ასტროლოგი რამაზ გიგაური:
აპრილი – ახალი შესაძლებლობების თვე
ინგრესია:
* 16 აპრილი > მერკური ვერძის ზოდიაქოში
* 18 აპრილი > მარსი ლომის ზოდიაქოში
* 19 აპრილი > მზე კუროს ზოდიაქოში (23:56)
* 30 აპრილი > ვენერა ვერძის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 7 აპრილი > დირექტიული მერკური (თევზების 27-ე გრადუსიდან)
* 13 აპრილი > დირექტიული ვენერა (თევზების 25-ე გრადუსიდან)
* სავსემთვარეობა – 13 აპრილი (4:23 საათზე)
* ახალმთვარეობა – 27 აპრილი (23:32 საათზე)
ვერძის ზოდიაქოს გავლენის „წყალობით“ აპრილში ბევრი მოვლენა ღიად, გახსნილად, მაგრამ ასე ვთქვათ, „უხეშად“ წარიმართება. უფრო მეტიც, 13 აპრილამდე, ანუ სავსემთვარეობამდე პერიოდში ბევრი ფარული მოვლენა გამოაშკარავდება და გამჟღავნდება. ბევრი რამ, რაც „ფსკერზე იყო“, აპრილის პირველ დეკადაშივე „ზედაპირზე ამოსვლას“ დაიწყებს.
საერთოდ, აპრილის პირველი კვირა საკმაოდ რთული შეიძლება გამოდგეს. მერკურის რეტროგრადულობის გამო ბევრ დონეზე დამუხრუჭდება მოლაპარაკებების და ურთიერთშეთანხმების მომენტი. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებამ შესაძლოა გარკვეული დროით გადაიწიოს და დაგვიანდეს. აუცილებელი გახდება კრიზისული სიტუაციების ჩაღრმავება და საფუძვლიანი ანალიზი, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთო მდგომარეობა უფრო გაუარესდება. ამ პერიოდში ბევრ ადამიანს მოუწევს წინაღობების გადალახვა, სიძნელეების სერიასთან გამკლავება და ეს ყველაფერი სხვების დახმარების გარეშე თითქმის წარმოუდგენელი იქნება. 7, მაქსიმუმ 10 აპრილამდე მოვლენები საკმაოდ ქაოსურად განვითარდება, რაც მოიტანს ქაოსურ სიტუაციებს და მოულოდნელ დანაკარგებს.
7 აპრილიდან მერკურის რეტროგრადული ფაზა დასრულდება, რაც ადამიანებს მოვლენების რაციონალურ ჭრილში დანახვის საშუალებას მისცემს. ბევრი რთული საკითხი, რომელიც „გაწელილი“ იყო, დაიწყებს მოგვარებას. ადამიანები უფრო მეტად გამგებები გახდებიან და ოპონირების რეჟიმში ნაკლებად იქნებიან. 7-13 აპრილის შუალედი სასიკეთო იქნება საკუთარი „გზავნილების“ გადაცემისთვის, ინფორმაციის მიღება-გადაცემისთვის, მოლაპარაკებებთან და საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და ეს განსაკუთრებით საგრძნობი საქმიან ცხოვრებაში იქნება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ ცვლილებებს მხოლოდ 14 აპრილიდან უნდა ველოდოთ, რადგან 13 აპრილიდან სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ვენერა დირექტიულ მოძრაობას დაიწყებს, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს გართულ სასიყვარულო ურთიერთობებზე. საერთოდ, აპრილის პირველი ნახევარში პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. მოსალოდნელია არასერიოზულ, ზედაპირულ კავშირებს გარკვეული საფრთხე შეექმნას და მსგავსმა ურთიერთობებმა დროს ვერ გაუძლოს.
15-20 აპრილის შუალედში მკვეთრად გაძლიერდება ცეცხლის სტიქია, რაც გაზრდის კონფლიქტების, საპროტესტო გამოსვლების, აჯანყებების, შეტაკებების და მოვლენების ძალისმიერად განვითარების ალბათობას. მოსალოდნელია გაიზარდოს ხანძრების, ტექნიკური ავარიების, ახალი შეიარაღებული შეტაკებების, ომების და ტერაქტების რიცხვიც. თუმცა ამ პერიოდს შედარებით სასიკეთოდ გამოიყენებენ გაბედული და მამაცი ადამიანები. ისინი იგრძნობენ ფიზიკური ძალების მოზღვავებას, მოიმატებს მათი თავდაჯერებულობა და ეს ყველაფერი დაეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. ლიდერებისთვის ეს შესაძლოა წარმატებული პერიოდი გამოდგეს.
20 აპრილიდან მზე კუროს ზოდიაქოში იმოძრავებს და წინ წამოიწევს ფინანსური საკითხები და ყველაფერი, რაც კომერციას და ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება. მოსალოდნელია სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგეს ბიზნესი (განსაკუთრებით ეს ფიქსირებულ ნიშნებს – კუროებს, ლომებს, მორიელებსა და მერწყულებს ეხებათ).
2025 წლის 30 მარტს ნეპტუნი ვერძის ნიშანში გადავიდა და მისი პირველი ვიბრაცია სწორედ აპრილში გახდება საგრძნობი. ბოლოს ნეპტუნი ვერძში 1861 წელს გადავიდა. თუ ისტორიას გადავხედავთ, თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა მსოფლიოში ამ წელს, ვნახავთ, რომ სწორედ 1861 წელს გაუქმდა ბატონყმობა რუსეთის იმპერიაში და დაიწყო სამოქალაქო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებში (რომლის ძირეული მიზეზი მონობის გაუქმება-არ გაუქმების საკითხი იყო). ასე რომ, შეიძლება გავაკეთოთ პროგნოზი, რომ 2025 წლიდან დაიწყება ახალი გათავისუფლების ტალღები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რეპრესიული სახელმწიფო აპარატი მთელი ძალით მუშაობს. იგივე შეიძლება ეს იყოს რუსეთში, ასევე ამერიკაში, სადაც ადამიანებში ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილების ხარისხი შესამჩნევად იმატებს. ნეპტუნის მმართველი მარსი ხდება, ამიტომ 2025 წლიდან გაძლიერდება რევოლუციური იდეალიზმი და ცვლილებების ძლიერი სურვილი
[ნეპტუნი ვერძში 2025-39 წლებში იმოძრავებს. ეს იქნება ერთგვარი „სულიერი გამოღვიძების“ პერიოდი, რომელსაც მოსალოდნელია თან ახლდეს ასე ვთქვათ, მასობრივი აღტკინება, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, ახალი იდეოლოგიების ფორმირება, თუმცა მოვლენების ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში ბევრ ქვეყანაში ეს ყველაფერი შესაძლოა სოციალურ ფანატიზმში ან კოლექტიურ ფსიქოზშიც კი გარდაისახოს.].
თუ 13 აპრილის სავსემთვარეობა როგორც პოლიტიკურ, ისე ინდივიდუალურ მიუთითებს პოტენციურ აგრესიაზე, გადაწყვეტილების მიღების სირთულეზე, ყოყმანზე და შესაძლო არასწორი არჩევანზე, 27 აპრილის ახალმთვარეობა უკვე უკავშირდება ახალი ფუნდამენტის შექმნას, ახალი მატერიალური გზების ძიებას, ახალ ფინანსურ გეგმას ან პრაქტიკულ გეგმას. მთლიანობაში აპრილი რიგ საკითხებში შესაძლოა მივიჩნიოთ მარტში დაგროვილი სირთულეების განეიტრალების და ახალი შესაძლებლობების პერიოდად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად მშვიდი თვე იქნება. 13 აპრილის სავსემთვარეობამდე 2-3 დღე და შემდგომ ერთი კვირა საკმაოდ რთული პერიოდი იქნება, ამიტომ ეს პერიოდი ყველამ ყურადღებით უნდა გაიაროს, რომ მოვლენების სწრაფად და ბრუტალურად განვითარების შემთხვევაში „დამუხრუჭების“ დრო ფიზიკურად იყოს.
ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, მერკურისა და ვენერას რეტროგრადული ფაზების დასრულება ბევრ გლობალური თუ ყოფითი საკითხის იოლად და ჰარმონიულად მოგვარების ალბათობას მკვეთრად გაზრდის.
კომენტარები