გიორგი ჯავახაძე
„ალიას“ ესაუბრება ძალოვანი სისტემის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც, არ სურს ვინაობის გამჟღავნება გასაგებ მიზეზთა გამო:
-როგორც იქნა სოსო გოგაშვილმა ღიად დაადო ხელი მის უკვე ყოფილ უფროსს ვახტანგ გომელაურს არაერთ ბინძური საქმის შესრულებაში და ისიც განაცხადა, პანკისის სპეცოპერაციისას, სპეცრაზმი უშუალოდ გომელაურის დაქვემდებარებაში იყოო. ეს ისედაც ბევრმა ვიცოდით, ცხადია, თუმცა, რატომღაც გოგაშვილი ბოლომდე იღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას. მახსოვს, როცა გოგაშვილი, გომელაური და ირაკლი ჩიმაკაძე დაკითხეს, მაშინ გომელაურმა განაცხადა, ზეპირი მითითებებით დავიწყეთ სპეცოპერაციაო, არადა, წესით, ჯერ უნდა შედგეს წერილობით ოპერაციის გეგმა, უნდა დამტკიცდეს და მერე დაიწყოს ოპერაცია. ოპერაციის მიმდინარეობისას, რაღაც რომ შეიძლება ისე არ წავიდეს და ადგილზე იღებს გადაწყვეტილებას რაზმი – ეგ ცხადია, მაგრამ როცა სუს–ის უფროსი ამტკიცებს, არ გვქონდა წერილობით მიღებული და დამტკიცებული გეგმაო და თან იმაში გვარწმუნებენ, რომ თურმე, ტერორისტებთან შემხებლობაში მყოფი პირების დასაკავებლად მიდიოდნენ – ეს წარმოუდგენელი სახის დარღვევაა. გომელაურმა ამ დაკითხვისას ისიც განაცხადა – ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციებს მე ვიღებდი გოგაშვილისგან და ჩიმაკაძისგანო – ანუ, ისინი ხელმძღვანელობდნენ ოპერაციასო – აბა, თუ ისინი არ ხელმძღვანელობდნენ, როგორ მიაწვდიდნენ ოპერაციის მიმდინარეობაზე ინფორმაციას გომელაურს? და მერე განაცხადა, ოპერაციის დასრულების შემდეგ, ასევე ზეპირი განმარტებები მივიღე ოპერაციების დეპარტამენტის უფროსისგან და ისიც ზეპირი სახითო. გომელაურის ჩვენება გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ დაადასტურეს მაშინ, ახლა გოგაშვილი ამბობს „შემტენესო“… სხვა საქმეა რატომ შეიტენა თავის დროზე – მაგრამ, სად არის ოპერაციის გეგმის დამტკიცებული, ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტი? არსებობს ეს დოკუმენტი და მისი ასლი რამდენიმე ადამიანს აქვს, ჩემი ინფორმაციით. რასაკვირველია, ამ დოკუმენტზე გომელაურის ხელმოწერაა, მას ემორჩილებოდა სპეცრაზმი და რა ეწერა ამ დოკუმენტში ისეთი, რომ არც კი გამოაჩინეს? იყო თუ არა, ლიკვიდაციის ბრძანება გაცემული? როგორც ჩანს, გომელაურმა იცის, რომ ამ დოკუმენტის მინიმუმ ასლი არსებობს და ამიტომ მოუწია აღიარება ახლა, ამდენი წლის მერე, კი, მე ვხელმძღვანელობდი სპეცრაზმსო.
19 აგვისტოს, როგორც იქნა, უპასუხა ბრალდებებს გომელაურმა, აღიარა, როგორც იქნა, რომ ის ხელმძღვანელობდა სპეცრაზმს და თქვა: “არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში.“ თუ გოგაშვილი არ იყო ადგილზე, მაშინ, გამოძიება მოატყუა გომელაურმა, როცა თქვა, გოგაშვილი მაწვდიდა ოპერაციის მიმდინარეობაზე ინფორმაციასო, თუ უბრალოდ სულელია და იმას ეკითხებოდა ოპერაციის მიმდინარეობაზე, ვინც ადგილზეც კი არ იყო? გომელაურის 19 აგვისტოს განცხადება, პირდაპირ ახალი გარემოებაა საქმეში, წესით. გამოდის, პირველი დაკითხვისას ან მოიტყუა მინისტრმა, ან სამსახურეობრივ მოვალებას გულგრილად მიუდგა და იმას ეჭორავებოდა ოპერაციაზე, ვინც ადგილზეც კი არ იყო.
გარდა ამისა, გომელაურმა 19 აგვისტოს თქვა: „სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა.“ – არ გაცემულა ლიკვიდაციის ბრძანება, მაგრამ მოხდა ლიკვიდაცია – ამბობს მინისტრი, აღარ ამბობს, რომ იქ, აი, ხელყუმბარა მოეჩვენათ და იმიტომ გაისროლეს, არც შეცდომას უწოდებს, არც გადაცდომას – ლიკვიდაცია მოხდაო, ამბობს, მოკლესო. არც მერე ამბობს, აუცილებელი იყო ლიკვიდაცია, თორემ, სპეცრაზმელები დაიხოცებოდნენ, არც იმას აღარ ამბობს, ტერორისტებთან იყო კავშირშიო, არა, ამბობს, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახსო – როდის მერე იყო ტერორიესტების ოჯახებს უსამძიმრებდეს ოჯახი? აკი, ტერორისტი იყოო? თუ არ იყო? კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებო და რამდენჯერ მიუსამძიმრა აქამდე? ხუთჯერ? ათჯერ? თხუთმეტჯერ? სხვათა შორის, თუ გადახედავთ გომელაურის ადრინდელ გამოსვლებს, ის არც ადრე ამბობდა, თემირლანი ტერორისტი იყოო, თუმცა, ამბობდა, ჩატაევმა ჩაითრია, მოატყუაო, გამოიყენაო – ახლა მაგასაც აღარ ამბობს. მეტიც, როცა გომელაურს კითხეს, როგორ მოხდა, რომ 18 წლის ბიჭი ისე მოკლეს, ბრალიც კი არ ჰქონდა წაყენებული, მაშინ განაცხადა: „ადამიანი მიჯაჭვული იყო ლოგინზე და წაგვეკითხა ბრალი, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ნორმალური. ადამიანურად ცუდი იქნებოდა.“ – ჩვენი ჰუმანური მინისტრი, ადამიანი მოკლეს და ბრალს ვერ წავუყენებდითო.
გომელაური გოგაშვილთან ციხეში დარეკვასაც უარჰყოფს და ამჯერად ყველაფერს იუსტიციის მინისტრს აბრალებს – აბა, მე რა ვიცი, საშხაპეში რატომ გაიყვანეს, ეგ არაა ჩემი უწყებაო… დარწმუნებული ვარ, საკნიდნან არ გაიყვანდნენ და არ დაემუქრებოდნენო, კი არა, მე რა ვიცი ვინ გაიყვანა და ვინ დაემუქრა, მე სხვა სამინისტროს ვკურირებო.
ახლა სუსმა, რომელსაც ისევ გომელაური განაგებს შს მინისტრის კაბინეტიდან, ისევ თავიდან უნდა გადააწყოს მაჩალიკაშვილის საქმე, სასწრაფოდ სხვისკენ უნდა გადაიტანოს ისრები და გარდა ამისა, გომელაურს სჭირდებოდა გარანტია, რომ მკვლელობის ბრძანების გაცემას არავინ დააბრალებდა – ეს გარანტია კი მან, ისევ გოგაშვილისგან 18 აგვისტოს მიიღო: „დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ. არც ადრე და მითუმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია. ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი.“ – დაწერა გოგაშვილმა და მეორე დღესვე გომელაურმა დაადასტურა, კიო, მე ვხელმძღვანელობდი სპეცრაზმს, მაგრამ ლიკვიდაციის ბრძანება არ გაცემულაო.
თუმცა, აქვე გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ გოგაშვილი წერს – მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ მაჩალიკაშვილს მოკვლის ბრძანება გაიცაო – თუმცა, ხომ შეიძლება ასეთი ბრძანება თუკი არსებობს, ეს ინფორმაცია სხვას ჰქონდეს? და თუ არ არსებობდა ასეთი ბრძანება, ახლა მაინც გამოაჩინოს მაშინ გომელაურმა ოპერაციის წერილობითი, დამტკიცებული გეგმა, მისი ხელმოწერით, ახლა რომ ყველამ გაიგო, რომ ის ხელმძღვანელობდა სპეცრაზმს? ახლაც ხომ არ აქვს იმის ილუზია, რომ სხვას გადააბრალებს სპეცრაზმის ხელმძღვანელობას? თუ არაფერი წერია ლიკვიდაციაზე იმ გეგმაში – დადონ სპეცოპერაციის წინასწარი გეგმა.
საუბრობენ უკვე იმაზე, რომ კიდევ ერთი საკადრო ცვლილებები განხორციელდება და ვახტანგ გომელაური სუს-ში დაბრუნდება, რადგან, რეალურად კი ისევ ის მართავს სუს–ს, მაგრამ ორ სამინისტროს აშკარად ვერ აუდის ერთად და სუსი–დან ფაილები ფაილებზე ჟონავს. დაბალი ხელფასი, აუტანელი პირობები და ამას დამატებული კიდევ უფროსის უფროსი. ამბობენ, რომ ლილუაშვილი სუსში ვერაფერს წყვეტს და ივანიშვილმა გომელაურს პირადად უბრძანა, სუს–საც მან მიხედოს. ჯერ გომელაურის უფროსობა რა იყო და ახლა შსს-ს კაბინეტიდან უფროსი გომელაური რა უნდა იყოს? რამდენიმე თვის წინ, სუს–ის სპეცრაზმელები მიყვებოდნენ, სროლაში ვარჯიშსაც ვეღარ ვახერხებთ, ელემენტარულად, ქაღალდის სანიშნეებიც კი აღარ გვაქვსო. ივანიშვილმა რატომ დანიშნა გომელაური შს მინისტრად, ან სუს–ის უფროსად? იმიტომ, რომ თავის დროზე, ის იყო ივანიშვილის დაცვის წევრი, ხომ? ივანიშვილს იცავდა და კარგად იცავდა, ეტყობა, ასე თვლის ივანიშვილი. მაგრამ ივანიშვილს ავიწყდება, რომ რეალურად, არც არავინ ესხმოდა თავს. გახსოვთ ის ვიდეო ივანიშვილი რომ გადმოხტება მანქანიდან და „ეკაჩავება“ პატრულს, რიგით პატრულს „ეკაჩავება“ რატომ დამსდევო, არავინ იცის დასდევდა, თუ არა. ვინმეს რომ გამოკიდება სდომნოდა, კრიმინალური პოლიცია ან სუსი გაეკიდებოდა, რა პატრული? მიშას ბიძინას მოკვლა უნდოდა და ვერ მოიხელთა? არაფერი ქონდა დიდად დასაცავი მაშინ ბიძინას და ამიტომ „იცავდა“ გომელაური კარგად, დაავალებდნენ იმ სკოლის მოსწავლეების დაშინებს, რომლებიც ბერას აგინდნენ? – დააშინებდა და ეგ იყო… თორემ, ახლა როცა მართლა დასაცავია ბიძინა, სუსი აშკარად ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. ამიტომ, თვლიან, რომ ბიძინა გომელაურს სუს–ის უფროსად დააბრუნებს. მე კი მგონია, გომელაური უკვე უნდა გარბოდეს, რადგან ის ჩამოქცეულ სუს-ს ვეღარაფერს უზამს და ბიძინას რისხვა მთელი ძალით დაატყდება თავს.
გომელაურმა უდიდესი შეცდომა დაუშვა – მას შემდეგ, რაც გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა, გომელაური იყო მასთან კავშირზე, ეს თავადაც თქვა, გვქონდა კომუნიკაცია, აზრსაც მეკითხებოდაო. ხო, ისიც თქვა, მე დავაწინაურეო, თუმცა, რატომ დააწინაურა, თუ არ ეკუთვნოდა, ეგ აღარ უთქვამს. ხოდა, გომელაური იყო კავშირზე გოგაშვილთან და ისიც ვერ მოახერხა, რომ ძველი საქმეები არ დადგომოდა წინ, ახალთან ერთად. მაჩალიკაშვილის, მუხთარლის და სხვათა საქმეები, რაზეც გოგაშვილმა ისაუბრა დასაწყისია – ჩემი აზრით, შემდეგი საქმე იქნება, ბერი სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი – იყო თუ არა, ვანო გოლაშვილის დაღუპვა არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაციის ბრალი? ამ სიაში აუცილებლად იქნება ბაჩალიაშვილის საქმეც, რადგან, არავის დაავიწყდეს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანას მისი გაუჩინარების დღეს, სწორედ სუს-ის სპეცრაზმელები მიყვებოდნენ უკან, კი გვითხრეს, ეგაო, ისეო, შემთხვევითო, მაგრამ დამთხვევების ვის სჯერა. როგორც რამდენიმე წყარომ მითხრა, ბაჩალიაშვილის საქმე ის საქმეა, რომელზედაც ბიძინა ივანიშვილს პირადად აქვს ბრძანება გაცემული, რომ მაქსიმალურად უნდა ჩაიფარცხოს.
გომელაურის უდიდესი შეცდომა გოგაშვილია, გოგაშვილმა რაც იცის, სულ პირადად მისგან იცის, ან იმ სამსახურიდან, სადაც, როგორც ამბობს, თავად დააწინაურა. შესაბამისად, ივანიშვილი მასზე ახლა განრისხებულია, თუმცა, ამ ეტაპზე, არც არავინ ჰყავს, ვისითაც ერთგულ გომელაურს შეცვლის. ამიტომ, მას შემდეგ რაც გოგაშვილმა 18 აგვისტოს დაწერა, რომ უშუალოდ მკვლელობის ბრძანების გაცემაში არ სდებს გომელაურს ბრალს, გომელაურს კომენტარის გაკეთება მოსთხოვა და იმავე დღეს, რაც დღესაც გომელაურმა კომენტარი გააკეთა, დაიწერა პოსტები, ერთნაირი პათოსით და მსგავსი სიტყვებით, როგორიც ცუდია გოგაშვილი და როგორი კარგი გომელაური. როგორც ჩანს, გომელაურის ქების და გოგაშვილის ძაგების ბრძანება გაიცა.
და ბოლოს, გომელაური კი იძახის, მე არ დამიშინებია გოგაშვილი, როგორ ვიკადრებდი ოჯახით დაშინებასო, მაგრამ ოჯახი ამბობს, რომ როცა დაურეკა გომელაურმა გოგაშვილს, პირველი ეგ უთხრა, ხედავ, სანამ მიგიყვანა შენმა საქციელმაო და 19 აგვისტოს, გომელაური, გოგაშვილზე საუბრისას, ამბობს: „რაც მოხდა მოხდა, სანამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა და ქმედებებმა ვხედავთ“, – აი, ხომ შეიძლება მინისტრმა მცირედი, სულ მცირედი გონიერება გამოიჩინოს? მერე იკითხავენ, რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდანო – შეიძლება თავმოყვარე, გონიერი ადამიანი ასეთი მინისტრის დაქვემდებარებაში მუშაობდეს?
ისე იტყვიან, არავის დავმუქრებივართო, თითქოს ია კერზაიას მართლა კარგი ცხოვრების გამო გაუსკდა გული, ან თითქოს შარდი სახეზე არავის შეაზილეს, ან თითქოს იმ აუდიოჩანაწერში, სადაც ბერა და ღარიბაშვილი გინების გამო, ბავშვების დაშინებას, ვახოს დახმარებით არ გეგმავდნენ და არ ამბობდნენ – „სკოლაში ვერ წავლენ, ჩაიფსამენ შიშითო“ და არ იცინოდნენ…
კომენტარები