„ალიას“ ესაუბრება ჟურნალისტი, საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია ,,ლაზაროსის“ ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიგლა გობეჩია:
-საუკუნის მეოთხედზე მეტი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან. ფაქტობრივად ეს ერთი თაობის მიქცევა-მოქცევის დროა. და რა მივიღეთ? რას მივაღწიეთ განვლილი დროის მანძილზე? წავიწიეთ წინ თუ ვტკეპნით ადგილზე? ეს ის კითხვებია, რომელსაც ამ 25-30 წლის მანძილზე საქართველოში მობოგინე-მოღაღანე ვერცერთი ძვირფასი პოლიტიკური გვამ-ჩინი გვერდს უკვე ვერ აუვლის. რადგან ვინ, თუ არა ისინი, არიან ამ ყოვლად გაუგონარ და მიუღებელ დომხალზე პასუხისმგებელნი. დღეს ყველა გულგონიერი ქართველი ხვდება, რომ ჩვენ ძალიან გაგვიგრძელდა სიბნელეში ყოფნა? საითაც არ უნდა გავიხედოთ, საზოგადოებრივი ცხოვრების რა სფეროსაც არ უნდა მივადგეთ, ყველგან უკუსვლა და პარტახია. ცხადია, გარეგნულ ბრწყინვალებას არ ვგულისხმობ. საითაც არ დავიგეზეთ, ყველამ ,,მოგვდო თითო ხიშტი!“ ნატოს კარი დარაზულია და ისე გვექცევიან, ვირს ცხვირწინ რომ ბალახს მიუმაგრებ და დაპირდები, ოღონდ შენ იარე და ამ ბალახს მალე შეჭამო. ანუ უაზრო სიარულისგან დაღლილი ვირი ვერასოდეს შეახრამუნებს იმ ნედლ და ქორფა მასას. ამასობაში კი მოჭკნება ის ბღუჯა ბალახიც და ვირსაც , ალბათ, აღარ მოუნდება მისი დაგემოვნება. ვართ ასე, ცასა და ხმელეთს შორის გახიდულ-გაჩხირულები, ვატყობთ, თუმცა რაღა ვატყობთ, კარგად ვხვდებით, რომ ძააალიან, ძააალიან ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ მაინც ვმცონარობთ, თავს ვიშტერებთ და ისევ სხვისი წყალობის მოლოდინში ვათენ-ვაღამებთ. მზე ხან ჩრდილოეთიდან ამოგვყავს, ხან დასავლეთიდან და ჯიუტად ვერ ვხვდებით, ან არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ ჩვენს ხელთაა, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ჩვენს გასაღებ სისხლს გადამთიელი არ გაიღებს. ამიტომ გვეყო უკვე! ძალიანაც გვეყო! და ეს უნდა გაიგოს, ან გავაგებინოთ შინაურ მტერს, გარედან მოყვრობის ცრუ დაპირებით მოსულსაც და ჩასაფრებულსაც. საშინელი სიფხიზლის, გამოფხიზლების დრო დაგვიდგა ქართველებს.
-რა უნდა გაკეთდეს? ამ სიტუაციიდან გამოსავალი სად არის?
– პირველ რიგში, უყოყმანოდ უნდა შეფასდეს იმ ავბედითი 1990-იანებიდან მოყოლებული დღემდე ჩადენილი ვერაგობანი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დადგა დრო ქარაფის პირას მოტორტმანე მქროლავი შემადგენლობა, გნებავთ ოკეანეში უკომპასო გემივით მოლივლივე-მოცახცახე შემადგენლობა ქართა ქარაშოტებს გამოვარიდოთ, ჩვენად დავიგულოთ, ვაი-კაპიტნები ეროვნული, თხემით ტერფამდე ქართული ცნობიერების მატარებელი ადამიანებით შევცვალოთ და დავიგეზოთ ბედნიერ მომავალში გადასასვლელად. იმ მომავალში, რომელსაც ამ სამი ათეული წლის მანძილზე სამთავიანმა ვეშაპმა – შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის სახით სულ უფრო და უფრო დაგვაშორა. და რა მივიღეთ ამ სამეულის პარპაშისგან?
მივიღეთ ქვეყანა, უფრო სწორად ფსევდოქვეყანა, რომელიც უმოწყალოდ გაიძარცვა საკუთარი პარტიული- მოქალაქე, ნაცი თუ ქოცი ჩინოვნიკებისაგან, მათთან დაკავშირებული და ჩაფსკვნილ-ჩახუტებული ე.წ. ბიზნესმენებისგან და ბანკირ-მევახშეებისაგან. მივიღეთ ქვეყანა, რომელსაც საკუთარი კონსტიტუციის დაწერის უფლებაც კი წაართვეს ვიღაც ბუკიოტებმა თუ ბუკიკიოებმა; მივიღეთ ქვეყანა, რომელსაც ამ არასრული სამი ათეული წლის მანძილზე ათეული მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აჰკიდეს; მივიღეთ ქვეყანა, რომელსაც ლამის ყველა სტრატეგიული და თანაც მომგებიანი ობიექტი გაუყიდეს; მივიღეთ ქვეყანა, რომლის ხე-ტყეც, საერთო-სახალხო კუთვნილება და ეროვნული საგანძური პირწმინდად იჩეხება და მორებად გააქვთ გადამთიელებს, ხოლო საკუთარ მოსახლეობას ტყეებიდან ფიჩხის გამოტანაც კი აკრძალული აქვთ; მივიღეთ ქვეყანა, რომლის მიწა-წყალი უცხოელებზე ჰაი-ჰარად იყიდება და ამას საკუთარი ვაი-ხელისუფლება უცხოეთში დაზომბირებული ჩინოვნიკების სახით ახორციელებს; მივიღეთ ქვეყანა, რომლის სახალხო მეურნეობის, ნებისმიერი დარგის თითოეული თავკაცი აშუშუ-სთან და ევრობობოლებთან შეუთანხმებლად ვერ დაგვისვამს; მივიღეთ ქვეყანა, რომლის მართვის სადავეები იმ კაცის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ორიოდე წლის წინათ წაიკითხა ნიცშეს ,,ზეკაცი“ და ქვეყნის მოსახლეობას ქვეკაცები დაასვა თავზე მმართველებად და მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი საქართველო ,,ბესელიას ბოსელს“ დაამსგავსა, თუმცა ამ ბოსელიდან ბესელიაც კი გაექცა; მივიღეთ ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ბედნიერების შეგრძნება დაკარგა და სრულიად უილაჯოდ მიეშურება უცხოეთის შრომის ბაზარზე მონური სამუშაოს საძიებლად; მივიღეთ ქვეყანა, რომლის ინტელექტუალური, ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი ეროვნული მსოფლმხედველობის მატარებელი და სამეცნიერო-სამეურნეო გამოცდილების მქონეთა დიდი ნაწილი სრულიად იგნორირებულია, ხოლო თავმოყოჩებული, სრულიად უწიგნური, მოპოლიტიკო გოგო-ბიჭები სათავეში დასკუპდნენ; მივიღეთ ქვეყანა, რომლის ბობოლა ჩინოვნიკების დიდ ნაწილს ამ სამი ათეული წლის მანძილზე პასუხი არ უგიათ სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი ურიცხვი და უტიფარი დანაშაულობებისათვის; მივიღეთ ქვეყანა, რომლის მოსახლეობას სამართლიანი სასამართლო მოჰპარეს, სამართლიანობის აღდგენისა და სამართლის მიღწევის სახელმწიფო მექანიზმი აბსოლუტურად დაუკარგეს; მივიღეთ ქვეყანა, რომლის მედია ორგანიზაციები ჩარჩ-ვაჭრული, პარტიული სულით გაჯერებულმა არაპროფესიონალმა ვაი-ჟურნალისტებმა ჩაიგდეს ხელში და დღეს სწორედ ისინი უწესებენ ქართველ ხალხს დღის წესრიგს; მივიღეთ ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ინსტიტუციები ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკურ, მორალურ და დემოგრაფიულ განადგურებას, მის სრულ გენოციდს; მივიღეთ ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 93-95 პროცენტი დარჩენილ 7-5 პროცენტს დღენიადაგ წყევლა-კრულვით იხსენიებს ამ საშინელი რეალობისთვის; და ასე შემდეგ! და ასე შემდეგ!
-და რა უნდა ვქნათ, სანამდე უნდა ვითმინოთ ეს მდგომარეობა? სადაა გამოსავალი?
-ჩემი აზრით, ხსნა უნდა იყოს იმ კონცეფციაშია, რომელიც ასე ჟღერს: დი(ა)დი გარღვევიდან – დი(ა)დი სახელმწიფოსკენ!
-უფრო კონკრეტულად?
ეს კონცეფცია პროექტის ხასიათს ატარებს და გარწმუნებთ, ჰაერიდან არ ჩამოფრენილა, არც არავის დასიზმრებია. იგი დიდი ფიქრის, ანალიზისა და აზრთა შეჯერების საფუძველზე შეიქმნა და დღეს პირველად ხდება მისი ბეჭდურ ფორმატში გახმოვანება. ფაქტია, საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა დარგი, ყველა მიმართულება სრულ კრიზისშია, რის გამოც რამდენიმე ათეული წელია სახელმწიფო არ ვითარდება, წინ ვერ მიდის. დამეთანხმებით, თითოეული სფეროს შველა შეუძლიათ მხოლოდ ამ სფეროს პროფესიონალებს, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილებით აღჭურვილ კადრებს და არა სხვადასხვა პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ბუნაგებში გამოზრდილ-გამოკვებილ პერსონებს, რომლებიც მთელი ეს სამი ათეული წელი მავანთა და მავანთა ბრძანების უსიტყვო მონა-შემსრულებლები იყვნენ. სწორედ ასეთმა კომპეტენტურმა, საკუთარ ერთან საუბრის დამსახურების უფლების მქონე პროფესიონალებმა უნდა მოამზადონ თავიანთ დარგში სტრატეგიული გარღვევის სტრატეგია. ასე უნდა მოხდეს ყველა დარგში, ყველა სფეროში. ამისთვის სრულიად საკმარისია დარგში 12-20 პროფესიონალის შერჩევა, შემდეგ მათი შეკრება თუნდაც საველე პირობებში და სასწრაფო, გადაუდებელი ღონისძიებების შემუშავება, მათი განხორციელების გეგმის წარმოდგენა სრულიად საქართველოსთვის. აქ მუშაობს მთავარი დევიზი, არაფერი ხალხისგან დამალულად, არაფერი ხალხის თვალს მიღმა, როგორც აქამდე ჩირთი-ფირთობდნენ ავად სახსენებელი შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი!
ამგვარი მიდგომით შექმნილი თითოეული დარგის, სფეროს გარღვევის პროგრამა უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან სტრატეგიულ ხედვად, ერთიან სამოქმედო პროგრამად, რომელიც მთლიანად მიეწოდება სრულიად საქართველოს მოსახლეობას ფართო და ყოველმხრივი განხილვისათვის.
-ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამის შექმნა-შემუშავებაში?
მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს ამ დღეში ჩაგდების პროცესის მონაწილე მაღალი რანგის ჩინოვნიკები ვერც მოქალაქეების, ვერც „ნაციონალებისა“ და ვერც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბანდებიდან. მათ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა უთხრას უარი. და ამ სასტიკი უარით უნდა დამთავრდეს ფსევდოპოლიტიკური პარტიების 30-წლიანი პარპაში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მეტიც, მათ პასუხი უნდა აგონ ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაგდების გამო. თუმცა აქვე ხაზგასმით ვიტყვით იმასაც, რომ ეს მკაცრი რეგლამენტი ყველაზე არ ვრცელდება. სამივე მათგანს, სამივე მმართველ პარტიას თავიანთ რიგებში ჰყავდა ჩინებული პროფესიონალები, რომელთა არჩართვა დიდი-დიადი გარღვევის საერთო საქმეში უბრალოდ დანაშაული იქნება თავად გამრღვევების მხრიდან. პროგრამაზე მუშაობის პარალელურად უნდა შეიქმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული საერო და საბერო საბჭო, სადაც ასევე მხოლოდ ღირსეული, ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებული ადამიანები შევლენ. ისეთები, რომლებზეც თავისუფლად ითქმის – სავსენი ქართული პატიოსნებით. პროგრამაში გარკვევით ჩაიწერება, რომ ამ საერთო-სახალხო მოძრაობის მოქმედების მთავარი მიზანი, ხაზს ვუსვამ, მთავარი მიზანი იქნება, ბედნიერი სახელმწიფოს აშენება, სადაც მისი თითოეული მოქალაქე თავს ბედნიერად, ღირსეულად იგრძნობს და სადაც ყველა დაინახავს, რომ ერის და ბერის თავკაცები ცხოვრობენ ისე და იმგვარად, როგორც მათი ქვეყანა, როგორც მათი ხალხი. და არამც და არამც ისე, როგორსაც ჩვენი ხალხი უყურებდა და დღესაც უყურებს მთელი ამ ხნის მანძილზე. მოკლედ, ქვეყანა უნდა დაადგეს ე.წ. ტრანსპარენტული, ანუ ღია, საიდუმლოთა გარეშე მმართველობის გზას. რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს შევარდნაძისნაირი გველაძუობებით, სააკაშვილისნაირი პირდაპირი გამყიდველობით და ივანიშვილისნაირი უპასუხისმგებლობით ქვეყნის მართვის მძიმე პრაქტიკა! პროგრამის ამოქმედებისთანავე ხალხს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ სახელმწიფო პირველ რიგში, განახორციელებს ყველა მცდელობას შემდეგი მიმართულებით: პირველი – თანამედროვე სახელმწიფო აპარატს შეფარებული მავნებლების სრული და უპირობო შეცვლა ეროვნული მუხტების მატარებელი, ეროვნულ პლატფორმაზე მდგომი კადრებით. ასევე, მომენტალურად კადრების საერთო-სახელმწიფო ბაზის შექმნა, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი კადრების მოზიდვა სახელმწიფო ინსტიტუტებში. მასშტაბური უარი ნეპოტიზმს.მეორე – კანონის რეალური უზენაესობის უსწრაფესად მიღწევა, რომელსაც იობის მოთმინებით ელოდება ქართველი ხალხი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მესამე – ფართომასშტაბიანი ინდუსტრიალიზაცია თანამედროვე ახალ ტექნოლოგიათა შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება სტრატეგიული მნიშვნელობის ქართული ნოვაციების მხარდაჭერასა და დანერგვას პრაქტიკაში. დიდი გარღვევა ელოდება სახელმწიფოს პირველი სამი პირის დანიშვნა-არჩევის ყავლგასულ პრაქტიკას. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მორჩება პარტიათა მიერ ხალხისთვის თავს მოხვეული დიქტატი პირველი პირების დანიშვნის საქმეში. მოხდება სამივე პირის – პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი – სავალდებულო წარდგენა საერო-საბერო საბჭოზე და იქ ღია ფორმატით საუბარი ხალხთან იმაზე, თუ რას აპირებენ და როგორ.
დაპირებული პროგრამის არშესრულების კონტურების გამოჩენისას ხალხს მიეცემა უფლება, საყოველთაო რეფერენდუმით დაუყოვნებლივ უკან გამოიწვიოს თითოეული მათგანი, ასევე, თითოეული დეპუტატი. უღირსი პარლამენტარის ან მთავრობის მაღალჩინოსნის უკან გამოწვევის უფლება ხალხის, ამომრჩევლის პრეროგატივა უნდა გახდეს. დიდი-დიადი გარღვევის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ყველა ჩინოვნიკი, ყველა დანიშნული თუ არჩეული საჯარო მოხელე დადებს პერსონალურ ფიცს სახელმწიფოს ერთგულებაზე და იგი ვალდებული იქნება გაასაჯაროოს ყველა შენაძენი მისი და მისი ოჯახის წევრთა და უახლოესი გარემოცვის დონეზე. და ეს ყველაფერი კანონით იქნება გაწერილი.
-მაინც რამ განაპირობა ამ კონცეფციის შედგენა და როგორ გესახებათ ეს „დიდი-დიადი გარღვევა“?
-დღეს საქართველოში ვერავინ დაასახელების ისეთ დარგს, რომელსაც პრობლემები და დიდი გამოწვევები არა აქვს. გაურკვეველია ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი და განვითარების პროგრამა, მიზანი. სრულად ჩამოშლილია ეკონომიკური სექტორი, მის ყველა ქვედარგს ძალიან აკლია ქვეყნისთვის და ხალხისთვის მოაზროვნე ეკონომისტთა ხელი. ვინმე იტყვის, რომ დღეს განათლების სისტემაში რამე წარმატებას მივაღწიეთ? საათივით აწყობილი მექანიზმი, რომელსაც ციფრიზაციის ეპოქის თანამედროვე რელსებზე გადასასვლელად ბევრი რამის ცვლილება სულაც არ სჭირდებოდა, ბოლომდე გავაჩანაგეთ და მავანთა და მავანთა დავლურზე ცეკვას დღემდე ვაგრძელებთ. რა, არ გვყავს ამ დარგის სპეციალისტები? არადა თუ პირველ რიგში განათლების დარგის კატასტროფული ვარდნა არ შეჩერდა, ქვეყანას მომავალი არ უწერია. ისედაც ჩანს ტენდენცია, რიგი პრობლემების გადასაწყვეტად უცხოელ პროფესიონალთა ძებნა-ძიებაში რომ არიან უკვე. პრობლემათა თაიგულია დაგროვებული სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, სპორტის, მეცნიერების, სასამართლო და სხვა სისტემებში. კატასტროფაა ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. სამარცხვინო უფსკრულია შრომის ანაზღაურების სისტემაში. მსგავს თავხედობას არცერთი წესიერი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება არ აპატიებდა მთავრობას, მაგრამ… ესაა სახელმწიფო დონეზე აყვანილი ქრთამის ახალი ფორმა, რომელიც სააკაშვილ-ივანიშვილი ტანდემმა შექმნა და დააკანონა. ესაა სახელმწიფო დონეზე აყვანილი უსინდისობის კლასიკური ფორმა და მეტი არაფერი.
სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგია ქვეყნის დაცლა სამუშაო ძალისგან. არავის სურს ამ ცოცხალ ჯოჯოხეთში ცხოვრება და გარბიან აქედან. ქვეყანაში ლამის სახელწიფოს დონეზეა წახალისებული ადგილობრივი მოსახლეობის გაქცევა უცხოეთში და უცხოელთა ორგანიზებული შემოყვანა აქ საბინადროდ და საბაბანოდ.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ყველაფერ ამას მე საკუთარი ხალხის ტოტალური გენოციდის 27-28 წლიან უწყვეტ პერიოდს დავარქმევდი. საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა დარგში, ყველა სფეროში მიმდინარეობდა, მიმდინარეობს და ახლაც გრძელდება ქართველი ხალხის ტოტალური გენოციდი!!!
დიდი-დიადი გარღვევის პრეცენდენტი ამიტომაც არის საჭირო. სხვანაირად ჩვენ დიდ-დიად სახელმწიფოზე ოცნებას უნდა დავემშვიდობოთ. სხვანაირად ჩვენ ვიღაცის, შესაძლოა, რამდენიმე ქვეყნის პროტექტორატის ქვეშ მოგვაქციონ და ამით დამთავრდება ყველაფერი.
-ვინ უნდა დაიწყოს ეს „დიდი-დიადი გარღვევა“?
-ამაზე ძალიან მარტივი და ადვილად აღსაქმელი პასუხი არსებობს. ვინ და ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული დარგის თითოეულმა ღირსეულმა, პატიოსანმა, ქართული ცნობიერებისა და მასშტაბური საქვეყნო აზროვნების ადამიანმა, რომელსაც ხალხთან საუბრის უფლება აქვს. ვიმეორებ, ხალხთან საუბრის და თვალებში ჩახედვის უფლება აქვს. ისეთმა, რომელსაც ამ ლამის 30 წლიან პარტახიზაციის პროცესში მონაწილეობა არა აქვს მიღებული და შედარებით სუფთა წარსული გააჩნია.
-და როგორ უნდა დაიწყოს?
-როგორ და, ყველა დარგის თუ ქვედარგის პროფესიონალებმა ძალიან კარგად იციან, ვინაა მათ დარგში სეფე სიტყვის მთქმელი, ვის აქვს დიდი გამოცდილებაც, ცოდნაც და მამაცი გული, შევიდეს ამ ჯგუფში და ერთად შექმნან დარგის, ქვედარგის დიდი გარღვევის კონცეფცია. დაალაგონ პრიორიტეტები, განსაზღვრონ ამოცანები – რა და როგორ ეშველება მათ დარგს? ასე უნდა მოხდეს ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დარგში, შემდეგ ყველაფერი ეს იქცევა ერთ დიდ კონცეფცია-გეგმად და საზოგადოებრივი მოძრაობაც წარსდგება სრულიად საქართველოს მოსახლეობის წინაშე, უპირველესად კი ქართველი ხალხის წინაშე. და ვეტყვით მათ, აჰა, ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ხსნისა და გადარჩენის პროგრამა. ნახეთ, გააცნობიერეთ, განსაჯეთ და მივიდეთ დასკვნამდე, ვანდოთ თუ არა ამ ხალხს, ამ პროფესიონალებს ქვეყანა ამ დიდი წუმპედან ამოსაყვანად. ფაქტობრივად, ეს იქნება ულიდერო მოძრაობა. დიახ, დიახ, სწორედაც ულიდერო. თითოეულ დარგს თუ ქვედარგს ეყოლება თავისი ჯგუფი, რომლის რაოდენობასაც თვითონ დარგის ე.წ. არატელესახეები, არაკორიფე, მაგრამ სერიოზული პროფესიონალები და თხემით ტერფამდე ქართული ცნობიერების მატარებელი ადამიანები განსაზღვრავენ. შემდეგში კი, ვინც პროგრამას შექმნის, ვინც მის სრულყოფაში იქნება ჩართული, სწორედ იმ ჯგუფს ექნება კანონდებული პრეროგატივა, ვის მიანდოს დარგის, ქვედარგის მართვა და ამის შემდეგ სრულად იტვირთოს პასუხისმგებლობა შემუშავებული პროგრამის განხორციელებაზე. ლოკალური მასშტაბით იგივე უნდა მოხდეს ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და რაიონებში. ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს პრინციპი – გუნდის პასუხისმგებლობა მოცემულ ადგილზე და არა მხოლოდ ინდივიდის. დიდი-დიადი გარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიდგომა სახელისუფლებო ვერტიკალის დაკომპლექტების საკითხშიც ასეთი იქნება. საკვანძო თანამდებობებზე დაინიშნება ის, ვისაც გუნდი შეარჩევს. და ამით ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა ის დამანგრეველი და სასტიკად შეურაცხმყოფელი მიდგომა, როცა ვიღაცა, გნებავთ ვოშინგტონიდან, გნებავთ მოსკოვიდან, გნებავთ ბრიუსელიდან და გნებავთ მაპუტუდან უტიფრად და უსირცხვილოდ გვინიშნავს პირველ პირებს ე.წ. დემოკრატიის დროშის ქვეშ. ეს უსინდისო უსირცხვილობა უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ. ისინიც, ვინც ამ ყოფაში ჩაგვყარა, უნდა მოჯდნენ, ან მოვსვათ და ჩვენც უნდა გამოვფხიზლდეთ საბოლოოდ!!. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს!
ალია, №30
კომენტარები