ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას გამოეხმაურა. მისი თქმით, არ იგეგმება იმ ქალაქების იზოლაცია, სადაც ვირუსია გავრცელებული.
როუჰანიმ ამერიკის შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „უმჯობესია იმას მიხედონ, რომ მათ ქვეყანაში ათასობით ადამიანი გრიპით დაიღუპა“.
„ამერიკელებს და ჩვენს მტრებს სურდათ შეეფერხებინათ ჩვენი წარმოება და ეკონომიკა თავიანთი სანქციებითა და პროპაგანდით. კორონავირუსი არ უნდა გახდეს იარაღი ჩვენი მტრის ხელში“,-აღნიშნა როუჰანიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ შეშფოთება გამოთქვა, რომ ირანის ხელისუფლება, შესაძლოა, მალავდეს ინფორმაციას ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის მასშტაბური აფეთქების თაობაზე.
ირანის მთავრობის ოფიციალური ცნობებით, ქვეყანაში კორონავირუსის 139 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია.
კომენტარები