„ალიას“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრება ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
– თქვენ, ჩემთან საუბრისას თქვით ფრაზა: „დააკვირდით, რა დღეში არიან ელჩები, ვერ ხვდებიან ვისთან აქვთ საქმე…“ – ელჩები, ვერც 8 მარტის შეთანხმების დროს ხვდებოდნენ ვისთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ, 8 მარტის შეთანხმებამ შედეგი გამოიღო.
– 8 მარტის შეთანხმება, ისევე, როგორც ახლა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრები, ქართული სახელმწიფოსთვის არის დამაზიანებელი და დამანგრეველი. ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ინსტრუმენტად არის გამოყენებული ისე, რომ პრეზიდენტი არც ხელს აწერს ამ დოკუმენტს და არც პროცესებში მონაწილეობდა. ეს არის ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაცია. სახელმწიფოს მეორე პირები, სახელმწიფოს საიდუმლოებასთან უმაღლესი დაშვება რომ აქვთ, ზრდასრული, განათლებული ადამიანები ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ და ამისთვის სჭირდებათ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები. პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ერთმანეთს ვერ ელაპარაკებიან, წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინო ამბავია. თავი გვეჭრება საერთაშორისო მასშტაბით და ეს არის ამომრჩევლის შეურაცხყოფაც. არ შეიძლება სხვა ქვეყნის წარმომადგენლები შენი ქვეყნის საქმეებში ჩარიო და ფასილიტატორებად, ანუ მომგვარებლებად და შუამავლებად აქციო.
– „კანონიერი ქურდების“ როლი შეითავსეს?
– ჰო, უარს ვამბობთ კრიმინალურ ავტორიტეტებზე და გვყავს დიპლომატიური ავტორირიტეტები, თორემ, ლატვიის ელჩი რატომ არ მონაწილეობს? აზერბაიჯანის ან სომხეთის ელჩი რატომ არ მონაწილეობს? ავტორიტეტები არიან ევროკავშირის ელჩი და ამერიკის ელჩი. ამერიკის ელჩი რა, ქურდად ზის ამ ქვეყანაში? გესმით, რას აღიარებს ჩვენი პოლიტიკური ელიტა? ამერიკის ელჩის აზრია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი….
– ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, 6 თვით ადრე გაყალბდა თუ 10 თვით ადრე, ფაქტი არის ის, რომ არჩევნების შედეგები ჩემთვის და ბევრისთვის ყალბია. გავიგე, რომ ზოგი მზად არ იყო, ზოგი პოლიტიკურად გალახეს, ზოგმა პოლიტიკურად და ადამიანურადაც კი, იტირა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ხალხმა?
– ძველი, ცნობილი ხუმრობა უნდა ვთქვა, იმ კითხვის პასუხად – ვის გავყვეთ? ხალხმა უნდა მოითხოვოს ტროლეიბუსის ხაზების და ტრამვაის ლიანდაგების აღდგენა; ზოგი ტროლეიბუსს გაყვება და ზოგი – ტრამვაის! რასაც ახლა ვიტყვი, კატასტროფაა, მაგრამ ადამიანები, ვისაც შეიძლება გაჰყვე, აღარ არსებობენ! ვის უნდა გაყვე? მელიას, ბურჯანაძეს, ნათელაშვილს როგორ უნდა გაყვე? სად მიყვები, რომ მიყვები?
– ვერც კობახიძეს გავყვები…
-კი, ბატონო, თუნდაც კობახიძეს. ხალხმა რა უნდა ქნას, ეს არის მარადიული შეკითხვა. ხალხმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, უნდა მივიდეს არჩევნებზე, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და არ უნდა დატოვოს პროცესი პოლიტიკოსების ანაბარა. საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს და პოლიტიკოსები ვაიძულოთ, იმოქმედონ ისე, როგორც ჩვენ, საზოგადოებას გვჭირდება. ჩვენი ინტერესების გამტარებლები უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, საზოგადოება კი არ უნდა ვიყოთ ინსტრუმენტი მათი ინტერესების გასატარებლად.
– და თუ ეს პრინციპი დაირღვა და მე მგონია, რომ კარგა ხნის წინ დაირღვა…
– როცა ეს ირღვევა, მაშინ ირღვევა საზოგადოებრივი ქსოვილი და ვერ შევდგებით სახელმწიფოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ჩამოიშლება და მოვლენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც თავისი ინტერესების გატარებას მუდმივად გააგრძელებენ მომავალშიც და ამას არ ერქმევა საქართველო. თუ ჩვენ გვინდა ქართული სახელმწიფოს შექმნა, უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე. ხოლო იმისთვის, რომ ჩვენი წილი საქმე კარგად გავაკეთოთ, არ გვჭირდება არც კობახიძის, არც ვაშაძის და არც ბურჯანაძის მითითება.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები