ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
“⭕️ აქა ამბავი სამმაგად დაკიდებული საქართველოს მოქალაქისა…
⭕️ 53 წლის საქართველოს მოქალაქე, გენადი ბესტაევი, რომელმაც ცხინვალის ციხეში თითქმის სამი წელი გაატარა, დღეს დაკრძალეს.
ახლა ვნახოთ, რა დგას ამ მშრალი აბზაცის უკან.
რა დგას და სამმაგად დაკიდებული კაცის უაღრესად დამაფიქრებელი ისტორია.
რატომ სამმაგად?
იმიტომ რომ გენადი ბესტაევი, ეთნიკურად ოსი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა არ დათმო, დაიკიდა ჯერ რუსეთის ფსბ-მ (სასაზღვრო ნაწილმა), მერე, რა თქმა უნდა, დაიკიდა ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა და, რაც ყველაზე მთავარია, დაიკიდა საქართველოს ხელისუფლებამ, იმ ქვეყნის ხელისუფლებამ, რომლის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გენადი ბესტაევი ახლა ჯანმრთელი და უზრუნველყოფილი იქნებოდა ცხინვალში და მასზე, ელემენტარულად, ვერაფერს გავიგებდით, ნიუსების ობიექტი არ გახდებოდა.
⭕️ 2008 წლის ომამდე გენადი ბესტაევი, ცოლ-შვილთან ერთად, სოფელ ზარდიანთკარში ცხოვრობდა. ომის შემდეგ ცოლ-შვილი ცხინვალში წავიდა, გენადი სოფელში, სახლში დარჩა.
⭕️ ზედ მის ჭიშკართან, ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი მონიშნეს და მავთულხლართი პირდაპირ ღობის პარალელურად გააბეს – სახლი და ეზო უნდოდათ. მაგრამ ბესტაევი ურჩი იყო, ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავდა, რომ ისინი დიდად გულზე არ ეხატებოდა.
⭕️ ზოგჯერ მერეთში, დასთან მიდიოდა, მაგრამ მუდამ უკან ბრუნდებოდა. ოკუპანტებს ისე ჰქონდათ მოწყობილი, რომ ქუჩაში გასვლა “საზღვრის დარღვევას” ნიშნავდა, მაგრამ გასვლისას კი არ აკავებდნენ, უკან დაბრუნებისას აკავებდნენ ამ “საზღვრის” დარღვევისთვის.
⭕️ აკავებდნენ – აჯარიმებდნენ, აკავებდნენ – აჯარიმებდნენ და ასე თუ არ ვცდები, ხუთჯერ თუ ექვსჯერ მოხდა…
⭕️ როცა მიხვდნენ, წამსვლელი არააო, ბოლოს, 2019 წელს, დააკავეს და ჯიბეში მარიხუანა “უპოვეს”. სახლშიც “უპოვეს” და დის სახლიდან დაბრუნებულს, თუ მიხვდებით, დაკავებისას, რა მუხლი წაუყენეს? ნარკოტიკის კონტრაბანდული გადატანა….
⭕️ გაასამართლეს და მიუსაჯეს 3 წელი. გადაიყვანეს ცხინვალის ციხეში. მიუსაჯეს თუ არა, ყველამ დაივიწყა ხელისუფლებიდან: არცერთ ანგარიშში არ ხვდებოდა, მასზე არ ლაპარაკობდა არავინ, მისი დისა და დათო ქაცარავას დაარსებული “ძალა ერთობაშიას” გარდა, რომელმაც ცალკე კლიპიც დაამზადა, აქციაც გამართა (რამდენიმე ათეულმა კაცმა შეიწუხა თავი მხოლოდ, მაგრამ მაინც). კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გენადი ბესტაევს მხარდაჭერას უცხადებდა და მასზე ლაპარაკობდა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იყო.
⭕️ არადა, საქართველოს ხელისუფლებას 2019 წლიდანვე უნდა აეტეხა განგაში, შეექმნა პრეცენდენტი, როგორ იცავს ეთნიკურ ოსს, ქვეყნის მოქალაქეს, ოსებისა და რუსების ერთობლივი, ანტიჰუმანური რეჟიმებისგან…
⭕️ დაავადდა კაცი. ერთი ოპერაცია ცხინვალში გაუკეთეს, კიდევ უარესად გახდა, სხვა დაავადებებიც განუვითარდა და უკვე მძიმედ იყო, მაგრამ მაინც არ ათავისუფლებდნენ. როცა მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ცხინვალში ჩვენი კატასტროფის ბრიგადა შეუშვეს, რომ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად კლინიკაში გადმოეყვანათ.
და უკვე იმდენად გვიან იყო, რომ აქაც ვერ უშველეს…
⭕️ ამ ისტორიის ყველაზე სიმბოლური ორი დეტალი, რომელიც ყველაფერზე მიანიშნებს, ისაა, რომ
1. “პრეზიდენტმა” ბიბილოვმა გენადი ბესტაევი უკვე კომაში მყოფი, მაშინ შეიწყალა, როცა რეანომობილით თბილისში მოჰყავდათ…
2. გასვენებაში საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ მისულა…
მშვიდობით, გენადი.
და ბოდიში…”
კომენტარები