ფოტოკოლაჟი – პუბლიკა
როგორ იქცა ივანიშვილი 9 აპრილის სისხლიანი ღამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის დამფინანსებლად – გენერალმა ლებედმა, რომელიც 1989 წელს თბილისში რუსულ არმიას შემოუძღვა, მოგვიანებით პოლიტიკური კარიერა სწორედ ივანიშვილის ფულით გაიკეთა. ამას არც ოლიგარქი უარყოფდა. 2005 წელს გაზეთ ვედომოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი თავად ყვება, რომ ალექსანდრ ლებედის “ამოქოქვას აფინანსებდა”, გენერლის, რომელსაც ხელები ქართველი ხალხის სისხლში ჰქონდა გასვრილი. ლებედი არც აფხაზეთში გამოკლებია სისხლიან ოპერაციას.
9 აპრილიდან 7 წლის შემდეგ ივანიშვილი 1996 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლებედის სპონსორი გახდა. მაშინ მისი ბანკი “როსისკი კრედიტი” რუსეთის გავლენიანი ბანკების შვიდეულში შედიოდა.
2005 წელს “ვედომოსტთან” ინტერვიუში ივანიშვილი ამბობდა, რომ ლებედის დახმარება მისი ერთადერთი მონაწილეობა იყო პოლიტიკაში. 2011 წელს, უკვე დიდ პოლიტიკაში გადმობარგებული მილიარდერი, პირველი ინტერვიუს დროს უარყოფდა ლებედის დაფინანსებას.
2012 წლის 9 აპრილს კი, როცა ბიძინა ივანიშვილი მემორიალთან მივიდა, საერთოდ გენერალ ლებედის 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტვაში მონაწილეობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. თავის სამართლებლად ამტკიცებდა, რომ გენერალს კი არა, ელცინის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.
ბიძინა ივანიშვილის მთავარ მფარველად რუსეთში 90-იან წლებში მაშინდელი თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მას მიმართა ოლიგარქმა დახმარებისთვის ძმის გატაცების შემდეგაც. გრაჩოვის დახმარებით ივანიშვილის ძმა გათავისუფლდა, მალევე კი ივანიშვილმა რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი დანაყოფის დაფინანსება დაიწყო.
წყარო – პუბლიკა:
http://https://publika.ge/video/9-aprili-rusi-generali-da-ivanisvili/
კომენტარები