„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიაში ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი კანდიდატის დაყენების საკითხი განიხილეს. თუმცა, როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დეტალებზე არ ისაუბრებს. მისივე თქმით, ამომრჩეველს აღნიშნულის თაობაზე გარკვეული წუხილი აქვს.
„ჩვენი ამომრჩევლის გულისწუხილია, რომ ჩვენ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი არ გვყავს, იმდენად რამდენადაც ისნის ორგანიზაცია ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი. ცოტა უსამართლოდ ეჩვენებათ, რომ 3-პროცენტიან პარტიასაც ორი კანდიდატი ჰყავს საბურთალოსა და ისანში და ჩვენც სულ ორი კანდიდატი გყავს. რომ არ დაგიმალოთ, ეს საკითხი განვიხილეთ, მაგრამ გენერალური გადაწყვეტილება დღეს არ მიგვიღია“,- განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს აღნიშნული ოპოზიციასთან შეთანხმების დარღვევად, დეკანოიძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და შესაბამისად, არგუმენტაციაზე ვერ ისაუბრებს.
„გიორგი ვაშაძე იყო ჩვენი ერთობის წევრი, ამ ერთობიდან გავიდა. სამწუხაროდ, მოხდა, რომ მათ ორი კანდიდატი ჰყავთ-საბურთალოსა და ისანში, რაც არ უნდა ჰყოლოდათ. არგუმენტაცია ჩვენ ამომრჩეველს საკმარისზე მეტი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა ამ არგუმენტაციაში შესვლა და მინდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მოლაპარაკებების საგანი იყო, რომ გიორგი ვაშაძე 5 ნომრით უნდა დამდგარიყო“
იპნ
კომენტარები