ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
– სალომე ზურაბიშვილმა განაცხდა, ნიკა გვარამიას დაჭერა დროში არ იყო გამართლებული, რადგან ამან ხელი შეუშალა ევროკავშირის კანდიდატის მიღების პროცესსო, მაგრამ გვარამია არ შეიწყალა. საერთოდ, რატომ ახსენა გვარამია? ისე, ბევრი კი ელოდებოდა, რომ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებდა. თქვენ რას ფიქრობდით?
– ზურაბიშვილმა თქვა, რომ სასამართლოს მიერ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ პოლიტიკაში დროულობა გასათვალისწინებელიაო. ეს განცხადება იყო კარგი. როდესაც რაღაცას ელოდები, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაც საერთაშორისო მასშტაბით გამაღიზიანებელია და არა მარტო პროცესს დააზიანებს, შედეგზეც დიდ გავლენეს მოახდენს, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. ზურაბიშვილი საკუთარ თავზე არ აიღებდა „ქართული ოცნების“ ამ შეცდომას და არ შეიწყალებდა გვარამიას, ამას არც ველოდი. პირიქით, ის შეეცდება გარკვეულწილად, გვარამიას საკითხი „ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდეს. სხვის დაშვებულ შეცდომას ზურაბიშვილი არ გამოასწორებს, რადგან ვინც ეს შეცდომა დაუშვა, ის ადამიანები მას შეურაცხყოფას აყენებენ, ირაკლი კობახიძე და სხვა საპარლამენტო ლიდერები. ვინ არის სწორი, მაგას დრო გამოაჩენს, მაგრამ მგონია, რომ ნიკა გვარამიას დაჭერა, საკმაოდ ძვირი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“. ხელისუფლებების ასეთი გადაწყვეტილებები, ხალხში აისახება და უცხოელი პარტნიორებიც თვლიან, რომ პასუხი უნდა მოსთხოვონ, ასე თუ ისე, მაინც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, თუნდაც არჩევნების გაყალბების გზით იყოს ის მოსული ქვეყნის სათავაში.
კომენტარები