იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტების განწყობა არაერთგვაროვანია. ზოგი საქართველოში ჩამოსვლას ეშურება, ზოგი დარჩენას აპირებს. ზოგი ჩვენს ხელისუფლებას ლანძღავს, რომ ყურადეღბას არ აქცევენ, არ ჩამოჰყავთ, არც იქ აქცევენ ყურადღებას საელჩო და საკონსულო, ზოგი კი ბედს არის მინდობილი და უკეთესი მომავლის იმედით, არ ჩქარობს და ამ ეტაპზე, არც აპირებს დაბრუნებას. „ალიას“იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, მზევინარ ქავთარაძე ესაუბრება.
– მზევინარ, იტალიაში რომელ ქალაქში ხარ?
– სამხრეთ იტალიაში ვარ, ქალაქ ლეჩეში, ნეაპოლთან ახლოს. პუგლიას ოლქში, როგორც აქ ეძახიან. ისე, ცნობილია როგორც აპულიას ოლქი. ამ ოლქში შედიან, ასევე, ქალაქები ბრინდიზი, ფოჯა, ბარი და ტარანტო. რომ ვთქვა, აქ ძალიან აჟიოტაჟია, არ ვიქნები მართალი. შესაძლოა, ეს იმის შედეგიც არის, რომ პანიკამ უკვე გადაიარა, ხალხი შეეჩვია იმ ყოფას, იმ რეგულაციებს, რაც რეალობამ შესთავაზა და რაც ხელისუფლებამ დაუწესა. ცხადია, პირბადეებით დადის ხალხი ქუჩაში, 2 კაცზე მეტის გარეთ გასვლა აკრძალულია და თუ ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს კარაბინიერებმა, თითოეულს 206 ევროთი აჯარიმებენ. აქაც კარანტინის გამოცხადებული, ძაღლის გასეირნებაა ნებადართული დღეში 1 საათით, ოღონდ სახლს 200 მეტრით არ უნდა გასცდე. მუშაობს მხოლოდ მარკეტები, აფთიაქები და თამბაქოს ჯიხურები. მოკლედ, მხოლოდ საკვების, წამლისა და სიგარეტის საყიდლად შეუძლია ადამიანს გასვლა და ისიც პირადობის მოწმობით. იშვიათია ოჯახი, აქ რომ ძაღლი არ ჰყავდეთ და ძაღლი გარეთ გასვლის საუკეთესო გამოსავალია. ერთ ძაღლს, დღის განმავლობაში, ოჯახის ყველა წევრი ასეირნებს თითო საათით და ძაღლის წყალობით გადიან გარეთ. ცხადია, დადიან ნიღბებით, ხელთათმანებითა და ანტისეპტიკური საშუალებებით. სავაჭრო ობიექტები, რაც მუშაობს, ყველგან 3 მეტრიან ფიზიკურ დისტანცირებას იცავენ. ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება აკრძალულია. ვერც ლეჩედან გახვალ სადმე, თუ სპეციალური საშვი არ გაქვს. ქალაქიდან მხოლოდ მაშინ გიშვებენ, თუ ქალაქგარეთ, სხვა დასახლებაში გაქვს სამუშაო ან ექიმთან მიდიხარ. სხვა შემთხვევები გადაუდებელ აუცილებლობად არ ითვლება. ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის ოლქში რაც ხდება, კოშმარია. აქ ამბობენ, რომ ლომბარდიაში თაობები გაწყდა, მედიაც ამას ლაპარაკობს, ხალხიც. მთელი მსოფლიო იმას ლაპარაკობს, რომ იტალიელები მოუმზადებლები შეხვდნენ კორონავირუსს. ეს შეიძლება ერთი ფაქტორია იმისა, რაც აქ ხდება, მაგრამ მარტო ეს არ არის. მე ასე არ ვფიქრობ. ამდენი ხალხი დაიხოცა, ამდენი დაავადდა და მიუხედავად ამისა, აქ მაინც ყველაზე ნაკლებად ფრთხილობენ. ძალიან დიდი ჯარიმებია სხვა და სხვა დარღვევებზე, მაგრამ ძალიან ბევრი არ იცავს, თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები აქ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტია. იტალიელების სახლში დასმა ძალიან ძნელია. ამ ვითარებაში ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტია. ბოლო რამდენიმე დღეა, შედარებით გამოსწორდა სიტუაცია, ოდნავ, მაგრამ დასტაბილურდა, აღარც ინფიცირებულთა მატებაა და აღარც სიკვდილიანობის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პიკი ამ რამდენიმე დღის წინ იყო და ახლა დაღმასვლა იწყება. ღმერთმა ქნას, რომ არ ცდებოდნენ.
– სურსათისა და საკვების მარაგი აქვს იტალიას?
– კი, მაგის პრობლემა არ არის. სავსეა სუპერმარკეტებიც და აფთიაქებიც, არც ერთი სახეობის საკვებზე ან მედიკამენტზე დეფიციტი არ ყოფილა. არც ფასები მატება ყოფილა. პანიკა რომ იყო პირველ ეტაპზე, მაშინაც კი არ დაუცარიელებია ხალხს მარკეტები და თვეების მარაგი არ წაუღია სახლში, რაც არაერთ ქვეყანაში მოხდა. შესაძლოა, იყო გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ მიუღია. ჯერჯერობით, ბიზნესი არეგულირებს ყველაფერს. თუმცა, იტალიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქვს საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალებების მარაგი და ხალხი, ამ მხრივ, მშვიდად უნდა იყოს.
– სამსახური თუ გაქვს?
– ორი სამსახური მქონდა, ერთში დღე ვმუშაობდი, მეორეში ღამით. თუმცა, რაც კარანტინი შემოიღეს, ღამის სამსახურს თავი დავანებე. 3 აპრილს უნდა გახსნილიყო კარანტინი, მაგრამ 2 კვირა დაუმატეს და კარგი ქნეს ძალიან. ძლივს დასტაბილურდა მდგომარეობა და თუ საჭირო გახდა, კიდევ უნდა გაგრძელდეს კარანტინი.
– იტალიელი და ზოგადად, ემიგრანტების ძალიან დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა. ეს ხალხი ხელისუფლებას ემდურის, რადგან სახლში დაბრუნება სურს და ვერ მოდიან, ხელისუფლება კი ჩამოჰყავს ემიგრანტები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ თავს იმართლებენ, რომ ბევრნი არიან, ყველას უცებ ჩამოყვანა ვერ მოხერხდება და ეტაპობრივად, გრაფიკით ჩამოიყვანენ.
– გასაგებია, მეც ემიგრანტი ვარ და კარგად მესმის მათი მდგომარეობა. მესმის ემიგრანტების ოჯახის წევრებისა და მათი ახლობლების მდგომარეობაც, რომლებიც საქართველოში არიან. კი, ძალიან ცუდია უმუშევრად დარჩენა, მაგრამ ცოტა სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ძველი და ამჟამინდელი ხელისუფლებების „დამსახურებაა“, რომ ამდენ ხალხს მოგვიწია ემიგრაციაში წამოსვლა. ემიგრაცია იძულებითი ნაბიჯია და სადაც ხალხი ნორმალურად ცხოვრობს, იქიდან სხვაგან არ გარბიან. ხელისუფლების მადლიერი როგორ შეიძლება ვიყო? თუმცა, ეს ჩემი არჩევანი იყო. მთავრობისთვის არ მიკითხავს, იტალიაში წამოვსულიყავი თუ არა. აქ ბედის საძიებლად ჩამოვედი. ბედი კიდევ, ან გაგიმართლებს ან არა. მერე, ყველა საქართველოში ჩამოსვლას რომ აპირებს, მათზეც მინდა ვთქვა. მანდ რომ ჩამოვიდეს ამდენი ხალხი, იმას რატომ არ ფიქრობენ, რომ უამრავ ადამიანს დაავადებენ? კორონავირუსს ჩაუტანენ საკუთარი ოჯახის წევრებს. მთელ საქართველოს დაასნებოვნებენ.
– აქ თუ ჩამოვიდნენ, კარანტინში იქნებიან და მერე გაუშვებენ სახლში.
–100 000 კაცი რომ მოაწყდეს საქართველოს, ან ამის ნახევარი, სად უნდა დატიონ კარანტინში? საველე ჰოსპიტალებით გადაივსება ქვეყანა და კონტროლი გაჭირდება. ბევრი გაიქცევა კარანტინიდან. დღეს ვერ ახერხებენ ამას, რადგან 4000 კაციც არ არის კარანტინში, მათ აკონტროლებენ და თუ უკონტროლო ვითარება შეიქნა, გაიქცევიან. რამდენს აღმოაჩნდება მათგან დაავადება, კაცმა არ იცის. მერე, ეს კარანტინი 2 კვირიანია და ცნობილია, უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, რომ ვირუსის სიმპტომები ადამიანებში 2 კვირის მერე გამოვლინდა. კაი, ჩამოვიდა ეს ხალხი, ორკვირიანი კარანტინი გაიარა და გაუშვეს სახლში, მერე აღმოაჩნდათ ვირუსის სიმპტომები, რას შვრებიან? ოჯახის წევრებსაც ხომ დაავადებენ? რა ვიცი, მე მაინც ვფიქრობ, მეტი წინდახედულებაა საჭირო. კარგად ვიცი საქართველოში რაც ხდება. მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. კბილებით უჭირავთ სიტუაცია, დიდი შანსია, საქართველო ამ ვირუსს მინიმალური ადამიანური დანაკარგებით დაუძვრეს. ამდენი ხალხი თუ ჩამოვიდა, ეს დალაგებული მდგომარეობა ჩამოიშლება, ამაში დარწმუნებული ვარ. ისიც გავიხსენოთ, რომ საქართელოში ვირუსი უცხოეთიდან შემოსულებმა ჩამოიტანეს და მათ შორის, იტალიაში ნამყოფმა ადამიანებმა. პირველი პანიკა და პირველად ერთდროულად რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება, სწორედ იტალიაში ნამყოფ პიროვნებას უკავშირდება. ბევრი იტყვის, შენ მუშაობ და რა გიჭირსო. კი, ვინც ერთი და ორი თვის ჩამოსულია და ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა და უმუშევარი დარჩა, ან საერთოდ ჯერ ვერ იშოვა სამსახური, იმათი კარგად მესმის, ეს ის კატეგორია, რომლებიც მართლა სასწრაფოდ უნდა დააბრუნონ საქართველოში, მაგრამ აქ ხალხი წლებია მუშაობს მათ მართლა არ გაუჭირდებათ, დავუშვათ, ერთი თვე კიდევ იყვნენ აქ. ბევრს მცირე დანაზოგი აქვს და ვისაც არ აქვს, სხვა და სხვა ჯგუფებია შექმნილი სოციალურ ქსელში, მათ ეხმარებიან ისევ ქართველები სურსათით, მედიკამენტებით, რითაც შეუძლიათ.
– მანდ ავად რომ გახდეს ემიგრანტი, რომელსაც ფული აქვს და მკურნალობს სჭირდება, უმკურნალებენ? გერმანიაში თუ დაზღვეული არ ხარ, არ გმკურნალობენ, ფულიც რომ გქონდეს. იქ არალეგალი, თავისთავად , დაუზღვეველია.
– არა, აქ სხვა სიტუაციაა. თუ ავად გახდი, დარეკავ სასწრაფოში, წაგიყვანენ და გიმკურნალებენ.
– ჩრდილოეთ იტალიაში დრონებით აკონტროლებენ ხალხს. მანდაც იგივე სიტუაციაა?
– არა, აქ დრონებს არ იყენებენ, პოლიცია აუდის ყველაფერს. თვითიზოლაციის დარღვევისთვის 4000 ევროა ჯარიმა, მეორედ თუ დაარღვევ, ციხეა. სხვა და სხვა სახის ჯარიმებია. რამდენიმე დღის წინ ისეთ სურათს გადავაწყდი, საქართველო გამახსენდა. ჩემს მოპირდაპირედ, კერძო სახლის სახურავზე, რამდენიმე ბიჭი მწვადს სწვავდა და მეზობლებს ეპატიჟებოდნენ, გადმოდით ჩვენთანო.
– კრიმინალის მატების ფაქტები ხომ არ შეინიშნება? სამხრეთ იტალიას მაფიოზების მხარეს ეძახიან, მანდ არის სიცილია, პალერმო.
– არც ნეაპოლია მაგ მხრივ პალერმოზე ნაკლები, მაგრამ ჯერ სერიოზული არაფერი მომხდარა. ისეთი, რაც აქამდე არ ხდებოდა. პალერმოზე ამბობენ, რომ სიტუაცია დაიძაბა და შეიძლება კრიმინალი გაიზარდოს. მილანში, ერთ–ერთი სუპერმარკეტიდან ხალხმა პროდუქტები წაიღო და ფული არ გადაიხადეს. პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ჩრდილოეთ იტალიელები უფრო კანონმორჩილი ხალხია, ვიდრე სამხრეთელები, მაგრამ მაგ მხრივ აქ უფრო სიმშვიდეა. თუმცა, ცხადია, ჩრდილოეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ხალხი უმძიმეს დღეშია, ავადმყოფობას სტრესიც დაამატე და ლოგიკურიც იქნება, თუ იქ ხდება ამგვარი ფაქტები.
– იტალიელების განწყობა როგორია იმ ფაქტზე, რომ ამერიკამ და ევროპამ მართლა მიატოვა და რუსების დასახმარებლად გაუხდათ საქმე?
– პოლიტიკაში არ ვერევი და არც მაინტერესებს, მაგრამ რასაც აქ ლაპარაკობენ, იმას ვიტყვი. იტალიელები ამბობენ, რომ ჩვენ გაგვწირეს ევროპამ და ამერიკამ და ამას ღალატს ეძახიან. ხალხის განწყობა ისეთია, რომ ახლო მომავალში რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, ევროკავშირში დარჩენას არავინ მოინდომებს. ვფიქრობ, რაღაც განსაკუთრებული თუ არ მოხდა, ეს გარდაუვალია. თუმცა, ეს განწყობა ახალი არ არის, მატეო სალვინი რომ იყო მთავრობაში, ეს განწყობა მაშინ უკვე ძლიერდებოდა. მაშინვე ამბობდა ხალხი, გერმანიამ და საფრანგეთმა რატომ უნდა გვიკარნახონ, როგორ ვიცხოვროთ, მაგათზე ნაკლები სახელმწიფო იტალია ნამდვილად არ არისო. ხალხი ამბობს, რომ სალვინი მართალი იყო, როდესაც იტალიის ევროკავშირიდან გამოსვლას უჭერდა მხარს და ამას, მაშინ, სხვებისგან განსხვავებით, ხმამაღლა ამბობდა. დღეს ბევრი ისეთი პოლიტიკოსი ამბობს, ევროკავშირი უნდა დავტოვოთო, სალვინის მოწინააღმდეგე რომ იყო ამ საკითხში.
იტალიის პრემიერმა, ჯუზეპე კონტემ დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს და დახმარება სთხოვა. რუსებმაც 10 თვითმფრინავი გამოგზავნეს აღჭურვილობით და სამხედრო ექიმებით ბერგამოში. გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ გამოგზავნილი ტვირთს 80% გამოუსადეგარი იყო ეპიდემიასთან საბრძოლველად. კი, რაღაც შეიძლება ვერ გაითვალისწინეს რუსებმა, ამგვარ ეპიდემიასთან მათ საერთოდ არ უბრძვიათ. გამოცდილება, ისევე როგორც ევროპას და ამერიკას, არც მათ აქვთ, მაგრამ 80% ნამეტანია, ტვირთის რაღაც ნაწილი შეიძლება ვერ გამოიყენეს და ეს სალაპარაკო არ უნდა გამხდარიყო, როდესაც რუსი ექიმები, მართლა ჯოჯოხეთად ქცეულ ბერგამოში ჩავიდნენ, იმ ქალაქში, სადაც მგონი მიცვალებულთა სტატისტიკაც აერიათ და იტალიელებს მკურნალობენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. იტალიელები დიდად ემადლიერებიან რუსებს და ეს ლოგიკურია. ავად რომ გახდები ადამიანი, ექიმს ფულს რომ გადაუხდი და გამოგაჯანმრთელებს, მისი მადლიერი ხარ და რუსები უსასყიდლოდ ეხმარებიან იტალიელებს და რატომ არ უნდა იყვნენ მათი მადლიერნი?
ახლა უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ იტალიელები მადლიერები არიან იმ ემიგრანტებისა, ვინც ეს დღეები მათთან ერთად გადაიტანა. ამბობდენ, იმ ხალხს, ვინც არ მიგვატოვა, ეს დაუფასდებაო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავრობო დონეზე განიხილება აქ მყოფი არალეგალების ლეგალიზაციის საკითხი, მათთვის მუშაობის უფლებისა და სხვა პრივილეგიების მინიჭების საკითხი. ხელაღებით ყველას, არა მგონია, გაუკეთონ ლეგალიზაცია, რაღაც კრიტერიუმებით შეარჩევენ ემიგრანტებს. ვნახოთ, რა იქნება. მთავრობა რას გადაწყვეტს, არ ვიცი, მაგრამ სამხრეთ იტალიაში, რაც აქ ვარ, ემიგრანტების მიმართ, იტალიელთა მხრიდან პატივისცემის მეტი არაფერი გამიგია და ახლა, ეს პატივისცემა უფრო თვალსაჩინო გახდა.
„ალია“, ლევან ჯავახიშვილი
კომენტარები