“ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი, რადგან ასეთ დაავადებებს, რომელსაც 2-3 პროცენტი აქვს სიკვდილიანობა – არ ქმნიან ხელოვნურად. ბიოლოგიურ იარაღად ქმნიან ისეთ ვირუსებს, რომელიც სულ ცოტა 50 პროცენტს მაინც იძლევა სიკვდილობას. 100 კაციდან რომ მხოლოდ 2 მოკვდება, ეს სამხედრო წარმატებისთვის არაფერი არ არის”
„ალიას“ ესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, იმუნოლოგი, პროფესორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი – თენგიზ ცერცვაძე:
– რეკომენდაციები ვრცელდება ჰიგიენის დაცვაზე და მგონი ეს უკვე ყველამ გაიგო კარგად, ხომ არ გაქვთ რეკომენდაციები იმუნური სისტემის ასამაღლებლად?
– იმუნური სისტემის ასამაღლებლად მსოფლიოში არანაირი რეკომენდაციები არ არსებობს და ითვლება, რომ ამას ახლა არავითარი ეფექტი არა აქვს. ჯერ ერთი, იმუნური სისტემის მედიკამენტებზე ბევრი სპეკულაციაა, განსაკუთრებით პოსტ. საბჭოთა და რუსულ ბაზარზე. უამრავ მედიკამენტს უწერია, რომ იმუნურ სისტემას აძლიერებს, მაგრამ ეს მედიკამენტები უცხოეთში არცერთი არ არის შეტანილი და არცერთ გაიდლაინში არ წერია, რომ ისინი უნდა გამოვიყენოთ. მეორეც – ითვლება, რომ იმუნიტეტს თუ რაღაცა აძლიერებს, იმას კვირები და თვეები სჭირდება. დღეს მივცეთ მედიკამენტი და ხვალ უკვე იმუნიტეტი გააძლიეროს, ასეთი – არ არსებობს.
– ბუნებრივ საშუალებებზე იყო საუბარი, ნიორზე, ხახვზე, ფიჭვის საკმეველზე…
– ძველი, ხალხური ტრადიციებით ითვლება, რომ ეს ყველაფერი ორგანიზისთვის მარგებელია და შესაძლოა, იმუნიტეტის გაძლიერებასაც უწყობს ხელს, მაგრამ არც ერთი არ არის დამტკიცებული ოფიციალურად ამერიკის წამლებისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტურია და მუდმივად იკვლევს პროდუქტებს – არც ერთ ამ პროდუქტზე, ხახვზე თუ ნიორზე – ოფიციალური დასკვნა და მითითება არ არსებობს. ეს პროდუქტები არის ჯანსაღი კვების შემადგენელი და სავარაუდოდ, კი, ორგანიზმსაც აძლიერებს.
– რომელიმე სხვა პროდუქტზე ხომ არ დაუდგენიათ, რომ განსაკუთრებულად აძლიერებს იმუნიტეტს?
– არა, ასე ცალკე არა. ცალკე რომ რომელიმე პროდუქტზე ვთქვათ – აი, ეს დამცავ როლს ასრულებს და მაგალითად, ნიორი ან სტაფილო მიიღეთ და ეს დაგიცავთ – კატეგორიულად არ არსებობს ასეთი პროდუქტი.
ჩვენ რამოდენიმეჯერ გვქონდა კონტაქტი ჩინელ ექიმებთან, ვესაუბრებოდით ჩინეთის ეპიდემიოლოგის პირველ პირებს თავიანთ გამოცდილებაზე და ეს კითხვები ჩვენც დავუსვით. გვითხრეს რომ რაიმე პროდუქტი, რომელმაც შეიძლება აგაცილოს ეს ინფექცია, მათ არ დაუფიქსირებიათ.
– ამ მომენტში როგორ მკურნალობთ ინფიცირებულებს, რომლებსაც აქვთ ფილტვების ანთება და როგორ ხდება მათი მკურნალობა, ვისთანაც ავადმყოფობა სუსტი ფორმებით მიდის?
– თუ ფილტვების ანთებაა და გვყავს ასეთი, მას ვმკურნალობთ განსხვავებულად, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, როგორც ყველა პაციენტი, მაგრამ ანტიბიოტიკები უკეთდება ძლიერი, სეროზული და რაც მთავარია, მას შეიძლება დასჭირდეს ინფექციურ თერაპიაში გადაყვანა, რისთვისაც მზად ვართ და ინტენსიური თერაპია გამზადებული გვაქვს. სადაც ჩაუტარდება ოქსიგენოთერაპია – ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ ამ ეტაპზე, მართალია არის მძიმედ და აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება, მაგრამ სატურაცია – ნორმა აქვს და ჟანგბადის ხელოვნური მიწოდება არ დასჭირვებია – თუმცა, თუ დასჭირდება, როგორც უკვე გითხარით, ინფექციური თერაპია მზადაა მისაღებად.
რაც შეეხება დანარჩენებს, რომლებსაც არა აქვთ ფილტვების ანთება და აქვთ მხოლოდ ხველა, სისუსტე, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება 37-დან 37-6-მდე და სხვა ნიშნები არა აქვთ, მათ პრაქტიკულად, მხოლოდ ვაკვირდებით და რაიმე გაძლიერებულ მკურნალობას არ ვუტარებთ.
– კვება?
– კვებას მნიშვნელობა აქვს, როგორც ყველა დაავადების დროს – კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი კვება.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იყოს შიდსისა და ცე ჰეპატიტის მედიკამენტები, რამდენად სწორი ინფორმაციაა და აპირებთ თუ არა თქვენც გამოყენებას?
– კი, ჩინეთში 5-6 ასეთ წამალს ცდიან, მათ შორის შიდსის წამალს, რომელსაც ქვია ქლოროქინი და ამბობენ, რომ ეს მედიკამენტი, ყველაზე ეფექტურია. აგრეთვე იყენებენ მედიკამენტს რემდესივირი – ეს მედიკამენტი თავის დროზე ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ გააკეთეს, მაგრამ ებოლაზე კარგად არ იმუშავა, ესეც არის სწორედ იმ კომპანიის, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალო წამლებს გვაწვდის და მათი პრეპარატი რემდესივირი ახლა იცდება კორონავირუსის შემთხვევაში.
– ჩვენთანაც?
– არა, ეს იცდება იქ, სადაც ათეულ ათასობით ავადმყოფია, მხოლოდ ჩინეთში იცდება, ჩინელმა ექიმებმა გითხრეს, რომ შიდსისა და ცე ჰეპატიტის ზოგი მედიკამენტი, თითქოს დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არა აქვთ ისეთი შედეგი, რომ ამერიკის წამლებისა და პროდუქტების საგენტოს – სდა-ს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირდეს, როგორც კორონავირუსის წამალი – ასეთი დამაჯერებელი შედეგები ჯერ ვერ მოიპოვეს. ვარაუდობენ მხოლოდ, რომ ეს წამლები ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, თუმცა, ჩინეთის გარდა ვერც ერთი სხვა ქვეყანა ამ რეკომენდაციებს ვერ იძლევა.
– მათ შორის, ვერც იტალია?
– კი, მათ შორის, ვერც იტალია. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექიმის გარეშე, კატეგორიულად არ უნდა ვეცადოთ ამ მედიკამენტების მიღება. მსუბუქ შემთხვევებს ეს საერთოდ არ სჭირდება, მძიმე შემთხვევებში, თუ ჩავთვლით რომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია, ჩვენ ეს მედიკამენტები გვაქვს, აი, რემდესივირის გარდა, სხვა ყველა წამალი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი შიდსისაა, ზოგი ცე ჰეპატიტის და ისედაც გვაქვს, მათ შორის, ქლოროქინიც, რომელსაც, როგორც ჩინელი ექიმები ფიქრობენ – ყველაზე კარგი შედეგი აქვს. და თუ ჩავთვალეთ რომ სტანდარტული მკურნალობით, ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ჟანგბადის მიწოდებით ვერ მოვერიეთ დაავადებას, ჩვენ ამ წამლებს გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული.
– რა მოხდა იტალიაში, როგორ ფიქრობთ? გაექცათ ეპიდემია?
– ძნელი სათქმელია შორიდან, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა მოხდა იტალიაში, მაგრამ სავარაუდოდ, მათ თავიდან არ ჰქონდათ სერიოზული კონტროლი საზღვარზე და არ აკონტროლებდნენ უცხოეთიდან, პირველ რიგში კი ჩინეთიდან შემოსულ მოქალაქეებს. მთავარია, რომ შემოსული, ვინც შემოიტანს ინფექციას, ის „დაიჭირო“. ჩვენთან, საბედნიერო, ამ 12 ადამიანიდან, ვინც ახლა ჩვენს კლინიკაში წევს, 9 გარედან შემოსული დავიჭირეთ საზღვარზე, ისე რომ არ მივეცით მათ ვირუსის გავრცელების საშუალება. მხოლოდ სამია ისეთი, რომელსაც ჩამოსულმა გადადო – მხოლოდ სამია. იტალიაში კი გაეპარათ ასეთი ინფიცირებულები და მერე იმათ გადასდეს ერთმანეთს სოფლებში და ქალაქებში. ეს ერთი და მეორე – იტალიელები, დანარჩენი ევროპელებისგან განსხვავდებიან თავისი ლაღი ბუნებით და არაორგანიზებულობით – თუ გახსოვთ ძალიან კარგი, ლამაზი მულტიპლიკაციური ფილმია გადაღებული თავად იტალიელების მიერ და შედარებულია, როგორ მოძრაობენ მანქანები იტალიაში და როგორ მოძრაობენ – ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, როგორ დგებიან რიგში იტალიელები და როგორ დგებიან რიგში – ისინი.
– მოდით ასე ვთქვათ, დაახლოებით, როგორც ჩვენ – გვგვანან მაგ საკითხში.
– კი, ასეა და ეს სილაღე, ლამაზია, კარგია და ამიტომ უყვარს ყველას იტალიელები, მაგრამ, აი, ეპიდემიისთვის ეს თვისება კარგი არ გამოდგა. ევროპის სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უფრო ცივია, არ შედის მარტივად კონტაქტში, არ იცის ასე ყველას გადაკოცნა და მოფერება – ისინი უფრო დისტანცირებულად ცხოვრობენ და უფრო დაცულნიც არიან გავრცელების თვალსაზრისით. თუმცა, მაინც მთავარი მიზეზი ის იყო, რომ თავიდან საზღვარზე არ დაამყარეს მკაცრი წესრიგი და უსიმპტომო ავადმყოფები გაიპარა. აი, ჩვენ ამ 12 ავადმყოფიდან ერთი გვყავს აბსოლუტურად უსიმპტომო და ის რომ საზღვარიდან არ გადმოეყვანა და გადმოიყვანეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ირანიდან, კუმიდან შემოვიდა, სადაც იყო წასული მოსალოცად – (სხვათა შორის, ესაა რიგით პირველი, აზერბაიჯანელი ეროვნების, ქართველი მოქალაქეობის მქონე ადამიანი) წავიდოდა თავის რეგიონში და ერთ 100 კაცს დაასნებოვნებდა, იმიტომ რომ, არავითარი სიმპტომები არ ჰქონდა და მას არავინ დააკვირდებოდა, არც თავად მოერიდებოდა არავის. დღემდე უსიმპტომოა, სხვათა შორის. უნდა იცოდეთ, რომ მძიმე ავადმყოფები არ არიან საშიშნი, ჯერ ერთი, ასეთმა ავადმყოფმა, თვითონვე იცის რომ მძიმეა და ერიდება კონტაქტებს, ფიზიკურად არც აქვს თავი კონტაქტების, მეორეც – ძალიანაც რომ სთხოვოს ვინმეს, არავინ არ მივა და არავინ ჩაეხუტება. აი, ის ვინც უსიმპტომოა, ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს.
იტალიაში დაფიქსირდა ძალიან ბევრი ე.წ. სუპერ-სპრედერი. სპრედერი ნიშნავს გავრცელებას, დაფრქვევას და სუპერ-სპრედერი ნიშნავს სუპერ გამავრცელებელს. იტალიაში ასეთი სუპერ-სპედერები ჰყავდათ ბევრი – ერთმა კაცმა რამოდენიმე ათეული დაასნებოვნა.
– უამრავი ადამიანი ჩამოვიდა იტალიიდან, შეიძლება თუ არა, რომ ჩვენც გაგვპარვოდა უსიმპტომო პაციენტები და რას უნდა ველოდოთ, იმ შემთხვევაში, თუ მათ გვიან აღმოაჩნდებათ სიმპტომი, ან არ აღმოაჩნდებათ საერთოდ?
– თქვენ იცით, საკმაოდ ობიექტური ვარ და სიმართლეს ვამბობ ყოველთვის, თუ საჭიროა კრიტიკულადაც ვარ განწყობილი ხელმძღვანელობის მიმართაც, მაგრამ ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან საპასუხო ზომები, შეიძლება არ იყო იდეალური და სადღაც უკეთესიც იყო, ალბათ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რესურსების პირობაზე, ყველაფერი ჩატარდა ძალიან დროულად და კარგად, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ეს სუპერ-სპრედერები და უსიმპტომოები ჯერ არ გაპარულა. ერთი შემთხვევა იყო, როცა ის იტალიიდან ჩამოსული გამოცხადდა სამსახურში, სამი ადამიანი დაასნებოვნა. არ უნდა გამოცხადებულიყო ნამდვილად, მაგრამ ეს იყო ერთი შემთხვევა, სხვა ჯერ არ მომხდარა. თქვენს კითხვას, ხომ შეიძლება იყოს გაპარული ეს უსიმპტომოები, შეიძლება თეორიულად, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოვლენილა. ერთი იყო მარტო ეს შემთხვევა, იტალიიდან ჩამოვიდა ორი ოჯახი, ერთი ორსულიანი ოჯახი და მეორე ოთხსულიანი, ექსივე იტალიაში დასნებოვნდა, მათგან ერთი გამოცხადდა სამსახურში და იქ დაასნებოვნა სამი კაცი. ეს არის ჯერჯერობით ჩვენი ყველაზე რთული შემთხვევა.
– შეიძლება თუ არა პროგნოზირება, რა მოხდება ინფექციის გავრცელების კუთხით, დაახლოებით ორ კვირაში?
– როგორ გითხრათ, ველოდებით მომატებას, ამასაც პატიოსნად გეუბნებით, ველოდებით მომატებას, მაგრამ არ ველოდებით რომ სიტუაცია კონტროლირებადი არ იქნება, ან უარესი მდგომარეობა გვექნება ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებს – ამას ნამდვილად არ ველოდებით. შემთხვევების მომატებას ნამდვილად ველოდებით. იტალიის გარდა, საკმაოდ რთული სიტუაციაა საფრანგეთში – 949 შემთხვევა, გერმანიაში – 847 , ესპანეთში – 527, იაპონიაში – 461, აშშ-ში – 433, შვეიცარია პატარა ქვეყანაა და 268 კაცი ჰყავთ უკვე ინფიცირებული, ინგლისში, ჰოლანდიაში და ა. შ., ბევრ ქვეყანაში გავრცელდა. ველოდებით, სამწუხაროდ მომატებას, თუნდაც, აი, ამ კონტაქტებიდან, ახლა ვინც ჩვენთან წევს, იქნება მომატება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს შემთხვევები არ გადააჭარბებს რამოდენიმე ათეულს და მოვახერხებთ, რომ სიტუაცია იყოს კონტროლირებადი.
– მე მაშინებს ადამიანები, რომლებიც არიან ე.წ. თვითიზოლაციაში, რამდენად სწორად იცავენ წესებს, რამდენად შესაფერისია მათი საცხოვრებელი თვითიზოლაციის მოსაწყობად და რა იქნება, თუ მათ აქვთ უკვე ვირუსი…
– ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას, თვითიზოლაცია ცოტა სუსტი მგონია, არც ერთმა არ ვიცით, მართლა ახერხებს თუ არა პირი თვითიზოლაციას. მე ისიც არ ვიცი, ეს ერთი, რომელიც სამსახურში მივიდა – მას თვითიზოლაცია ჰქონდა თუ არა გამოწერილი – არ ვიცი, თუ გამოწერილი ჰქონდა და დაარღვია თვითიზოლაცია, ეს მისი მორალური პასუხისმგებლობაა, თუ არ ჰქონდა გამოწერილი – მაშინ სხვისი პასუხიმსგებლობაა უკვე. ის არ ჩამოფრინდა იტალიიდან, ამანაც ითამაშა ცუდი როლი, ის ვენაში ჩაფრენილა იტალიიდან და ვენიდან ჩამოფრინდა საქართველოში. ვენა ითვლებოდა სუფთა ქალაქად.
– დაახლოებით, რამდენ ხანში ხდება გამოჯანმრთელება და ვირუსის გადადების პირველივე საათებში და პირველივე დღეს ჩანს ანალიზში პასუხი, თუ არა?
– დაინფიცირების პირველივე საათებში კატეგორიულად არ ჩანს ანალიზში პასუხი, სანამ ინკუბაციური პერიოდია – არ დაფიქსირდება დადებითი პასუხი და ესეც ერთ-ერთი სირთულეა. ამიტომ არიან კარანტინში ადამიანები. დადებითი პასუხი ფიქსირდება მხოლოდ მაშინ, როცა მინიმალური სიმპტომი იწყებს გამოვლენას, თუნდაც ხველების სახით, ან იყო შემთხვევა, რომ დაფიქსირებულა ერთი დღით ადრე, უფრო ადრე, არ ფიქსირდება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ეს უკვე დადგენილია, მსუბუქ შემთხვევაში გამოჯანმრთელება ხდება 2 კვირის შემდეგ, მძიმე შემთხვევებში სამი-ექვსი კვირის შემდეგ, მანამდე – არა. ჩვენს პაციენტს, ჯერჯერობით, მათ შორის პირველს, არ გასვლია 2 კვირა, დაახლოებით მე-10-11 დღეა პირველი პაციენტისთვის აქ ყოფნის, შუა კვირაში გავა ორი კვირა და აი, მაშინ შევამოწმებთ – არის თუ არა გამოჯანმრთელებული.
გამოჯანმრთელება ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ჰქონდეს კლინიკური ნიშნები, არც ხველა, არც ტემპერატურის მატება, არც ფილტვების ანთება და კლინიკური სიმპტომების არქონის შემდეგ, სამი დღის მანძილზე, ორჯერ გაკეთებული ანალიზი თუ არის უარყოფითი, მხოლოდ ამას ჰქვია გამოჯანმრთელებული. ჩინეთში ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც ჩინელმა ექიმებმა გვითხრეს, გაწერეს ცოტა ნაადრევად პაციენტი, არ დაელოდნენ ორი ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და როგორც კი კარგად გახდა – გაწერეს. ისინი 2-3 კვირა სახლში იყვნენ და რეციდივი მოხდა, ისევ შეაბრუნათ. ისევ დადებითი გამოჩნდა ვირუსზე პასუხი და დააბრუნეს საავადმყოფოში. თუ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტი, შეიძლება მოხდეს რეციდივი.
– ისრაელის პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ვირუსზე არ იმოქმედებს დადებითად სიცხე, მზის სხივი, ტენიანობა და ტყუილად ველოდებით ზაფხულის დადგომას – რა იცით ამაზე?
– ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, ყველა ვარაუდობს. სხვა რესპირაციული ვირუსები, მაგალითად გრიპი, როგორც კი მარტი დამთავრდება, იწყებს კლებას, ასე ვარაუდობენ, რომ იქნებ ამ ვირუსმაც ასე ქნას, მაგრამ ეს სხვა ვირუსია, ეს არ არის გრიპის ვირუსი და ის მართლა ასე მოიქცევა თუ არა, არავინ იცის. არც იმან იცის, ვინც ამბობს, რომ ზაფხულში დაიკლებს და არც იმან იცის, აი, ვინც ამბობს, რომ ვირუსი ზაფხულში არ დაიკლებს.
– რითი განსხვავდება გრიპის ვირუსი კორონავირუსისგან?
– პრინციპულად სხვა ვირუსია, სულ სხვა ჯიშის. გრიპს სხვა წამალი აქვს, ამის წამალს რომ გამოიგონებენ, ის სხვა წამალი იქნება.
– როგორ ფიქრობთ, ხელოვნურად შექმნილია კორონავირუსი?
– ვფიქრობ, კატეგორიულად არა, იმიტომ რომ ასეთ დაავადებებს, რომელსაც 2-3 პროცენტი აქვს სიკვდილიანობა – არ ქმნიან, ხელოვნურად, ბიოლოგიურ იარაღად ქმნიან ისეთ ვირუსებს, რომელიც სულ ცოტა 50 პროცენტს მაინც იძლევა სიკვდილობას, იმიტომ რომ 100 კაციდან, რომ მხოლოდ 2 მოკვდება, ეს სამხედრო წარმატებისთვის არაფერი არ არის.
– სად გადის ზღვარი პანიკასა და სიფრთხილეს შორის? ქართველები, ისევე როგორც იტალიელები, ბუნებით ლაღები ვართ, არც ისე კანონმორჩილები გახლავართ. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ვირუსი არ არის საშიში, რადგან არ არის სასიკვდილო ვირუსი, მაგრამ – მას აქვს სწრაფი გავრცელება და ერთ დღეს, უცებ რომ აღმოვაჩინოთ რამდენიმე ათეული დაინფიცირებული – რესურსი არ გვექნება საკმარისი. არ გვჭირდება პანიკა, მაგრამ გვჭირდება სიფრთხილე – სად გადის ზღვარი?
– როგორ გითხრათ, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ზღვარი გადის სწორ ინფორმაციაზე, უნდა მიაწოდო სიმართლე და არა გადაჭარბებული, არც დაკნინებული. არც მეტი უნდა თქვა და არც ნაკლები, ადამიანმა ყოველთვის სჯობია იცოდეს სინამდვილე. ჯანდაცვის ორგანოებმა, მასმედიამ უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია სწორად, არ უნდა გადაიხაროს არც პანიკისკენ, არც ზედმეტი სიმშვიდისკენ.
თამო კეშელავა
ალია №9
კომენტარები