ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.
–ბატანო კახა, თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი სოფლის ეკლესიასთან მოკლეს. აღვშფოთდით, გავბრაზდით, მერე ვიგლოვეთ, დავკრძალეთ და ისევ ჩვეულ, ძველებურ მდგომარეობას დავუბრუნდით. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? აქვე დავამატებ, ამ მცოცავი ოკუპაციით, ერთი ცხინვალის ტოლი ტერიტორია უკვე მიითვისეს რუსებმა და ოსებმა. სად გვყავს ხელისუფლება?
–პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება. ცხადია, საზოგადოებასაც, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებას. ხელისუფლება, რომელიც ვერ ბედავს ცხონებული თამაზ გინტურის დაკრძალვაზე ჩასვლას, იგნორირებას უკეთებს ამ ფაქტს, პრემიერ–მინისტრი, რომელიც ვერ ბედავს თქვას, რომ კი არ გარდაიცვალა თამაზ გუნტური, არამედ რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, ასეთ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს–ხელისუფლება უნდა შეიცვალოს! ვიდრე რუსეთიდან მართული „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, საოკუპაციო ხაზთან ვითარება არ შეიცვლება, არც მკლელობები და ხალხის გატაცება შეწყდება და ვერც ვერავინ მოსთხოვს ამისთვის პასუხს რუს ოკუპანტებს და ოს სეპარატისტებს. ხელისუფლების შეცვლამდე, არც საზოგადოების მხრიდან ველი განსაკუთრებულ აქტიურობას, რომ მაგ კუთხით რადიკალურად შეიცვალოს რაიმე. თუმცა საზოგადოება მაინც აქტიურია, მისი აქტიურობა რომ არა, საკუთარ პოზიციას მკაფიოდ და ხმამაღლა რომ არ აფიქსირებდეს, კიდევ უფრო ცუდად იქნებოდა საქმე. რუსეთის „ნამესტნიკი“ ხელისუფლება თამაზ გინტურს არ იგლოვებს, პროტესტსაც არ გამოხატავს და სიტყვიერადაც ვერ დაუპირისპირდება რუსეთის ხელისუფლებას. მოკლედ, ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალოს.
მხოლოდ რუსეთზე აპელირება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ქვაკუთხედია, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ხელისუფლება ყველაფერს აპროტესტებს, გარდა რუსეთის აგრესიული ქმედებებისა საქართთველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ. რუსეთის „ნამესტნიკი“ ხელისუფლების აპელირება, იმაზე რომ თამაზ გინტური დამნაშავეა, რომ მას არ უნდა შეენგრია ეკლესიის კარები, შიგნით არ უნდა შესულიყო და არ უნდა ელოცა, ერთ რაიმეზე მეტყველებს–ხელისუფლებაშია რუსეთი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება. მანამდე კი, არავის არ უნდა გაუკვირდეს რუსეთის მიმართ ჩვენი ხელისუფლების პირმოთნე და მაამებლური პოლიტიკა და ასევე მისი მხრდამჭერების მხრიდან ზუსტად იგივე დამოკიდებულება რუსეთისადმი, მათ შორის, ქართველის მკვლელი, 2008 წლის ომის მონაწილე ვაჟკაცის მკვლელი რუსი ოკუპანტიჯარისკაცებისადმი. ეს ხალხი ამ ხელისუფლების ნაწილია, ზოგიერთები „ქართული ოცნების“ მომხრე პარტიებს წარმოადგენენ, ზოგი თავად ხელისუფლებას, ზოგს რაღაც სარგებელი აქვს ამ ხელისუფლებისგან. მათი ცალკე განხილვა შეუძლებელი და წარმოუდგენელია.
–ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით “გორბმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. „ქართულ ოცნებას“ 55% აქვს, „ნაცმოძრაობას“ გიორგი ვაშაძიანად –20%. არც ერთსხვა პარტიას არ აქვს 5%, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადასალახავად აუცილებელია. რა ხდება? გვაგუებენ, რომ მომავალ პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იქნებიან და ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს ბარიერს?
–რა თქმა უნდა,“გორბის“ ამ კვლევით დაიწყო საარჩევნი კამპანია. ხელისუფლება ისევ იმ ნარატივს შემოგვთავაზებს, ისევ „ქოც-ნაცურ“ დაპირისპირებას, პოლიტიკურ პინგ–პონგს. ისევ იქნება პროპაგანდა, რომ ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, ისევ „ნაცები“ დაბრუნდებიან… თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას 2024 წელს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ ამ პროპაგანდით „დააბოლოს“ ხალხი, ამ გზით დარჩნენ ხელისუფლებაში და ძირი გამოუთხარონ ჩვენს ევროპულ მომავალს. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაგვიწია ევროკავშირთან, რომ ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. მე მჯერა, რომ 15 დეკემბერს ამ სტატუსს მოგვცემენ. მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს კიდევ სჭირდებათ გაძლიერება, საზოგადოებას სჭირდება უფრო მეტი მოტივაცია და ძალისხმევა, მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – „ქოცურ–ნაცური“ ნარატივით ეს ორი, საქართველოს მოღალატე პარტია ვერ შესძლებს ისტორიის ჩარხის უკან დაბრუნებას და 2024 წელს დასრულდება მათი პოლიტიკური პონგ–პონგი საქართველოში. ამის საფუძველს მაძლევს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროკომისიამ და რომელსაც დეკემბერში მიიღებს ევროკავშირი. მიღებული გადაწყვეტილება ერთ რაიმეზე მეტყველებს. ევროპამ არ გაწირა თავისი ორგანული ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი ადგილია ჩვენს ისტორიული ნავსაყუდელში–ევროპაში. 2024 წლის არჩევნები იქნება არჩევანი ევროპულ ცივილიზაციასა და რუსულ სიბნელეს შორის, სადაც ევროპული არჩევანი აუცილებლად გაიმარჯვებს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
–2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლებას არ „გაუტარეს“ გაყალბებული არჩევნები და ამას რევოლუცია მოჰყვა. ამჯერადაც რევოლუცია მოჰყვება გაყალბებულ არჩევნებს?
–დღეს დღის წერიგში დგას მთავარი საკითხი–ჩვენან ვხდებით ევროპის ნაწილი ან არა. ეს მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული. ქვეყნის ბედი, მისი მომავალი გადაწყდება 2024 წლის არჩევნებზე. ამ კუთხით უნდა შევხედოთ მომავალ არჩევნებს.საქართველო უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო–ს წევრი. რუსეთის პოლიტიკური ორბიტიდან თავდახსნის ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს. ცალსახად და არა ორაზროვნად მინდა ვთქვა– ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებას, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და შანტაჟს, აუცილებლად მოჰყვება ის, რაც 2003 წელს მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და დასამალიც არაფერია. არავინ „გაუტარებს“ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებას, კიდევ ერთ თავნებობას, არავინ აპატიებს. საკუთარი შვილების, შვილიშვილებისა და ახალი თაობის მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს, ერთი მუჭა ღორმუცელა პოლიტიკური კასტის ვნებებს ქართული საზოგადოება არ გადააყოლებს. დიახაც, თუ ხალხს სხვა კანონიერი გზა არ დაუტოვეს, გამოვა გარეთ და მოსახდენს მოახდენს, რისი უფლებაც ასევე კანონით აქვს მინიჭებული.
–ბოლოს და ბოლოს, ოდესმე უნდა მივხვდეთ, რომ ეს ქვეყანა ერთი კაცის ჯიბეში ჩასადები არ არის, რომელიც სახლში ზის და მარიონეტებით მართავს ქვეყანას?
–ჩვენ არ ვართ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია, ჩვენ ვართ სახელმწიფო. არ შეიძლება იმ შეურაცხყოფის ატანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოებრიობას. უკვე საკმარისია! ჩვენ ბიძინა ივანიშვილს პასუხი უნდა გავცეთ!
კომენტარები