თამო კეშელავა, ალია
პარლამენტმა ხმა მისცა მესამე მოსმენით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დღევანდელი რეალობით, „ლეიბორისტულ“ პარტიას შეუჩერდება დაფინანსება, უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება და ასევე, ცესკოში აღარ ეყოლება წარმომადგენელი. კანონი 2022 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი მოსმენის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირი-ში გააგზავნა და მარტში პასუხიც მიიღო. ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია პოლიტიკური პარტიების (და არა ინდივიდუალური დეპუტატების) სანქცირებას დისპროპორციულ ზომად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შეუსაბამობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან, რომელიც უკვე დაბალანსებულად არეგულირებს მსგავს საკითხებს.
„ასეთი ფართო სანქციები პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის წევრი არცერთი სახელმწიფოს კანონმდებლობაში არ მოიძიება”, – ნათქვამია დასკვნაში.
„ალია“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.
– ბატონო შალვა, შესაძლოა, მალე დარჩეთ დაფინანსების, ცესკოში წარმომადგენლის გარეშე – ასეთი მკაცრი ზომები ჯერ არც ერთი პარტიის მიმართ არ მიუღიათ, არც იმ პარტიის მიმართ, რომლის გასამართლებასაც პირდებოდნენ ხალხს 2012 წელს. რა ხდება რეალურად?
– შარლ მიშელის დოკუმენტში და მოლაპარაკებების წინა რაუნდებში გადაწყდა, რომ ბარიერგადალახული პარტიები (ასეთია დღეის მდგომარეობით 9) მიიღებდნენ საარჩევნო კომისიის ყველა დონეზე წევრის კვოტას. ეს საკითხი გადაწყვეტილია საერთაშორისო უმაღლეს დონეზე. ეს დაადასტურა ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნებით. თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მოლაპარაკებებისას, მე ვითხოვდი კომისიაში წევრი ჰყოლოდა არა ამ ბარიერგადალახულ 9 პარტიას, არამედ, ყველა პარტიას, ვინც კი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვითხოვდი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც გადაიქცა გაყალბების და ცრუ საქმიანობის სამინისტროდ – გაუქმებულიყო საერთოდ. ვინმეს გაგიგიათ ამერიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია? ან საფრანგეთის, ან დიდი ბრიტანეთის? არ არსებობს ასეთი. ეს არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, მას ჰქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისია და შემორჩა თურქმენეთში, უზბეკეთში და საქართველოსა და აზერბაიჯანში. ასევე ვითხოვდი საარჩევნო კომისიის პროფესიონალ წევრთა საარჩევნო კვოტის გაუქმებას, ეს წევრები პირდაპირ სუს-იდან ინიშნებიან და პირდაპირ აყალბებენ არჩევნებს.
– ცესკოს ნაცვლად, რას სთავაზობდით?
– არაფერს, არჩევნების წინ შეიქმნება საარჩევნო კომისიები, მათ შორის ცენტრალურიც და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, დაიშლებიან და წავლენ სახლებში. არ ექნებათ ეს მუდმივი მილონიანი დაფინანსება. ამერიკაში როგორაა? არჩევნების წინ იქმნება კომისიები, მერე მიდიან და მუშაობენ ისევ თავიანთი პროფესიით. ეს, რა თქმა უნდა, არ გაიზიარეს.
– ვინ არ გაიზიარა?
– არც ოპოზიციამ, არც პოზიციამ, არც ელჩებმა – არავინ! ასევე მოვითხოვდი, სავალდებულო ყოფილიყო არჩევნებში მონაწილეობა, რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ კარტოფილით და თანამდებობით ნაყიდი ხალხით გრიალი, 40 პროცენტი რომ სახლში რჩება და ქვეყანა თავზე გვექცევა. არც ეს გაიზიარეს, თუმცა, ის საკითხი, რომ ბარიერგადალახულ 9 პარტიას საარჩევნო კომისიაში თავისი წევრი უნდა ჰყოლოდა, გადაწყვეტილია! უცებ აიღეს, შემოატრიალეს და წაგვართვეს საარჩევნო კომისიაში წევრი! ფაქტიურად, „ოცნება“ არის სრულ უმრავლესობაში, ისე, როგორც აქამდე არასოდეს ყოფილა! ნახეთ, „ოცნებას“ ჰყავს კომისიაში 1 წევრი, ის კომიიის 8 „პროფესიონალი“ წევრიც მაგათია, ამათ დაემატება „ევროპული სოციალისტების“ წევრი, ეგეც „ოცნებისაა“, პატარა ვაშაძის პარტიის წევრიც იგივე ქოცი იქნება, გირჩი – ქოცი იქნება, ელისაშვილი იგივე ქოცი იქნება… და ჩემი კვოტა წაიღეს. ასეთი აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს ჰყოლია ცესკოში არც ერთ მმართველ ძალას ბოლო 30 წლის მანძილზე. აი, ეს მოხდა! გარდა ამისა, ამაზე როგორ გაჩერდებოდნენ, თუ პარლამენტში არ შევალ, 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან პარტიას ართმევენ იმ სამარცხვინო დაფინანსებას, რომელიც ბევრად ნაკლებია, ვიდრე საგანელიძის ხელფასი. 18 ათასს ლარს ვიღებდით, დანარჩენი მიაქვს გადასახადებს, 18 000 ლარი უნდა ვამყოფინოთ 3700 საარჩევნო უბანს და ამასაც გვართმევენ. ჯანდაბას მაგათი თავი, 1995 წლიდან 2007 წლამდე არ ვფინანსდებოდი და რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ საარჩევნო კომისიაში წევრის წართმევა და უფასო სარეკლამო დროის წართმევა ტელევიზიაში უკვე პარტიის საქმიანობის აკრძალვაა, ეს იგივეა, რომ ავტომანქანას გამოაცალო ძრავი, მოხსნა საბურავები და მძღოლს უთხრა, დაძარი მანქანა და წადიო… ან ადამიანს გული ამოაცალო და უთხრა, აბა, გააგრძელე სიცოცხლეო… წარმოუდგენელი ამბავი ხდება. ეს ხდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების სრული დუმილის ფონზე. აგერ, ვხედავ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი პატივცემულ ლგბტ აქტივთან ერთად, მოითხოვენ მათი უფლებების დაცვას და ჩვენ საერთოდ არ გავხსენებივართ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ვუგზავნი წერილებს, ვწერ, ჩაერიეთ, მიხედეთ, გვექცევა თავზე თქვენც და ჩვენც ეს ქვეყანა.
– რას გპასუხობენ ელჩები წერილებზე?
– არაფერს, გაბუტულები არიან, იმიტომ რომ არ მოვაწერეთ ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას, რომელიც უკვე დარღვეულია და ქაღალდის გროვად არის ქცეული, ყველაფერი დაირღვა რაც შეთანხმდა, საარჩევნო პოზიციები პარტიებზე, მოსამართლეების დანიშვნა, საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა ჯარიმები პატიმრობებად გადააქციეს და დამთავრდა, აღარ არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ისე არიან გაბუტულები, ალბათ, რომ დაგვიჭირონ კიდევაც, ხმას არ ამოიღებენ. სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრები, მმართველი, პრორუსული ელიტის მხარეს არიან. რა ხდება, ვერ გეტყვით. მე ვალდებულება ავიღე, ხელი მოვაწერე, კაცს, ამომრჩეველს სიტყვა ვუთხარი, უცებ დამინახონ პარლამენტში შემძვრალი, რას იფიქრებს ხალხი? მარტო შალვა ნათელაშვილზე კი არა, მთლიანად პოლიტიკაზე წაუხდება შთაბეჭდილება, თორემ, რა უნდა პარლამენტში შესვლას? პატარა ნამუსი უნდა მოაკლო საკუთარ თავს და რომ აღარ დაგრჩება ნამუსი, მერე შეხვალ!
კომენტარები