აზერბაიჯანელ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიაში „საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა რეისზე არ დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის – „უფლებები საქართველო“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა.
მისი თქმით, „საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტს ბერლინში ხელოვნური ბარიერი შეუქმნა.
„აფგან მუხთარლი გერმანიაში საქართველოს ავიახაზების წარმომადგენელმა ბერლინი-თბილისის რეისზე არ დაუშვა. მან აფგანს ჯერ უთხრა, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა წესრიგში, შემდეგ უთხრა, ბარგის პრობლემა ქონდა, ამანაც არ გაჭრა, ბოლოს უთხრა, რომ საქართველოში ახალი კორონარეგულაციაა, რის საფუძველზე ვერ შეძლებდა გამომგზავრებას“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მისი თქმით, სხვა ანალოგიგიური შემთხვევის შესახებ, რომ კორონარეგულაციის გამო, ვინმესთვის საქართველოში გამომგზავრებაზე უარი ეთქვათ, ორგანიზაციისათვის ცნობილი არ არის.
როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, აფგან მუხთარლი საქართველოს პროკურატურაში მისვლას და გამოძიებისათვის ჩვენების მიცემას აპირებდა. ის გეგმავს, გამომძიებლებს აჩვენოს დანაშაულის ადგილი, საიდაც მისი გატაცება მოხდა.
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 მაისში გაიტაცეს, რაშიც ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ადანაშაულებს.
კომენტარები