ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, უკრაინა ამ ვითარებაში, ამ შეიარაღებითა და დასავლეთიდან ამ მინიმალური მხარდაჭერით, სერიოზული სამხედრო დახმარების გარეშე, კიდევ რამდენ ხანს გაძლებს?
– ცოტა რთულია მაგ საკითხზე საუბარი. მიდის გაქანებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი. სიტუაცია უკვე აიჭრა, როგორც იტყვიან. ობიექტურად ვისაუბროთ. ჩვენი სიმპათიები არის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარეს, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ორივე მხარეს აქვს პოლიტიკური ნება, რომ ბოლომდე მიიყვანონ საკუთარი განზრახვა. უკრაინელებმა ბოლომდე შეინარჩუნონ ის ტერიტორიები, რასაც აკონტროლებს უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება. ხოლო კრემლისა და აგრესორების მიზანია, ბოლომდე მიიყვანოს საქმე, მიაღწიოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და რუსეთზე დამოკიდებული, რუსეთისგან მართული ახალი უკრაინა შექმნას. ეს არის დღევანდელი ამოსავალი წერტილი. რომელი მხარე გატყდება და რომელი დათმობს პოზიციებს, ეს ცალკე საკითხია. მხარეებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები. შეიძლება ეს მოლაპარაკებები წარმატებული არ არის, მაგრამ გაიხსნა ეს დახურული პროცესი, ამის შედეგად ჰუმანიტარული დერეფნები გაკეთდა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს აქვს გარკვეულწილად მინიშნება, ომი რაღაცნაირად დაასრულონ. ამიტომ, აქ შეიძლება მოხდეს ორი ვარიანტი. ან ფინეთის ვარიანტი, ან ავსტრიის ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ ავსტრია მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ჯარებმა დატოვეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავსტრიამ მიიღო ნეიტრალიტეტის გარანტია. თუმცაღა, მერე ავსტრია, ნეიტრალიტეტის მოუხედავად, გახდა დასავლეთის განუყოფელი ნაწილი. ფინეთიც ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ მეტად შევიდა დასავლეთის გეო-სტრატეგიული გავლენის სივრცეში. ფინეთს, ცნობილ ომში, სტალინმა წაართვა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მაგრამ ამის მიუხედავად, ფინეთი 1940 წელს შეუერთდა ნაცისტური გერმანიის მიერ შექმნილ სამხედროñპოლიტიკურ ალიანსს. აი, ასეთი სავარაუდო მოდელებია უკრაინასთან დაკავშირებით. კრემლი ცოცხალი თავით ყირიმს და ხერსონის რეგიონს არ დათმობს. ხერსონი უკავშირდება ჩრდილო ყირიმის წყალსაცავს, ასევე, ტამანის ნახევარკუნძულიდან პირდაპირ გადის უკვე სახმელეთო კავშირზე რუსეთთან. ქერჩის ხიდი, რომელიც ააშენა პუტინმა, ერთადერთი სასიცოცხლო დამაკავშირებელი გზა იყო ცენტრალურ რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმს შორის.
ხერსონის დაკავებით, რუსეთმა ორი ამოცანა შეასრულა. ფაქტიურად, ყირიმი ხმელეთით მიუერთა როსტოვის ოლქს და ყირიმში მოიხსნა სასმელი წყლის პრობლემა, ეს ბლოკადა მოიხსნა. ხერსონის რეგიონი, ანექსირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები, არა მგონია დათმოს რუსეთმა. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ პუტინს მოუწია კაპიტულანტური ზავის ხელმოწერა, მაშინ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს უკრაინის სასარგებლოდ. რუსეთს უკვე დაუდგა მსოფლიოში გლობალური გავლენის დაკარგვის საფრთხე, მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი აქტორის სტატუსის დაკარგვის საფრთხე. ეს საშიშროება უკვე პირდაპირ დაუდგა პუტინს. თუ რუსეთმა დაკარგა გლობალური გავლენის ცენტრის სტატუსი, მაშინ მსოფლიო წესრიგი გახდება ბიპოლარული, ორპოლუსიანი და მომავალში, ჩინეთი და ამერიკა განსაზღვრავენ მსოფლიო პოლიტიკას. უკრაინაში ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთისთვის ეს საფრთხე გარდაუვალია. ამ შემთხვევაში, რუსეთი შეეცდება რეგიონული ჰეგემონის სტატუსი მაინც არ დაკარგოს და ესეც საკითხავი გახდება, ამას შეძლებს თუ არა. ამ კუთხით პუტინს სულ სხვა მოტივაცია აქვს. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ მოტივაციას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც აცნობიერებენ. თუ რუსეთში მოხდა გადატრიალება, რომელი სხვა ძალა მოვა, ეს არავინ იცის.
– არსებობს იმის ნიშნები, რომ კრემლში გადატრიალება მოხდეს? რუსეთს სერიოზული სანქციები დაადეს და მათი შედეგები უკვე სახეზეა. ბიზნესმენები გარბიან რუსეთიდან, პუტინს, მისი გარემოცვას და მათთან დაახლოებულ ადამიანებს აუკრძალეს ევროპაში, ამერიკაში და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში შესვლა, დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, უძრავñმოძრავი ქონება და მათ აუქციონზე გაყიდვას აპირებენ, მერე დაკარგავენ ამ ფულს. უცხოური კომპანიები გავიდნენ რუსეთიდან, დახურეს ოფისები და წინასწარი გათვლებით, 20ñ25 მილიონი რუსი დარჩება უმუშევარი და ეს პირველ ეტაპზე, მერე და მერე უმუშევართა რიცხვი კიდევ გაიზრდება. საშუალო ფენა ისპობა რუსეთში, რომელსაც პუტინის ელიტა ეყრდნობოდა. ამას დაამატეთ უკრაინაში გაჭიანურებული ომი, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი, რასაც რუსეთი, ვფიქრობ, არ ვარაუდობდა. ამხელა დანაკარგის მოლოდინი ჰქონოდა პუტინს?
– კი, გეთანხმებით, რუსეთმა დიდი ეკონომიკური და სამხედრო დანაკარგები ნახა და წინ უფრო დიდი ეკონომიკური ზარალი ელოდება. რუსეთის სახელისუფლებო ელიტა, მათთან დაახლოებული ბიზნესმენები, შეჩვეულნი იყვნენ ტაილანდსა და სხვა ეგზოტიკურ კურორტებზე დასვენებას, ბევრი სიკეთე ჰქონდათ დასავლეთში და ახლა ყველაფერი დაკარგეს და კიდევ ბევრს დაკარგავენ. რუსული ანდაზაა ძალიან კარგი ñ ის, რაც გერმანელისთვის არის ცუდი, რუსეთისთვის არის ძალიან კარგი. დასავლურ კრიტერიუმებს ვერ მოარგებ რუსეთს. რუსეთი სფეციფიკური ქვეყანაა, რუსები სპეციფიკური ხალხია. კი, რუსეთის ელიტამ ბევრი დაკარგა, მაგრამ რუსი ხალხი, რეგიონებში მცხოვრები ხალხი, განსხვავდება ამ ელიტისგან. მათ ეს კარგი ცხოვრება არ უნახავთ. “სამაგონი” ჰქონდეთ და მისაყოლებელი, მათთვის ეს საკმარისია. ეს ხალხი კი პუტინის უპირობო მხარდამჭერია. რუსეთში, ელემენტარულად, ოპოზიციაც კი აღარ არსებობს, რომელსაც შეეძლება ხალხთა მასების აყოლიება. ვინც ციხეშია და ვინც რუსეთიდან გაქცეულია, მათი გავლენა ნულია. დავუშვათ, ნავალნი ციხიდან რომ გამოვიდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს, შეიძლება პუტინზე უარესები გააკეთოს. 2008 წლის აგვისტოს დროს, ნავალნი მიემხრო პუტინს და თქვა, სწორია, რომ რუსეთმა მოახდინა ცხინვალის ოკუპაციაო. დღევანდელი დასავლეთისთვის ნავალნი პუტინის ოპოზიციონერია და ეს არის ტრაგიზმი. პუტინის რეალური ოპოზიციონერი იყო ბორის ნემცოვი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში მოაკვლევინა პუტინმა, თან სიმბოლურად, კრემლის კედლიდან 40 მეტრში. ეს სიმბოლური მკვლელობა იყო. პუტინს უყვარს სიმბოლოები, მის დაბადების დღეზე მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც პუტინს ნაძირალა უწოდა და ამას პუტინი არავის შეარჩენდა. მინდა გითხრათ, რომ ბორის ნემცოვი იყო ის ადამიანი, რომლის “ბალოტნაიას მოძრაობამ” გამოიწვია სერიოზული საპროტესტო მუხტი და ბევრი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა მისი ხელმძღვანელობით. მაშინ პუტინი ისე შეშინდა, რომ გადაიფიქრა, მეორე ვადით ისევ დიმიტრი მედვედევი გამხდარიყო პრეზიდენტი, თავად პრემიერად და ქვეყნის დე ფაქტო მმართველად დარჩენილიყო. ადგა, გადაიფიქრა, თავად იყარა კენჭი და გახდა პრეზიდენტი. შეეშინდა, ვეღარ გარისკა, რომ მედვედევი მეორე ვადით დაეტოვებინა პრეზიდენტად. შეეშინდა, რომ მედვედევი უღალატებდა. ნემცოვის დონის ოპოზიციონერი სჭირდება დღეს რუსეთს. დაუკვირდით, პუტინი თავის გარემოცვას ბოლომდე არ ენდო, არც ძალოვანებს და შექმნა საკუთარი ვიწრო კლანი. მისი პირადი დაცვის უფროსი, ევგენი პრიგოჟინი გახადა ოლიგარქი, მისმა ფინანსებმა 2009-2016 წლებში მიაღწია 3 მილიარდ დოლარს. 2006 წლიდან დაიწყო პრიგოჟინის პროექტის განხორციელება. პრიგოჟინმა შექმნა პუტინის პირადი არმია. პუტინს დღეს ჰყავს 50 ათასიანი პირადი არმია. “ვაგნერი” ერთი მათგანია, მეორეა “პატრიოტი” და ჰყავს კიდევ სამი ამგვარი – სულ ასეთი 5 სამხედრო კომპანია ჰყავს. ეს კომპანიები უშუალოდ პუტინს ექვემდებარებიან. ლოგიკურად, პუტინს რომ არ ჰქონდეს ხელისუფლების შიგნით განხეთქილებისა და დაპირისპირების, სახელმწიფო გადატრიალების გზით მისი მოშორების შიში, არც ამ სამხედრო კომპანიებს შექმნიდა. პუტინმა ამ სამხედრო კომპანიების მეშევეობით, აფრიკის ოქროს და ძვირფას ქვებს დაადო ტორი – მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მოზამბიკსა და ანგოლაში. პუტინის დამხობა არც ისე იოლია. გარდა ეროვნული შეიარაღებული ძალებისა, ფედერალური უშიშროების სამსახურისა, გრუ-ს, შს სამინისტროსი, ჰყავს კერძო სამხედრო კომპანიები.
– თუ პუტინს სამხედრო ან სხვა სახის გადატრიალების საფრთხეზე შეექმნა, ეს სამხედრო დანაყოფები კბილებით დაიცავენ მას და მის ხელისუფლებას, არა?
– ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა, დღეს პუტინი თავს გრძნობს, როგორც თევზი წყალში. აქვს გარანტიები, რომ ვერავინ მის წინააღმდეგ ხმას ვერ ამოიღებს და მით უმეტეს, მის ძალით დასამხობად თუ სხვა გზით შესაცვლელად, ვერავინ ვერ იმოქმედებს. ცხადია, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ამ ეტაპზე პუტინის უსაფრთხოება დაცულია უმაღლეს დონეზე. სხვათაშორის, იყო რუსეთში შიდა სახელისუფლებო გადატრიალებიც მცდელობა. ეს არაფორმალური ინფორმაციაა და ჩვენთან არ გავრცელებულა. მგონი, პატრუშევიც იყო ჩართული ამ საქმეში და მეურვეობდა პუტინის მოწინააღმდეგეებს. გადატრიალების ეს მცდელობა სრული ფიასკოთი დასრულდა. რამდენიმე გენერალი გაქრა, გახსოვთ, გრუñს უფროსი რომ აღმოაჩინეს ლიბანში თავგახვრეტილი? მისი მოადგილე კი გარდაიცვალა გულის უკმარისობით, ბარვიხას კლინიკაში. ეს ხდება 2016-2017 წლებში. ვფიქრობ, სკრიპალის მკვლელობაც ამ საქმის გაგრძელება იყო, ისიც ერთñერთი შეთქმული იყო და დასავლეთში კონკრეტული მისიით იყო. უფრო, გადატრიალების მცდელობისას თუ გადატრიალების შემთხვევაში, შეთქმულთა სასარგებლო საინფორმაციო ომის საწარმოებლად.
– ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა ხელთ ჩაიგდო ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური და ევროპა შესაძლო ბირთვული კატასტროფის წინაშე დადგა, დასავლეთის რიტორიკა რუსეთის მიმართ თითქოს შერბილდა. ამის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების ნაწილიც აღარ მისცეს. ვფიქრობ, შეეშინდა ევროპას, რომ რუსეთი მართლა აფეთქებს ამ ელექტროსადგურს და ჩერნობილზე რამდენჯერმე დიდი ბირთვული ელექტრო სადგურის აფეთქებას რაც მოჰყვება, თქვენ კარგად იცით.
– ძალიან კარგი მომენტი დაიჭირეთ, აბსოლუტურად მართალი ხართ. პუტინმა დემონსტრაციულად დაიკავა ზაპოროჟიეს, უკრაინაში ყველაზე დიდი ატომური ელექტრო სადგური. ის, რომ კადიროვის მებრძოლებმა არ იცოდნენ, სად შედიოდნენ, არ მჯერა. პუტინმა შეგნებულად მოაწყო ელექტროსადგურთან ურთიერთსროლის ვარიანტი. არ გამოვრიცხავ, ერთ მხარეს კადიროველები იყვნენ, მეორე მხარეს კი რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები, რომლებიც უკრაინის ჯარის ფორმებში იყვნენ გადაცმულები. შექმნეს რეალური დაპირისპირების იმიტაცია, გაუხსნეს ერთმანეთს ცეცხლი. საეჭვოა, რომ ამ ბრძოლაში არავინ დაღუპულა და არც ვინმე დაიჭრა. პუტინმა ამით დასავლეთს მიანიშნა, რომ მე კი არ გავცემ ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანებას, მე კი არ ავაფეთქებ, მაგრამ ომია და ომის დროს შეიძლება ჩვენმა ან უკრაინელმა სამხედროებმა შემთხვევით ჭურვი ესროლონ ატომურ სადგურს, რომელიც მოხვდება ბირთვულ რეაქტორს და კატასტროფა მოხდებაო. აი, ეს არის პუტინის შანტაჟი.
მით უმეტეს, ზაპოროჟიეში კადიროველებმა ტანკიდან ესროლეს ატომურ სადგურს და საბედნიეროდ, ჭურვი მოხვდა სასწავლო ცენტრს, ხანძარი მალე ჩააქრეს და რეაქტორამდე არ მიუღწევია. მანამდე რუსებმა დაიკავეს ჩერნობილისა და ხერსონთან მდებარე ატომური ელექტროსადგურები, კიდევ ერთი არის კიევთან და ერთიც ვინიცაში, თუ არ მეშლება. რუსეთის გეგმაა ხუთივე ატომური სადგური ჩაიგდოს ხელში და ამით აშატნაჟოს დასავლეთი. ამ არგუმენტს რა ამყარებს იცით, კიდევ? როდესაც რუსებმა ხერსონთან ახლოს მდებარე ატომური სადგური დაიკავეს, იქ შევიდნენ გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმები. ეს სპეცრაზმები შეიქმნა იმიტომ, რომ ომის შემთხვევაში, მოწინააღმდეგის სიღრმეში უსაფრთხოდ დაიკავონ ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის სპეციალიზირებული ცენტრები, მათ შორის, ატომური ელექტროსადგურები. მათ აქვთ შესაბამისი უნარები, გავლილი აქვთ წვრთნები, აქვთ გამოცდილება, ბირთვული ობიექტების დაცვის, ასევე, მათი დაკავებისა. რატომღაც, გრუ-ს ეს სპეცრაზმები არ გამოიყენეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების შემთხვევაში, როდესაც ამის პრობლემა არ ჰქონდათ და შეიყვანეს კადიროვის დანაყოფები, რომელთაც მსგავსი ობიექტების უსაფრთხოდ დაკავების არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. როგორ ფიქრობთ, რუსეთის გენშტაბმა უნებლიე შეცდომა დაუშვა? ეს გამორიცხულია. კი, ეს არის ბირთვული შანტაჟი რუსეთის მხრიდან და ამან იმოქმედა დასავლეთის განწყობაზე. შესაბამისად, უკრაინის დახმარების ფაქტორთან დაკავშირებითაც. მით უფრო, ჩერნობილის კატასტროფის შედეგები დღემდე მწარედ ახსოვთ პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთს, გერმანიას, ავსტრიას და პრაქტიკულად, მთელ ევროპას.
– რუსეთის სამხედრო დანაკარგი, როგორც ცოცხალი ძალისა, ასევე, სამხედრო ტექნიკისა, რამდენად მძიმე და სერიოზულია რუსეთისთვის? ცხადია, უკრაინის მხარის მონაცემებს ვეყრდნობი, რადგან რუსეთმა მხოლოდ ერთხელ გამოაცხდა ცოცხალი ძალების დანაკარგების შესახებ და რეალურ ინფორმაციას რომ მალავს, ამაზე უკვე რუსეთის დუმაში ლაპარაკობენ. თუ უკრაინულ მონაცემებს დავეყრდნობით, რომლის მიხედვითაც რუსეთის ჯარების ცოცხალი დანაკარგი 10 000 კაცზე მეტია, გამოდის, რომ კარგად იბრძვიან უკრაინელები.
– არა, უკრაინელები რომ მედგრად და პროფესიონალურად იბრძვიან, ამაში ეჭვის შეტანა არ ღირს. ჯერ ერთი, უკრაინაში რუსეთის პირველი ეშელონი 60 000ñიანი დაჯგუფების სახით შევიდა. პუტინმა გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფები საბატალიონე დონისა. ანუ ეს იყო კარგად გაძლიერებული საბატალიონე ჯგუფები, რომელთაც მხარს უმაგრებდა ოპერატიულñტაქტიკური ავიაცია და არა საარმიო და სტრატეგიული ავიაცია. ოპერატიულñტაქტიკური ავიაცია ნიშნავს, რომ ძირითადი საჰაერო უზრუნველყოფის კომპონენტს შეადგენენ დამრტყმელი ვერტმფრენები და საფრონტო ბომბდამშნები, ისიც, შეზღუდული რაოდენობით. ასევე, პუტინს ეგულებოდა დონბასელი სეპარატისტების პირველი და მეორე საარმიო კორპუსების შენაერთები, რომელთა სრული დაკომპლექტება მოხდა ამ კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ამით, ამ 60 000 -იან დაჯგუფებას შეემატა 30 000 კაციანი შენაერთები – სულ 90 000. ტანკების რაოდენობა იყო 500, 3 000 ჯავშანმანქანა, 3 000 საარტილერიო ზალპური – სარაკეტო სისტემები. ძირითადად, ეს იყო რუსეთის შეიარაღება კონფლიქტის დაწყებამდე. დამხმარე ძალად მოიაზრებოდა ანალოგიური ტაქტიკური ჯგუფის შექმნა ბელორუსის მიმართულებით, რომელთაც მეორადი ამოცანები უნდა შეესრულებინათ. რუსეთი შეტევას ანხორციელებდა 3 ძირითადი მიმართულებით. პირველი – ბელგოროდი, ხარკოვი და დნეპროპეტროვსკი. მეორე – დონეცკი, კრემატორსკი და ზაპოროჟიე და მესამე – ყირიმული დაჯგუფება, რომლის მიზანი იყო ხერსონის, ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით შეტევის განხორციელება.
ამ, პირობითად ოპერატიული დაჯგუფებების ამოცანა იყო ძალიან მარტივი. მთლიანად დონბასისა და ხარკოვის რეგიონების დაკავება. ფაქტიურად, უკრაინის ყველაზე ბრძოლისუნარიანი, გაერთიანებული ოპერაციების ფარგლებში მოქცეული 100 000 კაციანი დაჯგუფების ალყაში მოქცევა და მისი განადგურება. პლუს, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ალყაში მოქცევა და განადგურება. ასევე, მარიუპოლის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის დაკავება და რა თქმა უნდა, ნიკოლაევისა და ოდესის საზღვაო აკვატორიების დაკავება. აი, ეს იყო ამოცანა ამ დაჯგუფებებისა. ხარკოვს და დნეპროპეტროვსკს ჰქონდათ ძალიან დიდი მნიშვნელობა. სხვათაშორის, ამ ქალაქებს რომ დაიკავებდა რუსეთი, პუტინს ჰქონდა იდეა, რომ უნდა შექმნილიყო უკრაინის ახალი ფედერაციული რესპუბლიკა და მისი დედაქალაქი უნდა ყოფილიყო ან ხარკოვი, ან დნეპროპეტროვსკი. ამ ამოცანას თუ მიაღწევდა, კიევს, ლვოვს და სხვა ქალაქებს ექნებოდათ მისთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა და ამ ვითარებაში ზავს შესთავაზებდა დარჩენილი უკრაინის ხელისუფლებას. მოკლედ, შუაზე ჰყოფდა უკრაინას და აღმოსავლეთ უკრაინას სრულად გააკონტროლებდა. დასვამდა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ მმართველობას და მეორე ეტაპზე ჯარით შევიდოდა ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში. 25 თებერვალს დაიწყო ეს, როგორც თავად ამბობენ, სპეცოპერაცია და 2 მარტს უნდა დასრულებულიყო. დღეს უკვე 6 მარტია და მარტო ერთ დიდ ქალაქს, ხერსონს აკონტროლებს რუსეთი. ომის დაწყების მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ პუტინის ამ გეგმებს შეექმნა სერიოზული პრობლემები. იმიტომ, რომ რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკურმა ჯგუფებმა, ვერ შეძლეს თავიანთი ამოცანების შესრულება და დნეპროპეტროვსკს ვინ ჩივის, ხარკოვისა და მარიუპოლის აღება ვერ მოახერხეს. ამასთან, დონბასში სეპარატისტულ ძალებს შეექმნათ პრობლემა, დღეში 6-8 კილომეტრზე მეტს ვერ მიიწევდნენ წინ, რაც სრული ჩავარდნა იყო. მერე პუტინმა შეცვალა გეგმა და კიევის მიმართულება გახადა პრიორიტეტული, კიევის აღება გადაწყვიტა. ამით შეეცადა გამოესწორებინა ჩავარდნა,რაც ხარკოვისა და დნეპროპეტროვკის ვერ აღებაში გამოიხატა.
– ომი მეორე კვირაა გრძელდება და ხერსონის გარდა სხვა დიდი ქალაქი ვერ აიღეს, ყველგან მედგარ წინააღმდეგობას აწყდებიან რუსი სამხედროები.
– კი, უკრაინელები ეფექტურად იბრძვიან. თუმცა, სტრატეგიული ინიციატივა ჯერ კიდევ რუსეთის ხელშია, ჰაერში და ზღვაში დომინანტები არიან, მაგრამ ხმელეთზე ტაქტიკური უპირატესობა უკვე გადავიდა უკრაინელების ხელში. თუ ვიმსჯელებთ იმ დანაკარგებით, რასაც უკრაინული მხარე აცხადებს, არა მგონია, ზუსტი იყოს, რადგან ომის დროს, ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი მხარე აზვიადებს მოწინააღმდეგის დანაკარგებს და ეს საინფორმაციო ომის ნაწილია. თუმცა, რუსეთს სერიოზული დანაკარგები რომ აქვს, ეს ფაქტია. რუსეთის სამხედრო სარდლობას, როდესაც სტრატეგიული დონის ოპერაციას გეგმავდა, აქ ვფიქრობ, გათვლილი ჰქონდა 20%ñიანი დანაკარგები. ახლა გამოთვალეთ, რამდენი დანაკარგები აქვს პუტინს, თუნდაც უკრაინულ მხარეს რომ დავუჯეროთ. ამ ეტაპზე 20% ნამდვილად არ არის, რადგან 90 000 სამხედრო შენაერთების 20% 18 000 მებრძოლი გახლავთ. ამ მხრივ, რუსეთი, შეიძლება ითქვას, წინასწარ გათვლილი გეგმაში ჯდება. დაახლოებით 10 პროცენტიანი დანაკარგები აქვთ -10 000 კაცი, ისიც უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით.
ინტერვიუ ჩაწერილია 6 მარტს.
კომენტარები