“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ამ საერთაშორისო აყალმაყალს ვუყურებ იმაზე, როგორ იმზადებს რუსეთი უკრაინაში შეჭრის საფუძველს და როგორ მიდის ქართული სცენარით – ბლინკენმაც ამაზე ილაპარაკა.
სევდა მერევა და სულ 2008 წლის 3 აგვისტო მახსენდება.
მახსენდება, როგორ ჩავფრინდით ისკიაზე – სამოთხეში.
მახსენდება, რომ ოთახი მზად არ იყო და ზღვასთან ლანჩზე დავსხედით, სანამ ნომერს ამზადებდნენ.
მახსენდება, როგორ დარეკა შოთიკო უტიაშვილმა და უთხრა გიგას, რომ რკინიგზის ჯარები გაყავთ, მაგრამ ქალაქის ევაკუაციას ახდენენ და სოფლების დაბომბვა არ წყდება.
მახსენდება, გიგას როგორ წაეშალა სახე.
მახსენდება, რომ მე ვერ მივხვდი რაზე აღელდა – უამრავი სხვა შემთხვევა იყო, როდესაც პანიკა ატყდა რომ რუსეთი თავს გვესხმის და რეალურად, მარტო ჩვენი შვებულება ჩაიშალა.
რომ ვკითხე – მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობს.
ძალიან ნერვიულობს იმაზე, რომ იძულებულს გაგვხდიან ცხინვალში ვუპასუხოთ და მერე აფხაზეთსაც დაიკავებენ და თუ ვერ გავძელით, თავის რეჟიმს დასვამენო.
სიტყვა სიტყვით – ვინც მიყვარს, ყველას ვფიცავარ ეს მითხრა.
ამერიკელებს არ სჯეროდათ რომ რუსეთი ომს გაბედავდა – პარანოიკად თვლიდნენ გიგას, როცა საფრთხეზე ელაპარაკებოდა. აღარაა რუსეთი საბჭოთა კავშირიო.
მე მაინც მქონდა იმედი, რომ ყალბი განგაშია და უბრალოდ ტვინი წაგვიღეს – ბოკერია იუდა რომაა რით ვერ გაიგეს, თავი დაგანებონ მეთქი.
(მე უკვე ძალიან გაბრაზებული ვიყავი ნაცებზე ბენდუქიძე-ბოკერიას უკან გაწევის და სუბელიან-ბარამიძის წინ წამოწევის გამო – ინტელექტუალურ შეურაცხყოფად, ღირებულებით უკანდახევად და ძალიან ცუდი პროცესის დასაწყისად ვთვლიდი – მიშასთანაც ძალიან ბევრი ვიჩხუბე ამაზე).
მერე დადგა 7.
მერე დადგა 8 აგვისტო და რომის აეროპორტში სანამ ლუფთანზას თანამშრომელმა არ მითხრა, შენს ქვეყანაში ომი დაიწყო და რეისი გაუქმდაო – არ მეჯერა.
ახლა რაც მე გიგამ ისკიაზე მომიყვა – საერთაშორისო მედია და პოლიტიკური სპექტრი ყვება, ოღონდ უკრაინაზე.
დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა მაინც აცდება რუსული რეჟიმის დასმას.”
კომენტარები