ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ბატონი ლევან ბესელია სამედიცინო სფეროსთან ბავშვობიდან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ ეს პროფესია მისი ცხოვრების მთავარ გზად იქცა, რომელსაც ყოველდღე გადის იმ პაციენტებთან ერთად, რომელთა იმედი და დასაყრდენია. არაერთ რთულ და უიმედო შემთხვევაზე გამარჯვების მთავარი გმირი ჩვენთან ერთად იხსენებს, თუ რა გზა გამოიარა დღემდე და რა სირთულის პაციენტებთან უწევთ ურთიერთობა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც რეანიმაციულ განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ლევან ბესელია: ოჯახში მესამე თაობის ექიმი ვარ, ექიმია ჩემი დაც და მეუღლეც, იმედი მაქვს, ჩემი შვილებიც გააგრძელებენ ამ ტრადიციას. მახსოვს, სკოლის პერიოდში ერთ ოთახში მე ვმეცადინეობდი და მეორეში – პაციენტები ისინჯებოდნენ. სამედიცინო სფერო ყოველთვის ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის, ეს იყო ჩვეული გარემო, რომლის გარეშეც ვერ წარმომედგინა ცხოვრება. ამიტომ, პროფესიული არჩევანის დროს ბევრი არ მიფიქრია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, გავიარე რეზიდენტურა და არც ერთი წამი დამიკარგავს განათლების მიღების პროცესში, ეს სფერო არ გპატიობს მოდუნებას, რაც ყოველთვის კარგად მქონდა გააზრებული და ჩემთვის არ იყო დასვენება, გართობა, დღე და ღამე მუშაობით მოვედი აქამდე.
– თქვენი სახელი არაერთი ურთულესი ოპერაციის შესრულებას უკავშირდება…
– არაერთი განსაკუთრებული სირთულის ოპერაცია ჩატარებულა ჩვენთან, რაც საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა. მაგალითად, ასეთი იყო ბარძაყის აორტის ანევრიზმის ოპერაცია, რომელიც ძალიან რთულად სამართავი გახლდათ, როგორც ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით, ისე პოსტოპერაციულად.
– და მაინც, რა ტიპის ოპერაციები კეთდება თქვენს კლინიაკში?
– ჩვენ კლინიკაში საკმაოდ კარგად კეთდება ნეიროქირურგიული ოპერაციები. ბოლო პერიოდში განვავითარეთ ენდოვასკულარული ნეიროქირურგია, კეთდება თრომბოლიზისები, თრომბოექსტრაქციები, თრომბექტომიები ენდოვასკულარული მიდგომით, რომლის შემდეგაც, პრაქტიკულად, გარანტირებული იშემიური ინსულტი შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ასევე კარგად განვითარდა ანგიოლოგიური პროფილი ჩვენ კლინიკაში. კეთდება ძალიან მძიმე ოპერაციები ანევრიზმებზე. თუ მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევათა თითქმის 97 პროცენტში გარანტირებული სიკვდილი დგებოდა, ჩვენთან გაკეთდა მუცლის აორტის ანევრიზმის არაერთი ოპერაცია, რომლის შემდეგაც, საკუთარი ფეხით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მიდიან პაციენტები.
ჩვენი ნეიროქირურგიული, რადიოლოგიური, ანგიოლოგიური, ანესთეზიოლოგიური და რეამინაციული სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, გამოირჩევიან საუკეთესოზე საუკეთესო შედეგებით. ჩვენ კლინიკაში არსებობს ძალიან დიდი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისათვის, რომ პაციენტებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სრულყოფილი სამედიცინო სერვისი. გვაქვს კონტაქტები უცხოელებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ჩვენ ქართველ კოლეგებთან. შესაბამისად, საკმაოდ ფართო პროფილით ვმუშაობთ.
– კოვიდვირუსმაგაგირთულათსამუშაო პროცესი?
– რა თქმა უნდა, ძალიან გაგვირთულა სიტუაცია, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, მთელ მსოფლიოს. თუმცა შიში არ გაგვკარებია, ჩვენი კლინიკის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი დგას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. საბედნიეროდ, ამ პერიოდში, ვნახე ისეთი რაღაცები, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა. მაგალითად, ათამდე მოხალისე მოვიდა და სრულიად უანგაროდ, ჩაერთო საქმეში. მათმა მუშაობამ გარკვეულწილად შეგვიმსუბუქა სამუშაო პროცესი და ამ ენთუზიაზმმა გაგვიასმაგა მუშაობის ძალა. ჩვენი კლინიკა და ხაზგასმით, ჩვენი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, სრულყოფილ მობილიზებაშია, ერთმანეთის, ქვეყნისა და პაციენტების სიყვარულით ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
– თქვენი აზრით, პაციენტს, რომელსაც აღარაფერი ეშველება, უნდა იხსნებოდესაპარატიდან?
– ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია მყარი და ერთმნიშვნელოვანია – მედიცინა არ არის ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მე, პრაქტიკულად, ყველაფერი მასთან მაქვს დაკავშირებული, მედიცინის იქეთ არსებობს კიდევ რაღაც, რომელიც წყვეტს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მისი შექმნილია მედიცინა, ისევე როგორც დანარჩენი ყველაფერი ამ სამყაროში. პაციენტი, რომელსაც მედიცინა ჩათვლის განწირულად, შესაძლებელია, უფლის ძალით, სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდეს. პირადად მე, არაერთი ასეთი შემთხვევა მქონია პრაქტიკაში.
– ვიცი, რომ ხშირად აღმოჩენილხართ პაციენტისსუიციდის მცდელობის პირისპირ, ასეთ დროს ალბათ განსაკუთრებული გამძლეობა გჭირდებათ…
– ეს ყველაზე მძიმე თემაა ჩემს ცხოვრებაში, რაც ყველაზე მეტად მთრგუნავს. ზოგადად, ნებისმიერ პაციენტთან ვმუშაობ მთელი ჩემი ენერგიით, თუმცა ასეთ პაციენტებთან ვმუშაობ ისეთი განსაკუთრებული ძალით, რაც ჩემს ენერგიასაც კი აღემატება და ხანდახან მიკვირს, როგორ ვახერხებ ამას. სუიციდი უმძიმესი საკითხია, რამდენიმე წელი ვიმუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად, რა პერიოდშიც მიწევდა პირველი კავშირი ასეთ პაციენტებთან. მაშინ, როდესაც ჯერ არავინ არ იცის რა ხდება, გააღებ კარს, შედიხარ და გხვდება საზარელი კადრი… ამაზე უმძიმესი სანახავი არაფერია, უამრავ კლინიკაში მიმუშავია და მინახავს უამრავი სიკვდილი, ათასი მიზეზით, თუმცა სუიციდზე მძიმე არაფერია!
– საკმაოდ დაძაბული სამუშაო განრიგი გაქვთ, როდის გრძნობთ, რომ დასვენება გჭირდებათ?
– მე არ ვმუშაობ – ეს ჩემი ცხოვრებაა, რომლითაც არასდროს ვიღლები. პირიქით, ეს საქმე მავსებს და მაბედნიერებს, ამით ვარსებობ, ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში ამ პროფესიასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ექიმი, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგი, რასაც აკეთებს, პირველ რიგში, ამას აკეთებს საკუთარი თავისა და სულისთვის, რადგანაც ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე, უდიდესი გამარჯვებაა, რასაც ვერანაირ ემოციას ვერ შევადარებ. ვიღლები მაშინ, როცა სხვა, არასამედიცინო საკითხს ვეხები. მე მიყვარს პაციენტები და ეს მეხმარება ჩემი საქმის წარმატებით შესრულებაში…
ნინო მახარაძე
კომენტარები