არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს ჟურნალისტების დევნასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების დარღვევაში სდებენ ბრალს.
ორგანიზაციებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც 2019 წლიდან დღემდე, მაუწყებელში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ არის საუბარი.
მონიტორინგი 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით ჩატარდა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2019 წლიდან ამ დრომდე მაუწყებლის დირექტორი უხეშად არღვევს როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალურ უფლებებს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს პრინციპებს – იყოს სახელმწიფო გავლენისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი მედია ორგანიზაცია.
” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდგომ სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა. მაგალითად, ცვლილებები შეინიშნებოდა 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, რაც გამოიხატებოდა „მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.“ ამავდროულად, თუ მონიტორინგის დასაწყისში აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება კრიტიკული იყო სტუმრების მიმართ, საკადრო ცვლილებების შემდგომ ეს მიდგომა შეიცვალა – სტუმრებს აღარ უსვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს. ხელისუფლება ხშირად სწორედ ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისგან ქმნის მტრის ერთგვარ ხატს, რომელთანაც ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მოტივით მართლდება. თუმცა, ამ სტრატეგიის უკან დემოკრატიული სივრცის შეკუმშვისა და ხელისუფლების კონტროლის და ანგარიშვალდებულების ავტორიტარული ინსტინქტები უფრო იკითხება”, – წერია ანგარიშში.
კომენტარები