თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, გია კორკოტაშვილი.
– განაცხადეთ, რომ „ოცნებამ“ გადააგდო ხალხი, დააბოლა, რომ სადაც მიხვედით, ყველა გზა ჩახერგილი დაგხვდათ – რას გულისხმობდით?
– საერთოდ, წესით და რიგით ასე ხდება – ერთად რომ აკეთებ საქმეს, მეგობრები რომ ხართ, თანამეინახეები, თანამებრძოლები – მერე უმადურობას არ უნდა ხედავდე. ვისაც ახლა ხედავთ, მაგათაზე მეტი თავგანწირვა მაქვს, ძალიან რთულ პერიოდში ვაქტიურობდი, ჩემი ოჯახი დარტყმის ქვეშ იყო და იცოდა ოჯახმა ეს, მზად იყო ამისთვის. საქართველოს სიყვარულს ვერავინ მასწავლის, ვიცი ეგ და ისიც ვიცი, რომ ყველაზე მეტი ქართველი ქართველებთან ბრძოლაში იხოცებოდა, რადგან ამდენ „ნიჭიერ“ მგელთან „სრიალი“ რთულია. გულგასატეხია ის, რაც ხდება, უმადურობას ვხედავ და არ ვსაუბრობ კონკრეტულად ჩემზე – ვეტერანებს შევხედოთ, რეიტუზებამოცმულნი წავიდნენ ომში, ავტომატები რომ არ ჰქონდათ ორლულიანი თოფები აიღეს ხელში, ადგნენ და დაიწყეს მათთვის ათასნაირი დამამცირებელი იარლიყის მიკერება, როგორმე რომ ჩირქი მოეცხოთ, ხან მარადიორები ეძახეს, ხანაც „მორფინისტები“. ცუდი ყველგან გამოერევა და ზუსტად ვიცი, აი, ზუსტად ვიცი, თუ ვინმე მარადიორობდა, გია ყარყარაშვილი ასეთ ხალხს როგორ სჯიდა, სახალხოდ აცხადებდა, არაკაცებს ღიად ავლენდა. ქვეყანას, სადაც ვეტერანი დაუფასებელია, მომავალი არ აქვს. ამერიკა რომ ამერიკაა, ნახეთ როგორ აფასებს ვეტერანებს, შეხედეთ. ჩრდილოელი მეზობელი ავიღოთ, თუნდათ, ისიც დიდი ყურადღებას აქცევს ვეტერანებს. ყველა ქვეყანა ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძოდნენ. ესენი კი ერთ–ორზე თუ იზრუნებენ და ისიც იმიტომ, რომ გამოჩნდეს, ვითომ რაღაცას აკეთებენ. ხან 10 ლარი მოუმატეს, ხან 20 ლარი და ახლა 100 ლარი გახდებაო, მითხრან, როგორ უნდა იარსებოს სულიერმა 100 ლარად? ყველაზე საწყენი ისაა, რომ ხელისუფლების უმადურობამ ადამიანებს კითხვა დაასმევინა – ღირდა, თუ არა საქართველოსთვის ბრძოლა? – მაგ აზრამდე მივიდნენ უკვე. მიშას დროს დაიწყო, სხვათა შორის, ამ ხალხისთვის ტალახის სროლა და ამ ხელისუფლების პირობებში – გაგრძელდა. მახსოვს რადიო „უცნობის“ ეთერში საუბრისას, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ვკითხე მათ, ერთ ოთახში რომ შეგკრიბოთ და გამუდმებით გესმოდეთ ეს კაკაფონია, სროლა, ნაღმების აფეთქების და გმინვის ხმა, თან ისე, რომ ზუსტად იცოდეთ, არაფერი გემუქრებათ – რამდენი ხანი გაძლებთ? წინა ხელისუფლების დროს, ვებრძოდით ძალიან ძლიერ ორგანიზაციას, რომელსაც არაფრის მიმართ ჰქონდა შემწყნარებლობა, გაიხსენეთ ყინწვისის საქმე, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის – სამართალს ვერ პოულობდა ხალხი. იყო რამდენიმე გამოცემა, მაგალითად, რადიო „უცნობი“, მაგალითად, „ალია“ და კიდევ რამდენიმე, რომელიც ხალხს მართალ ინფორმაციას აწვდიდა და ხალხმა მოახერხა გაერთიანება. შევთანხმდეთ იმაში, რომ მაშინ იყო ძალადობრივი ურთიერთობები სახელმწიფოს მხრიდან, სააკაშვილი ამბობდა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა ყოფილიყო და ყველანი ციხეშიო, თარგამაძე ამბობდა – სულს ამოგხდითო, დანარჩენებიც იძახდნენ, ჩვენ ვართ მთავარი და ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი საქართველოო და აღსდგა ერი, ვთქვით, თქვენ ვინ ხართ, თემურ ლენგს არ შევეპუეთო, ჩვენ ის ხალხი ვართ, შვილიშვილი რომ პაპის ხანჯალს იღებდა ხელში და ისე ომობდაო. არავინ არ დაგვხმარებია მაშინ და დღესაც მეპარება ეჭვი ამერიკის გულწრფელობაში, რომლის გვერდით დგომა მე ვერ დავინახე მაშინ.
კომენტარები