საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატივას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
პროექტი ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყარეს კენჭი.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს. აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.
დოკუმენტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).
კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა და ორივე შემთხვევაში, დეპუტატებმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომენტარები