ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, არც ხელისუფლება იხევს უკან და არც პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობოები და საზოგადოების ნაწილი. პარტია „ლელოს“ ინიციატივა აქვს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას. ასეთ შემთხვევში, დესტაბილიზაციამდე ხომ არ მივა საქმე? ფაქტია, ძალიან იძაბება ვითარება…
– ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს ისტორიაში. აქ უკვე „ენჯეოებში“ არ არის საქმე. აქ იმაშია საქმე, რომ დასავლეთი ცალსახად გვეუბნება, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ფაქტობრივად, გზა დაგვეკეტება ევროკავშირისკენ. თავისთავად ნატოსკენ. ეს უკვე კონსტიტუციური საკითხია. გამოდის, რომ ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას კონსტიტუციური მოწყობის წინააღმდეგ, რადგან კონსტიტუციაში გარკვევით სწერია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო–ს წევრი. ხელისუფლება ბატონი ხომ არ არის, მისი შეხედულებებით მართოს ქვეყანა, მისი სურვილის მიხედვით გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, კაცმა არ იცის, რამდენი ათეული წლით თუ მეტით?! ხელისუფლება არის კონსტიტუციის გარანტი, უნდა აღასრულოს კონსტიტუცია. თუ ხელისუფლების ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ის აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას. შესაბამისად, ამ დროს ირთვება ე.წ. პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას ცოტა ხნით, რომ აიძულოს ხელისუფლება, დაბრუნდეს კანონიერების ფარგლებში, აღასრულოს კონსტიტუციური ვალდებულებები და თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მერე ჩამოაშოროს ის ძალაუფლებას. ასე მუშაობს დემოკრატია, სხვაგვარად არ მუშაობს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ეს არის ძალიან მწვავე და დრამატული მომენტი. ხელისუფლება კი ამბობს, ოპოზიცია აწყობს რევოლუციასო, მაგრამ ოპოზიცია არანაირ რევოლუციას არ აწყობს. ხელისუფლების წარმომადგენლები თავად არიან პუტჩისტები, სახელმწიფო გადატრიალებას თვითონ აწყობენ, რადგან მათი ქმედებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამაშია პრობლემა და შესაბამისად, ეს ძალიან სახიფათო მომენტია. რაც შეეხება მეთოდს, თუ როგორ უნდა აიძულოს ხალხმა ხელისუფლება კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში დააბრუნოს, მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებლად აქციები უნდა გაიმართოს. ეს აქციები უკვე გამოვიარეთ. მე ვფიქრობ, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქტია ჩასატარებელი. ჩვენ ვამბობთ და მოცემულობაც ასეთია – უმრავლესობას უნდა ევროკავშირში, ხელისუფლება ამის ტორპედირებას ახდენს. მაშინ არის არაძალადობრივი დაუმორჩილებლობის აქტები განსახორციელებელი. აი, მაგალითისთვის გეტყვით, ერთდღიანი გამაფრთხილებელი საყოველთაო გაფიცვა. თავიდან ამით უნდა დავიწყოთ. ამას სჭირდება ორგანიზება და ოპოზიციას სამუშაო აქვს. ხალხში ნდობა მათაც დაკარგული აქვთ, ხალხი მათაც არ ენდობა და ეს ნდობა დასაბრუნებელი აქვთ.
– უკეთეს შემთხვევაში, კერძო სტრუქტურების თანამშრომლები გაიფიცებიან, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები შიშით ვერ გაიფიცებიან, გაყრიან მერე იმ სამსახურებიდან, არა?
– გასაგებია, მაგრამ იმ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულ ხალხს უნდა ავუხსნათ, როგორი მომენტია, ქვეყნისთვის გადამწყვეტი პერიოდია. დღეს შეიძლება აქვთ ერთი–ორი კაპიკი ხელფასის სახით, მაგრამ ხვალ ყველაფერს დაკარგავენ და ეს უნდა გაიგონ. თუ ეს გზა ჩაგვეკეტა, ეს მარტო თავისუფლებას არ შეეხება, ხალხს და იმ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებსაც შეეხებათ. ხვალინდელ დღესა და საკუთარი შვილების მომავალზე თუ ფიქრობენ საჯარო მოხელეები, მათაც უნდა აიმაღლონ ხმა, სხვანაირად არ გამოვა. აქაც ბევრი სამუშაო აქვს ოპოზიციას, რომ ეს ხალხი ამაში დაარწმუნოს.
– გამაფრთხილებელ გაფიცვას შემდეგ რა უნდა მოჰყვეს? რა უნდა იყოს ხალხის შემდეგი ნაბიჯი?
– თუ მოეგება გონს ხელისუფლება, ცხადია, კარგი იქნება. თვითმიზანი ხომ არ არის ხელისუფლების სახლში გაშვება, მიზანი კონსტიტუციური წესრიგის აღდეგენაა. ხელისუფლებას ამ დროს აქვს მანევრის საშუალება, შეუძლია უკან გაიწვიოს ეს „აგენტების კანონპროექტი“ და დაამთავროს ამით ყველაფერი. თუ ეს არ გააკეთა, მერე უფრო მწვავე ფორმები იქნება გამოსაყენებელი, ასე მუშაობს პირდპირი დემოკრატია. ხალხის უფლებაა, რომ ხელისუფლება აირჩიოს ან სახლში გაუშვას. მეტიც, ეს ხალხის ფუნდამენტური უფლებაა. ეს გარანტირებულია ჩვენი საერთაშორისო ხელშეკრულებებითაც და ჩვენი კონსტიტუციითაც… ხალხს ვერავინ გაამტყუნებს, ხალხმა ხელისუფლებას მისცა დავალება, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამ დროს ხელისუფლება იწყებს უკუქმედებას. ის კი არა, რომ ამისთვის ყველაფერს არ აკეთებს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი მოუსპოს და ამ ეტაპზე საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის მიღება ჩაშალოს. ხელისუფლება ისეთ ქმედებებს ანხორციელებს, რაც ამ გზის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, ხალხის საპროტესტო ქმედებებიც გამართლებული იქნება, რადგან ამ ხალხისა არ ეყურება ხელისუფლებას. ეს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში მომხდარა, კონკრეტული პროტესტისას, ხელისუფლებებს რომ არ სიამოვნებთ, იმგვარი მეთოდების გამოყენება.
– ეს კანონი თუ გაიტანეს, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? კონსტიტუციდან 78–ე მუხლის ამიღება, რომლის თანახმადაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაცია უნდა მოხდეს? თუ მანამდე კიდევ რამე უბედურებას გააკეთებენ?
– საერთოდ, ავტორიტარულ სისტემებს ახასითებთ ბულემია. ეს ნაბიჯი, რეალურად, „ენჯეოების“ წინააღმდეგ კი არა, დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლება რას გვეუბნება? ეს „ენჯეოები“ ხომ უცხოეთის, დასავლეთის ქვეყნების აგენტები არიან და მაგათი მიზანი ქვეყნის დანგრევა და დაქცევაა, მაგრამ ისინი ხომ დასავლეთმა დაიქირავა და ფულს უხდის საქართველოს გაპარტახებისთვისო. ჰოდა, მთავარი მტერი ის დასავლეთია, ევროპა და ამერიკა არიან მტრებიო. შესაბამისად, ამ კანონის მიღების მიზანი მარტო „ენჯეოების“ გაკონტროლება კი არ არის, ხალხში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებაა, ადამიანების დარწმუნება, რომ იმათ აქვთ რაღაც ბნელი მიზნები და ამისთვის დაიქირავეს აგენტები და აქვთ აგენტურული ქსელი. ეს კანონი მთლიანად დასავლეთის, ჩვენი ევროპული ვექტორის წინააღმდეგ არის მიმართული. დასავლეთი ასე აღშფოთებული რატომ არის? მარტო „ენჯეოებს“ არ იცავენ, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ამ ქვეყანაში სდებენ ფულს, რომ რაღაც გაკეთდეს, ჩვენი ხელისუფლება გამოდის და ამბობს, ამ ფულით აგენტურად ქირაობენ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ზიანი მოაყენონო.
– პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ კანონს თუ მიიღებენ, მისთვის ვეტოს დადებას აპირებს. ეს რას შეცვლის? ხომ მარტივად გადალახავენ პრეზიდენტის ვეტოს?
– ეს უკვე დიდი პოლიტიკური პროცესია, სახელმწიფოებრივი პროცესი. ახლა არის პირდაპირი დემოკრატიის დრო. ნახევარტონები გამქრალია, ყველა ლუსტრირებულია, ფრონტის ხაზი გავლებულია. აქ უკვე ვეტოს გადალახვენ, არ გადალახავენ, ეს უკვე აღარ არის მთავარი, თუმცა, ვეტოს გადალახავენ. ამას უბრალო უმრავლესობა სჭირდება პარლამენტში და ეს უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“. ახლა ხალხის ნებაა წინა პლანზე წამოსაწევი და არა ის, რომ მათ მეტი კუნთები აქვთ და ყველას მოერევიან.
– ბატონო გია, საყოველთაო დაუმორჩილებლობა რომ დაიწყოს ქვეყნაში, ეს საქმე მივა თუ არა ბოლომდე? სადაც „ნაცები“ გამოჩნდებიან, ყველა აქციის, პოლიტიკური და სახალხო პროტესტის დისკრედიტაცია ხდება. არ უნდა ხალხს მათ გვერდით დგომა და ვერც ვამტყუნებ. იგივე არ მოხდება ამ შემთხვევაშიც?
– გასაგებია, რომ ხელისუფლებას აქვს მატრიცა და შეეცდება, ყველაფერი ამ ჩარჩოში მოაქციოს. ამიტომ, მეტი სიბრძნეა საჭირო, სწორი ტაქტიკა და მოქმედებებია საჭირო.
– საჭირო გახდება „ნაცების“ ამ პროცესებიდან გარიდება, რათა პროცესი არ ჩაკვდეს?
– გარიდება ვერ გამოვა, ხომ ვერ ეტყვი, წადიო. მით უმეტეს, საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე ვლაპარაკობთ. ან სადღაა „ნაცმოძრაობა“, ფაქტიურად აღარ არის ეს პარტია და მათი შერწყმა მოხდა „ქართულ ოცნებასთან“. ყველაზე მამალი „ნაცები“ პარლამენტში სხედან „ქართული ოცნების“ რიგებში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ–მაღალი პოსტები უკავიათ.
კომენტარები