23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით – ამბობს ზაზა გახელაძის დედა აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
ნანა ბუნტური ამბობს, რომ კელი დეგნანთან და ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ იმედი აქვს სასიკეთო ცვლილების.
გარდა ამისა, ზაზა გახელაძის საკითხი, ხვალ დაგეგმილ ერგნეთის შეხვედრაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება:
„შევხვდით ამერიკის ელჩს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს. დაგვპირდნენ, რომ დღემდეც, ყველანაირად ვცდილობთ და კიდევ უფრო გავაქტიურდებითო. გვითხრეს, რომ ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებინ და უფრო მწვავედ დააყენებენ ამ საკითხს.
ჩვენც ვიქნებით ხვალ ერგნეთის შეხვედრაზე. დაველოდებით, იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს. პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სხვა სათხოვარი არაფერი არ გვაქვს.
23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით” ამბობს ბუნტური
სახელმწიფო მინისტრი დღესაც სტანდარტული განცხადებით შემოიფარგლა და თქვა, რომ გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთანაც გვქონია საქმე, მაგრამ უკანონო ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეები გაუთავისუფლებიათ.
ერგნეთის ხვალინდელ შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანიც დაესწრება.
კომენტარები