ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
ბატონო პრემიერო, თქვენ პარლამენტში ბრძანეთ ფრაზა – “საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან”.
ეს ფრაზა ბრძანეთ იქ, სადაც პარლამენტის წევრთა უმეტესობისთვის ფრანკლინი ღმერთია და სხვა ღმერთს არც აღიარებენ. იმ, თქვენ რომ გგონიათ ღრუბლებში “მჯდომ” ღმერთთან მისასვლელ გზასაც კი ფრანკლინი უნათებთ. თქვენც, პირადად მასე ხართ რეალურად. თქვენი ღმერთის ხატი ქვემოთ დავდე. ახლა რაც შეეხება თავად ბენჟამენ ფრანკლინს. იცით რომ მისი 13 სათნოება არსებობს? ის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული (ყაველაშვილს დაუმალეთ ეს) დამფუძნებელი მამა იყო? იცით, რომ ის უნივერსალური სიკეთეები, რომლითაც თქვენც სარგებლობთ და თქვენმა შვილმა უნდა ისარგებლოს აშშ-ში სწავლის პერიოდში ფრანკლინის “ნაქადაგარია”?
ისე აქვე ჩამოგიწერთ იმ 13 სათნოებასაც, იქნებ თქვენც იპოვოთ მასში რამე გამოსადეგი, პიროვნულადაც და თანაგუნდელებისთვისაც. ჰო, რა უნდა ფრანკლინს საქართველოში… დემოკრატიის ჰაი კლასია ეს ფრაზა. ივანიშვილს რა უნდა APPlE-ს აქციონერად, ამ კითხვაზე პასუხი იცით? ფიქრით რომ არ შეწუხდეთ – ფრანკლინი გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. დიახ, ფრანკლინის, ჯეფერსონის, ვაშინგტონის ღირებულებების გამოისობით არის ივანიშვილის ქონება სწორედ ფრანკლინებში შეფასებული. აბა, ვაშინგტონი, თქვენ რომ მხოლოდ აშშ-ს დედაქალაქი გგონიათ, 1 დოლარიანზეა გამოსახული და მაგის შენახვით ვიცი, თავს არ შეიწუხებთ. მართლა, ცოდვის კითხვაა – რა უნდა ფრანკლინს საქართველოში… ეჰ…
აი დაპირებული ფრანკლინის 13 სათნოება:
1. თავშეკავება – არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი – ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი – ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება – გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვეტილია.
5. მომჭირნეობა – ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე – არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რამე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო ქმედებაზე.
7. გულწრფელობა – არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა – არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
9. ზომიერება – მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე – არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე – არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
12. უმწიკვლობა – იყავი ზნეობრივად წმინდა.
13. თავმდაბლობა – მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.
ქრისტეო კაცო, ქრისტე!.. წაიკითხეთ, რამდენ რამეს ვერ და არ ასრულებთ, რამდენ სტანდარტს ვერ და არ აკმაყოფილებთ და ახლა კითხვა მეც მაქვს – რა გინდათ თქვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად? თქვენი თანაგუნდელების უმეტესობას კი პარლამენტში?
ამას ვინც წაიკითხავს მიხვდება რატომ არ გიყვართ ეს ფრანკლინი, თორემ “ის” ფრანკლინი ბლომად გაქვთ მუთაქებში.”
კომენტარები