შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის დაკავების შესახებ იუწყება. შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში ბრალდებულის სახით დააკავეს 1992 წელს დაბადებული ი. მ.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა”.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაახლოებით 220 დღეა, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
კომენტარები