აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) საქმე მოიგო. ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის 21 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილების თანახმად: სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) მუხლები მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის გამო.
თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, საქართველოს არსებითად არ დაურღვევია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).
ECHR-ს გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლის დარღვევა. თუმცა, არ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.
ასევე სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მხრიდან კონვენციის მე-5 მუხლის (3) (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა, რომლის თანახმადაც დაკავებული ან დაპატიმრებული დაუყოვნებლივ წარდგება სასამართლოს წინაშე ან სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს სასამართლო უფლებამოსილება და აქვს უფლება გონივრულ ვადაში გაასამართლოს ან გაათავისუფლოს სასამართლო პროცესამდე; ასევე დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).
კომენტარები