ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულებს პირადად უმკურნალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბელარუსის მთავრობის სხდომაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკვე იმსჯელა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთად წავიდოდნენ და საავადმყოფოში იმუშავებდნენ, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ეპიდემიას „მშვიდად და ლამაზად“ უნდა გაუმკლავდეს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომ არ აწესებს ქვეყნის მასშტაბით კარანტინს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკვე ონლაინ-პეტიციაც, რომელსაც ხელს 150 ათასი ადამიანი აწერს.
ლუკაშენკოს თქმით, კარანტინის დაწესება პირდაპირ დაარტყამს ეკონომიკას. „აქ ჩვენთან ყვირიან, კარანტინიო, კომენდანტის საათიო და ა.შ. მისმინეთ, ამაზე ადვილი არაფერია და 1 დღეში ვიზამთ, მაგრამ რა ვჭამოთ მერე? დისტანციურად ვწველოთ ძროხა თუ, დასვენების დღეები გამოვაცხადოთ?“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 700 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 13 გარდაიცვალა, ხოლო 53 გამოჯანმრთელდა.
კომენტარები