მამა ანდრია სარიამ, რომელსაც საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მღვდელმსახურების უფლება ჩამოერთვა, ეს გზა თავად აირჩია – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ განუცხადა.
მეუფე გრიგოლის თქმით, მღვდელმსახურს ეპარქიაში დარჩენა არაერთხელ შესთავაზა, თუმცა მან სხვა გზა აირჩია. ეპისკოპოსი გამორიცხავს, რომ საპატრიარქომ ამ გადაწყვეტილებით ანდრია სარია მეუფე პეტრეს მხარდაჭერისთვის ან ეკლესიის მხილებისთვის დასაჯა.
“ერთად ვსწავლობდით სასულიერო აკადემიაში, პანსიონში ვცხოვრობდით და კარგად ვიცნობ. სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მონასტრის წინამძღვარი იყო, სულიერების ცენტრის დირექტორი და ვუთხარი, დარჩი, ერთად გავაგრძელოთ მსახურება, მაგრამ აირჩია ეს გზა. დატოვა ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად. შემდეგ დადიოდა მეუფეს დავალებით შიომღვიმის მონასტერში, მუშაობდა არქივში.
ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მაგის მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე, მისცეს გაფრთხილება ერთხელ, ორჯერ… ეს არ იყო შურისძიება, ეს არის კანონიკა. სამი თვეა ამ ეპარქიაში ვარ, არავინ დამისჯია, არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიმიცია რომელიმე ბერისთვის ან მონაზვნისთვის. ყოფილიყო აქ, მონასტერში იქნებოდა მწირველი მღვდელი და წინამძღვარი. თავად აირჩია ეს გზა. რამდენჯერ მისცეს შენიშვნა და გააფრთხილეს. ეს ყველაფერი ერთადაა: მისი არჩევანი, მისი განცხადება, მისი ცხოვრება და ასეთი შედეგი, სამწუხარო, მაგრამ ასეა,”- აცხადებს მეუფე გრიგოლ კაცია.
კომენტარები