტს!
ესე იგი იტყვის (აუცილებლად იტყვის), რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის `პროვოკაციულმა`, `უპასუხისმგებლო` გადაწყვეტილებამ განაპირობა ეს `არეულობა` და `ახალი უბედურება` ქვეყანაში.
აი ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას.
თუმცა `არ იღებს` არ ნიშნავს, რომ `არასდროს და არც ერთ სიტუაციაში არ მიიღებს`.
მისი გუშინდელი ფრაზეოლოგია მაფიქრებინებს, რომ მას შემდეგ, რაც ყველა (სამივე დარჩენილი) სასამართლო დასრულდება და უკვე ხუთჯერ ექნება `მისჯილი` მიხეილ სააკაშვილს…… აი ამის შემდეგ უკვე `შეწყალება` – `განთავისუფლების` ტოლფასი იქნება.
ახლა არ არის ტოლფასი.
ამიტომაც ვამბობ: ახლა თუ`შეიწყალებს`, რეალურად ვერ `გამოუშვებს`.
დღეს ეს ორი სხვადასხვა რამაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბოლოს ერთი საკვანძო კითხვაც.
მე იურისტი არა ვარ და ზუსტად არ ვიცი, რატომ არ შეუფარდა (არც მოითხოვა!) პროკურატურამ საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება მიხეილ სააკაშვილისთვის იმ დანარჩენ სამ საქმეზე?
ხელისუფლებამ ხომ ძალიან კარგად იცის (და აშკარად უფრთხის) ალბათობას, რომ პრეზიდენტმა, თეორიულად ის შეიძლება შეიწყალოს?
იურიდიულად როგორაა არ ვიცი მეთქი (არა ვარ სპეციალისტი), მაგრამ თუ პოლიტიკურ დისკურსში გადავიტანთ კვლავ, შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან აითვლება ის 2 წლიანი ვადა, რომლის განმავლობაში საქმის წარმოება უნდა დასრულდეს.
ანუ….. თუ მიხეილ სააკაშვილს (ვთქვათ საზღვრის კვეთის საქმეზე) აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებოდა 2021 წლის ოქტომბერში, 2 წელი გავიდოდა 2023 წლის ოქტომბერში. გამოდის, განაჩენი ამ საქმეზე უნდა დამდგარიყო მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იქნებოდა და ექნებოდა შეწყალების უფლება.”
კომენტარები