გიდასტურებთ, რომ ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა პირს დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია.
„მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა. შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და შემდეგ ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია. ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა. დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით კიდევ ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება.
მე გითხარით, რომ დიდი ალბათობით ეს შესაძლოა, იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე. ის ჩემი კოლეგაა, მაგრამ ის არის პირველწყარო, თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, იქ მიმდინარეობს შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებელები, მე ამას ვერ დავაზუსტებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტები საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ.
კომენტარები