ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა უკრაინისთვის 61 მილიარდიანი პაკეტი. რას შეცვლის ეს დახმარება უკრაინის არმიისთვის? მოახერხებს ფრონტზე ძირეული გარდატეხის შეტანას და რა იქნება ის მაქსიმალური შედეგი, რასაც მისგან უნდა ველოდოთ?
– პირველ რიგში, იმაზე რომ ვისაუბროთ, თუ რას ნიშნავს ამ 61 მილიონიანი დახმარების გამოყოფა უკრაინისთვის, რა პროგნოზებია და რას უნდა ველოდოთ, ეს რომ კარგად შევაფასოთ, ამისთვის საჭიროა, ვნახოთ, რა ხდება დღეს. დღეს რუსეთ–უკრაინის საბრძოლო მოქმედებები შეიძლება შევაფასოთ, როგორც პარიტეტი ორ მხარეს შორის – როდესაც უკრაინა აწარმოებს, თავდაცვით ბრძოლებს, ხოლო რუსეთი ცდილობს გარკვეულ მიმართულებებზე იყოს აქტიური და მიიღოს ბრძოლის ველზე გარკვეული უპირატესობა, რაღაც წარმატებები. თუმცა, როდესაც ვამბობთ პარიტეტს, თითქოს ეს ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას აქვს ერთი და იგივე მიზანი და ვერც ერთი მიზანს ვერ აღწევს. ეს ასე არ არის. პარიტეტი არის ქმედებაში, მაგრამ რეალობაში რომ შევაფასოთ, რუსეთმა იმ გაუგებრობის გამო, რომელიც წარმოიშვა ამერიკის კონგრესში ამ 61 მილიარდი დოლარის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ევროპასაც ძალიან გაუჭირდა უკრაინისთვის მატერიალურ–ტექნიკური დახმარებების გაწევა იმ მოცულობით, რაც საჭიროა ამ ომისთვის, საკმაო მოგება ნახა. ასევე, ირან–ისრაელის დაპირისპირება და მანამდე ისრაელში „ჰამასის“ მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის შემდეგ, ამ მოვლენებმა რუსეთს მისცა უპირატესობა. გარდა პოლიტიკური ელემენტისა, ყველას სურს, რომ მშვიდობა იყოს. ქართველი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ევროპამ და დასავლეთმა იციან, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის გონივრული სურვილების უკან უნდა იდგეს გარკვეული შეიარაღება და ტექნიკა. ამიტომ, შეიარაღებისა და ტექნიკის ის მარაგები, რაც არსებობდა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო უზრუნველყოფისთვის, ხელშეუხებელი გახდა. ვიდრე ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბებოდა, უკრაინის დახმარება ამ მარაგებითაც ხდებოდა. ვერც ერთი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, ამ ვითარებაში ვეღარ გაბედავდა ამ მარაგების შემცირებას. ამ ფაქტორების გამო უკრაინას ჰქონდა პრობლემები და საბრძოლო მასალების რაოდენობა შეეზღუდა. პარალელურად, რუსეთმა მოხერხა საკუთარი ძალისხმევის კონცენტრაცია – პუტინმა მოიგო არჩევნები, პრიგოჟინის ბუნტი ჩაახშვეს, მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყეს წარმატებით, გარკვეული სამხედრო–მატერიალური დახმარება მიიღეს ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. უკრაინა განიცდიდა ომისთვის საწარმოებელი საშუალებების დეფიციტს და რუსეთს ჰქონდა აღმავლობა. აქედან გამომდინარე, უკრაინის ამოცანა იყო, არ დაეშვა რუსეთის ამ უპირატესობის რეალიზება ბრძოლის ველზე, რუსეთის ამოცანა კი ბრძოლის ველზე წარმატებული მოქმედება იყო. აქედან გამომდინარე, დღეს რომ პარიტეტია, ეს უკრაინის წარმატებაა. ამ მძიმე ვითარებაში, თავიანთ ამოცანას გაართვეს თავი, რუსებმა კი პირიქით. ფაქტიურად რუსეთმა თავისი პოტენციური შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწია და ვერ მოახერხა მისი კონვერტაცია საბრძოლო წარმატებაში. უკრაინის პოტენციალის ზრდა კი იწყება დღეს. ფაქტიურად, საბრძოლო დანაყოფების შეხების მთელ ხაზზე გაგრძელდება პოზიციური ბრძოლები. თუმცა, ამ შემთხვევაში, უკვე ველოდები, რომ რუსეთის დანაკარგები იქნება გაცილებით მაღალი. თუ დღემდე უკრაინის არმია იძულებული იყო, მის ხელთ არსებული მცირე რესურსებით დაეცვა თავი, დღეის შემდეგ ეს პრობლემა აღარ ექნებათ. მაგალითად, ავიღოთ, სარტილერიო ჭურვები. თუ კონკრეტული სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის 100 ჭურვის გასროლა იყო საჭირო, 10 ჭურვს ისროდნენ. შესაბამისად, კონკრეტული საბრძოლო მოქმედებები უკრაინელებისა არ იყო სათანადოდ ეფექტური. უკრაინა იძულებული იყო, საბრძოლო მასალა დღეებზე გადაენაწილებინა, რომ მისი საარტილერიო დანაყოფები ჭურვების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. დღეიდან უკრაინას ეს პრობლემა აღარ აქვს, მისი თავდაცვითი ბრძოლები იქნება არა მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცის სიმტკიცეზე, საფორტიფიკაციო ნაგებობის საინჟინრო სიმედოობაზე დამყარებული, არამედ ექნება საშუალება, აქტიური თავდაცვა განახორციელოს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამხედრო დანაყოფების დაზიანების ხარისხი მკვერად გაიზრდება. ისედაც დაძაბულობის პიკზე მყოფი რუსეთის სამხედრო მანქანა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. რუსეთი ისედაც ვერ ახერხებდა დამატებითი სამობილიზაციო ძალების ჩამოყალიბებას, მთელი არსებული რესურსი დანაკლისის შესავსებად მიდიოდა. ახლა იწყება ძალიან საინტერესო ამბავი. რუსეთს გამოცხადებული ჰქონდა, რომ რამდენიმე ახალი დივიზიის ჩამოყალიბებას აპირებდა, ამ სამობილიზაციო რესურსიდან, რაღაც ნაწილს გაიყვანდა და დივიზიებს ჩამოაყალიბებდა. ის კი არ განაცხადა, დამატებით არმიებს ჩამოვაყალიბებო. იმ ფრონტის ხაზიდან გამომდინარე, რაც დღეს უკრაინაშია, დივიზია ზღვაში წვეთია. აგერ, ვნახავთ, რომ რუსეთი ამ დივიზიის ჩამოყალიბებასაც ვერ მოახერხებს. საინტერესოა, რომ არა მარტო რუსეთში, რეკრუტიორები ნეპალშიც კი დადიან და ცდილობენ მებრძოლების დაქირავებას. ნეპალის პრესაა სწერდა, რომ თუ არ ვცდები, 11 000 ნეპალელი წავიდა რუსეთში საბრძოლველად და მათი კვალი არ ჩანს. სავარაუდოდ, მათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან გააფორმეს კონტრაქტი და კავშირზე აღარ გადიან. წარმოიდგინეთ, კვალიფიციური მებრძოლების ისეთი დეფიციტი აქვს რუსეთს, რომ ნეპალში ეძებს მებრძოლებს. ეს პრობლემა ვერც მობილიზაციის მეორე ტალღამ გადაჭრა, როგორც ჩანს. ზრდის შესაძლებლობა რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე არ აქვს, ამიტომ გადის გარეთ და ცდილობს, ამ ხალხის დაქირავებას. ეს ტრენდს ვერ შექმნის, რუსეთის მხარეს მოხალისედ საბრძოლველად არავინ წავა და ასე თუ დაიქირავებს ხალხს მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილში. სამხედრო საქმეში უცხოელები სერიოზულ ძალას მაშინ ქმნიან, როდესაც ის საერთაშორისო ტრენდი ხდება. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს იყო „უცხოური ლეგიონი“, რომელშიც ბევრი ხელოვანი, სხვა ცნობილი ადამიანი იბრძოდა ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგ. ამას ვიღაცამ კი არ გაუკეთა ორგანიზება, შეიქმნა ფონი, რომ რესპუბლიკას სჭირდება მხრდაჭერაო და ამ ხალხმა იარაღი აიღო ხელში. რუსეთის მიმართ ეს არ მოხდება, მოხალისეები არ იბრძოლებენ რუსეთის მხარეს. რუსეთის სამობილიზაციო რესურსის ზრდა კიდევ უფრო მძიმე გახდება, რადგან უკრაინის არმიის მოქმედება კიდევ უფრო ეფექტური გახდება. მე ეჭვი მაქვს და ალბათ, ასეც მოიქცევიან, გააგრძელებენ ლოკალურ საბრძოლო მოქმედებებს, რათა მეტი ზიანი მიაყენონ მტერს. მერე ლოკალურ კონტრშეტევებზე გადავლენ და ეტაპობრივად გააფართოებენ უკრაინის არმიის მოქმედების არეალს, რაც რუსეთს მეტ პრობლემას შეუქმნის. უკრაინას როდესაც სრულად გადაეცემა სამხედრო დახმარება, აუცილებლად გადავა კონტრშეტევაზე და ეცდება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
– რამდენად მართალია, რომ უკრაინას რამდენიმე ასეული მოიერიშე ავიაგამანადგურებელი ეფ-16 უნდა გადაცეს ამერიკამ? თუ მართალია, რა უპირატესობას მიიღებს უკრაინა?
– პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ დასრულდა ეფ-16–ის უკრაინელი პოლოტების და მისი მომსახურე პერსონალის მომზადება. კი, რამდენიმე ასეული ეფ-16 გადაეცემა უკრაინას და ეს სხვა და სხვა სანდო, ღია წყაროებით დასტურდება. კარგია, რომ უკრაინამ ამ მოიერიშების გარეშე მოახერხა ამ ეტაპის დაძლევა და წარმატებულად იცავდა თავს. კარგია, რომ ეტაპობრივად არ მოხდა ამ თვითმფრინავების გადაცემა, ორ–ორი და სამ–სამი ერთეულისა. ეს როგორც ერთიანი, დამატებითი, ძლიერი არგუმენტი გამოჩნდება ამ ომში. პირველ რიგში, მათი საბაზისო მოთხოვნა რაც არის, დაასრულებენ ცაში რუსული არმიის დომინაციას. უკრაინის სახმელეთო ოპერაციაზე რუსეთის არმია ვეღარ მოახდენს გავლენას, რადგან ეფ-16-ებს აშკარა უპირატესობა ექნებათ რუსებთან შედარებით და შესაბამისად, ვერ მოახერხებენ თავიანთი ავიაცია გამოიყენონ სახმელეთო ოპერაციების მხარდასაჭერად. ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია, მაგრამ ეფ-16 არ არის მხოლოდ გამანადგურებელი, მრავალფუნქციური საფრენი აპარატია და მოწინააღდეგის ტერიტორიაზე სიღრმისეული დარტყმების განხორციელების საშუალება აქვს. დანარჩენი უკვე უკრაინალებზეა დამოკიდებული.
– ირანმა ისრაელს დაარტყა და ისრაელმა საპასუხო სარაკეტო იერიშით უპასუხა. ირანი თუ მასშტაბურ ომში ჩაერთო, ეს რუსეთს რა პრობლემებს შეუქმნის?
– მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელში ტერაქტი მოაწყო, რუსეთმა აქედან დიდი ხეირი მიიღო. ვიდრე ეს მოხდებოდა, უკრაინა სხვა და სხვა ქვეყნებისგან მარაგდებოდა იმ საცავებიდან, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გარანტიებისთვის იყო შექმნილი. როგორც კი სიტუაცია გართულდა, ეს საცავები დაიხურა, რადგან ამ მიმართულებით დასავლეთის პოტენციალის შემცირება წარმოუდგენელი იყო, ამას არც ერთი უკრაინის მხაარდამჭერი, იარაღით დამხმარე სახელმწიფო არ გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მიიღო დივიდენდი, რადგან უკრაინის იარაღით მომარაგება კიდევ შემცირდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა, ისრაელი დაბომბა და ისრაელმა ადექვატური პასუხი გასცა, რუსეთი ვეღარ გაართმევს თავს ირანის მხარდაჭერას. შესაბამისად, ირანი ვეღარ მიაწვდის რუსეთს ვერც დრონებს, ვერც სხვა სახის იარაღს, რასაც აქამდე აწვდიდა. რუსეთისთვის ირანი იქცევა ძალიან მძიმე ტვირთად. მეორეს მხრივ, რუსეთისთვის უკვე იქცა ეს ფაქტორი პოლიტიკურ ტვირთად. ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი და ირანი ერთად მოქმედებენ ისრაელის წინააღმდეგ. ამან მსხვილი ეკონომიკური პროექტები დააყენა დარტყმის ქვეშ, რომლებიც უნდა განახორციელონ არაბული სამყაროს დიდმა ქვეყნებმა, ინდოეთმა და ჩინეთმა. ირანი და რუსეთი თუ გაგრძელებენ ასეთ აქტიურ მოქმედებას ისრაელის წინააღმდეგ, არაბული სამყაროს, ინდოეთსა და ჩინეთს მტრადაც მოიკიდებენ.
კომენტარები