სურათი მინდა დაგიხატოთ სად ვართ და რა ხდება ჩვენს თავს და მერე დამიჯერებთ ან არ დამიჯერებთ, ან მაგინებთ, ან რაღაცას იზამთ… – “გირჩი მეტი-თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
2 ოქტომბერს გადაწყდება იქნება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კი ზურა ჯაფარიძემ საზოგადოებას “ბიძინა ივანიშვილის თამაშის პრინციპი” აუხსნა.
“შეგაშინებს ნაცებით, შეგაშინებს პანდემიიით, შეგაშინებს გეებით, შეგაშინებს გადაჯიშებით, დახარჯავს ფულს, გაგისტუმრებს ვალებს, მოგიქსევს ბოტებს, მოგიქსევს მოჭიდავეებსა და მორაგბეებს, მოგისმენს, უდანაშაულო ექსპერტებს ჩაყრის ციხეში, ჩაეხუტება საპატრიარქოს, ჩაეხუტება ქურდებს, გაწიხლავს ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს დასთხრის თვალებს, დაიკიდებს ანაკლიას, დაიკიდებს ყარსი-ახალქალაქს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ორჯერ დაგისვამს ღარიბაშვილს პრემიერად… ყველაფერზე წავა ერთი მთავარი მიზნისთვის – არ დაკარგოს ძალაუფლება”,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, არსებობს რამდენიმე არჩევანი:
“ან ვაღიარებთ, რომ არ შეგვწევს ძალა, ამ ადამიანსა და მის შექმნილ რთულსა და საშიშ სისტემას დავუპირისპირდეთ, შესაბამისად ვეგუებით ასე ცხოვრებას.
ან მეორე – გავრბივართ აქედან.
ან მესამე არჩევანი – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ, წავართვათ ძალაუფლება და ისეთ სისტემა შევქმნათ, რომ მეოთხედ რეგვენებივით იგივე პრობლემაში არ გავეხვეთ, დანარჩენი ყველაფერი მისი თამაშის ნაწილია”,- ამბობს ჯაფარიძე საარჩევნო ვიდეოში.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველაფერი, რაც “სტატუს კვოს” უწყობს ხელს, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, ამიტომ :
პირველი ვერსია – ნიშნავს, რომ მონა ხარ, ვიღაცამ შენ მიზნებს დაუწესა ჭერი და ამაზე მაღლა ვერ ახტები. შეხედეთ “ოცნების” სახეებს და ამას ნიშნავს შეგუება და მორჩილება. ასევე ეგუები იმას, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
მეორე ვერსია – “დაახვევ აქედან, წახვალ” გზა არის, და პირველს სჯობია, არ ტოვებ საკუთარ შვილებს ჩეჩნეთის პერსპექტივის მქონე წარმონაქმნში. მაგრამ გაქცევას თუ ვფიქრობ, აზრი არ აქვს ამის მოსმენას.
მესამე ვერსია – ბრძოლა კონკრეტული მიზნისთვის – ივანიშვილმა დაკარგოს ძალაუფლება! ამ ბრძოლის მოგებისთვის უნდა გვესმოდეს რას ვებრძვით : ივანიშვილის საარჩევნო ძალაუფლება დგას თოფიან ხალხზე და ბიუჯეტზე მიბმულ ხალხზე, მეორე მხრივ საპატრიარქოს მრევლზე და მესამე მხრივ კრიმინალურ სამყაროზე და მისგან გაკონტროლებულ ქუჩაზე – ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს რუსეთი.
– ეს სამეული ან ერთად მარცხდება თავის რუსეთიანად, ან არ მარცხდება. ამათ ან ყველას ერთად ეჯახები, ან ბრძოლაში არ ხარ და მაიმუნობ. მოგების გზა გადის 2 ოქტომბრის არჩევნებზე. ოცნებამ უნდა აიღოს 43%-ზე ნაკლები.
ზურა ჯაფარიძე მოქალაქეებს ეუბნება, რომ თუ სჯერათ, რომ “მონობა ტეხავს” და ეს საკუთარი შვილებისთვის არ უნდათ, 2 ოქტომბერს უნდა წავიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ ნებისმიერი გარდა 41 ნომრისა. მისი თქმით, ეს იქნება ხმის მიცემა შანსის გაჩენისთვის, რაც ახლა არ გვაქვს. “2 ოქტომბრის რეფერენდუმით უნდა დავიწყოთ და მერე აღარ უნდა გავჩერდეთ”,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.
კომენტარები