ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე.
– შევაჯამოთ 2021 წელი, რომელიც კარგით არაფრით გამოირჩეოდა, ინფლაციამ ყველაფერზე ფასების მატება გამოიწვია და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ? რა უნდა გაეკეთებინათ და რა არ გააკეთეს?
– დავიწყოთ იმით, რომ 2021 წლის მოლოდინები ვერ იქნებოდა ოპტიმისტური, იმიტომ, რომ 2020 წელს, პანდემიის გამო, იყო სრული ლოკდაუნი, ჩაკეტვები და ეკონომიკის დაკონსერვების ხანა. საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი რაც იყო, დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესი, ფაქტობრივად, გაჩერდა. „გაგვიმართლა“ იმ კუთხით, რომ საქართველოში წარმოებები არ არსებობს და ამ ფორმით კორონავირუსის შედეგები არ აისახა საქართველოზე. თუმცა, აისახა იმ კუთხით, რომ ამ სერვისების, პროდუქტების მიმღები და გამტარიანობა, ეკონომიკური აქტორები, დისტრიბუცია და ა.შ. უბრალოდ, გაჩერდა. შესაბამისად, ამ მცირე ეკონომიკურმა ნიუანსებმაც კი, დიდი გავლენა იქონია ჩვენს რესურსზე. უმუშევრობა ოფიციალური მონაცემებით გაიზარდა 19.8%–ით, მე არ ვსაუბრობ ჩრდილოვან ეკონომიკაზე, ვსაუბრობ რეალურ ეკონომიკაზე. ეს ყველაფერი 2021 წელს დაგვირგვინდა დიდი ინფლაციით. ინფლაცია რას ნიშნავს, მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ ავხსნათ: ეს არის ჭარბი ფულის მასა, რომელიც ხვდება ადამიანების ხელში. აქ მთავარი პრობლემა, რაც დაუშვა სახელმწიფომ, ის იყო, რომ 2021 წელს 2 მილიარდ ლარზე მეტი დაბეჭდეს. ამით მოთხოვნა–მიწოდების ბალანსი დაირღვა. ეს იგივეა, ადამიანს მუდმივად თავი რომ სტკივა და ყოველთვის ტკივილგამაყუჩებელს იღებს, რომელიც ტკივილს მოკლევადიან პერიოდში უჩერებს, მაგრამ არ ცდილობს, ტკივილის გამომწვევი მიზეზების გარკვევას და შემდგომში, მის აღმოფხვრას, არ ებრძვის ტკივილის გამომწვევ მიზეზს. მიზეზი არის ინფლაცია, რომელიც არც დღეს დაწყებულა და არც შარშან და არც პანდემიამდე. ეს დაიწყო 2015 წლიდან. უკვე მაშინ მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნო ვალუტის კურსის მცურავი რეჟიმით ლარის ეტაპობრივი გაუფასურება და ასე, ლარის ეტაპობრივი გაუფასურებით მოვედით, სადამდეც მოვედით. ერთადერთი გამოსავალი, რაც ინფლაციას გამოასწორებს, ეს არის ლარზე უფრო ძლიერი და ბევრად მსყიდველობის უნარიანი ვალუტის შემოდინება ქვეყანაში. ეს არ არის ჩემი თეორია, ეს არის მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკა. შენ თუ ქვეყანაში არ აბალანსებ საკუთარ ვალუტას ევროთი, დოლარით და სხვა უფრო ძლიერი ვალუტით, შენი ეკონომიკა და შენი ვალუტა უფასურდება. ლარის მოხმარება მარტო საქართველოშია და არსად სხვაგან და ყოველდღე უფასურდება. დეკემბრის თვე ავიღოთ, დეკემბერი არის ყველაზე მოთხოვნადი თვეა ლარზე. უცხოეთიდან ემიგრანტები რიცხავენ ფულს, უცხოურ ვალუტას, იმ ვალუტას აქ ცვლიან ლარზე, ხალხი საახალწლოდ უცხოურ ვალუტაში შენახულ დანაზოგსაც ლარზე ცვლის, რადგან ყველაფრის შეძენა, სურსათ–სანოვაგის, საჩუქრების შეძენა ლარში უწევს და ასეთ დროს, ლარი ყოველთვის მყარდებოდა. თუმცა, ეს შარშან დეკემბერში არ მოხდა. ლარზე ამ დიდი მოთხოვნის მიუხედავად, დეკემბერში მაინც გაიზარდა ინფლაცია 0.3%–ით. ამას არ სჭირდება დიდი ეკონომიკური ანალიზი. დეკემბერში, როდესაც ლარი ყველაზე მოთხოვნადია და ინფლაცია რომ მაინც იზრდება, ძალიან მარტივად შეიძლება მიხვდე, რა მოგველის მომდევნო პერიოდში. ძალიან სამწუხაროა, რომ საახალწლო პერიოდში გვიწევს ამაზე ლაპარაკი. რეალურად, იმის მაგივრად, რომ ის სახელისუფლებო სტრუქტურები, რომელთაც შემხებლობა აქვთ ქვეყნის ეკონომიკასთან, უნდა ქმნიდნენ ახალ საგადასახადო რეფორმებს, ზრუნავდნენ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე. მთავრობის ბალანსზე არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ქონება და უნდა ახდენდეს მის მყისიერ რეალიზაციას, რაც ინვესტიციის შემოსვლის ერთ–ერთი საშუალებაა. ამის ნაცვლად, ისევ ვბეჭდავთ ლარს და ხელს ვუწყობთ ინფლაციის გაზრდას. ეს არის ჩვენი პრობლემა.
– მთავრობა მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი, აცხადებენ, რომ გაზაფხულზე ლარი შედარებით დასტაბილურდება. თქვენ რა პროგნოზი გაქვთ?
– პრაგმატულად და ეკონომიკურად არ უდგება ამ საკითხს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ინერციით მიჰყვება ამ პრობლემის მოგვარებას. კი, საუბრობენ იმაზე, რომ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს გაზაფხულზეო და ა.შ. მე–3 კურსის სტუდენტებს ვასწავლი ამას და ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ყველაზე მეტად დროითი ფაქტორი მუშაობს ეკონომიკაზე. არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი და იმის ილუზია, რომ 6 თვეში და 1 წელიწადში ინფლაციას დაამარცხებენ. ვინც ამას ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის არის უვიცი. რატომ? ინფლაცია როგორც იზრდება ეტაპობრივად, ასევე ეტაპობრივად უნდა ჩამოსწიო ქვემოთ. დღეს რომ ინფლაცია საბაზისო ნიშნულზე, 3–4%–ზე დავაბრუნოთ, ამისთვის გვჭირდება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი უცხოური ვალუტის შემოსვლა ქვეყანაში. აქ ჩნდება კითხვა – 1 წელიწადში და უცებ რომ მივიღოთ ეს 12 მილიარდი, ვერ ჩამოვწევთ? ვერა, ვერ ჩამოვწევთ, რადგან ეს შემოსული თანხა უნდა აეზილოს ეკონომიკას, სამშენებლო იქნება თუ სხვა სექტორი, ეს ფული ხომ უნდა ჩაჯდეს ბოლომდე, აეზილოს სხვა და სხვა ბიზნეს–სფეროებს. ამას კი დრო სჭირდება. ასე, 6 თვეში და 1 წელში გაუფასურებული ვალუტის გამყარება არ ხდება. ოღონდ, წლიურად ამ 3 მილიარდის შემოსვლა ისე არ უნდა მოხდეს, როგორც დღეს ხდება. საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 73% ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებია, 20% ეს არის რეინვესტირება და მხოლოდ 7% გახლავთ ახალი, რეალური ინვესტიცია. ეს 7% , შეიძლება ითქვას, არაფერია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, თორემ ემიგრანტები ისედაც გამოგზავნიან თანხებს და უკვე არსებული ბიზნესიც, თავისთავად, მოახდენს რეინვესტირებას. ბოლო პერიოდში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ყოველწლიურად ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებისა, 2 მილიარდზე მეტი შემოვიდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ რაიმეზე მიანიშნებს – კატასტროფულად გაზრდილია ემიგრაცია და სხვაზე არაფერზე.
– პირდაპირი ინვესტიცია რამდენი პროცენტი უნდა იყოს, რომ რადიკალურად გამოსწორდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ლარი მკვეთრად გამყარდეს?
– პირდაპირი ინვესტიცია 40% – საკმარისია. 30%–იც საკმარისია. 30–40% რომ აისახოს კლასიკური გაგებით, ეკონომიკაზე, ეს უკვე უდიდესი შედეგი იქნება დღევანდელ მოცემულობაში. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ უცხოეთიდან ჩამოვლენ ბიზნესმენები და ჩემოდნებით ჩამოიტანენ ფულს. რეალურად, ეს უცხოელი ინვესტორები, გადიან რეკომენდაციებს მსოფლიო ბანკში, ევროკავშირში და ევროპარლამენტში არსებული სტრუქტურებში, „იბიარდში“ და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო–საფინანსო ინსტიტუტებში. მათი რეკომენდაციების შედეგად, კონკრეტული ფონდები თუ ადამიანები წყვეტენ, რომელ ქვეყნებში გაიღონ საკუთარი ფული და სად განახორციელონ ინვესტიცია. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენი საერთაშორისო საკრედიტო მონაცემები, ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ყოველგვარ ლიმიტს გასცდა, გვაქვს კრიტიკულად დიდი საგარეო ვალი, კატასტროფულად დიდი ვალი. გვაქვს საკმაოდ მძიმე რეპუტაცია საერთაშორისო–საფინანსო ორგანიზაციებთან, იმიტომ რომ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ქეისი. ერთი, „ნამახვანჰესის“ მოცემულობა, როდესაც პოლიტიკური ნიავის გამო 800 მილიონიანი ინვესტიცია გაჩერდა და ასევე, გემბლინგის ქეისი, სადაც 500 მილიონზე მეტი შემოვიდა საერთაშორისო ფული, გათვლილი იყო გრძელვადიან ინვესტიციაზე და ვეუბნებით, რომ ბოდიში, ახლა უნდა დაგხუროთო. ასეთი მესიჯები ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, მის საინვესტიციო ღირებულებას აუფასურებს. ამას დავამატოთ პოლიტიკური არასტაბილურობა, სასამართლოს არადამოუკიდებლობა და ეს ტურბულენტობა ქმნის იმ ანტირეკომენდაციას, რომ საქართველოში დიდი ფულის ჩამოტანა არის სარისკო. ეს მოცემულობა ყველამ იცის. მათ შორის, მთავრობასაც გათავისებული აქვს. აქედან გამომდინარე, სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, ჯერ რაც შეეძლოთ ვალები აიღეს და ახლა ვალს რომ ვეღარ იღებენ, ბეჭდავენ ფულს და მერე შედეგად ვიღებთ ინფლაციას.
– ამას დავამატოთ გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს.
– კი, კიდევ ერთი ძალიან უცნაური რამ მოხდა. ერთის მხრივ, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. ამით სესხები გაუძვირა ადამიანებს, როდესაც საქართველოში მოსახლეობის 88% სარგებლობს სესხებით. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ინფლაციის დოზირებით ამოიღონ თანხა მოსახლეობისგან. კი, ბატონო, მძიმეა ეს მოსახლეობისთვის, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკას ასე სჭირდება და გასაგებია. თუმცა, როდესაც ერთ დღეს მოსახლებისგან ფულს იღებ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით, მეორე მომენტში, 4 მილიარდ 200 მილიონი გქონდა ადმინისტრაციული ხარჯი და კიდევ 130 მილიონით ზრდი, ეს უკვე ალოგიკურია. მოსახლეობიდან ფულს იღებ და ადმინისტრაციულში ასხამ? ასეთი რაღაც ეკონომიკაში არ ხდება. ანუ, მოსახლეობისგან ჭარბ ფულს იღებ და ვაძლევთ ისევ მოსახლეობას, ოღონდ ადმინისტრაციულ რესურსს. არ მინდა ვიყო კრიტიკული, ობიექტური მინდა ვიყო. ამ მეცნიერებას, ეკონომიკას ცხოვრება მივუძღვენი და სიღრმეებში ვარ გასული, ასე ვთქვათ. ისეთი ნონსენსები, როგორიც საქართველოში ხდება, მართლა გულწრფელად შემიძლია გითხრათ, არსად ხდება. ალბათ, ოდესღაც სახელმძღვანელოებში შეიტანენ, როგორ არ უნდა მოიქცეს ეკონომიკური კრიზისის დროს ეკონომიკური გუნდი. მე ასე ვაფასებ ამას.
კომენტარები