ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, ხელისუფლების 30–მდე წარმომადგენელი დაასანქცირა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მაგრამ დასანქცირებულთა ვინაობას არ ამხელენ. თვითონ „ოცნების“ წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არც ერთ მათგანს ეს არ შეხებია. ცოტა არ იყოს, უცნაურია. რას ნიშნავს ამგვარი სანქციები? ეს გაფრთხილებაა ხელისუფლების წარმომადგენელთათვის?
– მე ვფიქრობ, ეს სწორი ტაქტიკაა ამერიკის მხრიდან და ასეც უნდა იყოს. ხელისუფლებას, მის წარმომადგენლებს მანევრის საშუალება უნდა დაუტოვო. ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა იარონ ამ მიმართულებით, ერთი ხელის მოსმით ყველას, ვისაც ეკუთვნის, ვერც და არც დაასანქცირებდნენ. რაც შეეეხება დასანქცირებულთა ვინაობის არ გამხელას, ნუ გგონიათ, რომ ეს რაღაც კომფორტულია ვიღაცისთვის. პირიქით შეიძლება იყოს, ყველას ეგონოს, რომ დასანქცირებულია და ეს რომ გაარკვიონ, უნდა ჩაფრინდნენ ამერიკაში და იქ, სასაზღვრო პუნქტის გავლისას გაიგებენ, რომ დასანქცირებულნი არიან და ქვეყანაში ვერ შევლენ. ყველას უნდა ეგონოს, რომ დასანქცირებულია, ყველას ეჭვი შეაქვს საკუთარ თავში. ამ ეტაპზე, ამგვარი და როგორც თქვენ ამბობთ, უცნაურ სანქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს არის დასწყისი ძალიან დიდი, ძალიან სამწუხარო და მძიმე პროცესისა „ქართული ოცნების“ მიმართ. სამწუხაროა იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ზარალის გაყოფა, რაც შემდგომ სანქციებს მოჰყვება, სახელმწოფოს ზარალისგან შეუძლებელია. სახელმწიფოც იზარალებს, მაგრამ რას ვიზამთ. ასეთია ისტორიული განვითარება, ჩვენც, ამ ქვეყნის მოქალქეებსაც მოგვიწევს დარტყმის საკუთარ თავზე აღება. ეს კოშმარი როდესაც დასრულდება, ქვეყანა დაადგება განვითარების ნორმალურ გზას და ამ ზარალის ანაზღაურება ძალიან სწრაფად მოხდება.
– თქვენ ბრძანეთ, რომ საუკეთესო ვარიანტი ის იქნება, თუ დასავლეთი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაასანქცირებს და ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს არ შეეხებაო. რატომ ფიქრობთ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება?
– სისტემის მდგრადობის ერთ–ერთი ფუნდამენტური განმსაზღვრელი არის მითოლოგია ბიძინა ივანიშვილის უძლეველობისა. ბიძინა ამათ ეუბნება, რომ მე დაგიცავთ, რაღაც გეგმა მაქვს მოფიქრებული, რაღაც ტრიუკებს ჰპირდება, „აბოლებს“ მოკლედ. ეს უძლეველობის მითოლოგია სისტემაში მუშაობს. თუ ბიძინას არ დაასანქცირებენ, მაგრამ სხვებს არ დაინდობენ, ეს ხალხი დაინახავს, რომ ბიძინა მათ ვერ იცავს, ხოლო თავად ამ კუთხით პრობლემები არ აქვს. გაჩნდება ბიძინას მიმართ უნდობლობა, მეტიც, შიგა და შიგ აგრესიაც. ამას კი სერიოზული რყევები მოჰყვება, „ქართული ოცნების“ შიგნით დიდი უკმაყოფილება და განხეეთქილება, ამამ მივყავართ სისტემის არასტაბილურობამდე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემის შიგნით რღვევის დაწყება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისია. ეს პროცესი თუ დაიწყო, აღარ გაჩერდება, დაემხობათ თავზე ყველაფერი. ეს მითოლოგია, რომ ბიძინა ყოვლისშემძლეა, მთელ მის გუნდს გადაეფარება და დაიცავს სანქციებისა და სხვა პრობლემებისგან, აუცილებლად უნდა დაინგრეს, რადგან ეს მართლა მითოლოგიაა, ტყუილზეა დაფუძნებული და რეალურად, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია. შიდა რყევები მთავარ ამოცანას, ხელისუფლების ცვლილებას, მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ბიძინას მიმართ შიგნით როდესაც გაჩნდება უკმაყოფილება, ეს გამოიწვევს ჩუმ საბოტაჟს სისტემაში. აუცილებელი არ არის, ყველამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ან არ სრულდება დავალებები, ან უხარისხოდ სრულდება, ან იწელება. ასევე, შიგნიდან ინფორმაცია ჟონავს უფრო მეტად, ვიდრე ახლა. ეს ინდიკატორები არის სისტემური ნგრევის მაჩვენებელი. უკანონო დავალებების შესრულება უკვე ნაკლები ხალისით დაიწყება. ეს უკვე გააიოლებს ახალ ვითარებაზე უმტკივნეულო გადასვლას. ვიდრე სისტემა ძლიერი და მდგრადია, ცვლილებები ძალიან მტკივნეულია საზოგადოებაში. თუ სისტემა საბოტიჟირებს, მდუმარე დაუმორჩილებლობის რეჟიმში გადადის, მაშინ ბიძინამ რაღა უნდა ქნას, თვითონ ხომ არ ირბენს ქუჩა–ქუჩა და თავების დათვლას ხომ არ დაიწყებს? ასე რომ, ვფიქრობ, სწორი ტაქტიკა იქნება, რომ ბიძინა არ დაასანქცირონ, მის ირგვლივ მიწა უნდა დაწვან. ეს ბევრად უფრო ეფექტური იქნება.
– თუ ამერიკიდან სანქციების ახალი პაკეტი წამოვიდა და ის 84 დეპუტატი დაასანქცირეს, რომელთაც „აგენტების კანონს“ მისცეს ხმა, ასევე მინისტრები, ძალოვანებიც ზედ მოაყოლეს. პარალელურად ევროკავშირის სანქციებიც თუ იქნება დროულად და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათი ოჯახის წევრებს თუ აღარ შეუშვებენ ევროკავშირის ქვყნებში, ეს „ქართული ოცნებას“ არჩევნებამდე ჩამოშლის. შესაძლოა, შემოდგომამდე უმრავლესობა დაკარგონ და ვადამდელი არჩევნებიც კი დაინიშნოს.
– ეს ყველაფერი თუ მოხდება, კარგი იქნება, მაგრამ ახლა არ უნდა მოხდეს. ეს უნდა მოხდეს არჩევნებამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე – სადღაც, აგვისტო– სექტემბერში. დომინოს პრინციპით განხორციელებულ სანქციებს ბევრი პრობლემები მოჰყვება და მე ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ პერპექტივა, რბილად რომ ვთქვათ, იქნება ბუნდოვანი. ყველაფერი წინ არის. სანქციები პრობლემატური იქნება ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, ეკომომიკური სანქციების შემთხვევაში, კარგად მესმის, ინვესტიციების შემოტანა შეწყდება ქვეყანაში. წინა პერიოდთან შედარებით უკვე განახევრებულია პირდაპირი ინვესტიციები. სანქციები თუ გამოცხადდა, ეს ფაქტობრივად, გააჩერებს საინვესტიციო აქტივობას ქვეყანაში. რაც უფრო ნაკლები დრო იქნება არჩევნებამდე დარჩენილი, ყველანაირად უკეთესი იქნება. თავად საარჩევნო ეფექტის კუთხითაც უკეთესია, ვერ მოასწრებს ხელისუფლება გადაჯგუფებას და რაღაც ახალი სისულელეების მოფიქრებას. შესაბამისად, ზარალიც ნაკლები იქნება.
კომენტარები